უფასო ვაშლების შემდეგ, უფასო კვება – რას გეგმავს განათლების სამინისტრო სკოლებში ბავშვთა კვების მოსაწესრიგებლად?
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, პოსტპანდემიურ პერიოდში, მას შემდეგ, რაც ბავშვები სკოლაში დაბრუნდებიან, სასკოლო კვების პროექტის განხორციელებას გეგმავს. ინიციატივის შესახებ რამდენჯერმე გაჟღერდა პარლამენტში 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის განხილვისას, თუმცა კონკრეტულად რას გეგმავს ამ მიმართულებით სახელმწიფო, სკოლის რომელ საფეხურს შეეხება უფასო კვების პროექტი, ან სხვა დეტალები არ დაკონკრეტებულა.
პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ პროექტი გაეროს ბავშთა ფონდთან UNICEF თანამშრომლობით ხორციელდება და ის პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.
„ბავშვთა სიღარიბისა და არასრულფასოვანი კვების აღმოსაფხვრელად, განათლების სამინისტრო იუნისეფთან ერთად და ამაში კომიტეტის როლიც მნიშვნელოვანი იქნება, მუშაობს ბავშვთა სასკოლო კვების პროგრამაზე. ეს არის ფინანსურად მძიმე პროგრამა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ამ ეტაპზე აუცილებელი. მით უმეტეს, პოსტ პანდემიურ პერიოდში, როცა ბავშვთა სიღარიბემ შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი ხარისხი მიიღოს და სასურველია თუნდაც დაწყებით კლასებში პირველ ეტაპზე ჩვენ ეს შევძლოთ. მე მინდა ბატონ მიხეილს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ის აქტიურად მუშაობს ამ პროგრამის განხორციელებაზე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
პროექტის დეტალების გასარკვევად EDU.ARIS.GE UNICEF-ის საქართველოს ოფისს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ სამინისტროსთან ერთად ნამდვილად მუშაობენ სასკოლო კვების გაუმჯობესების პროექტზე, თუმცა რადგან ამ ეტაპზე სამუშაო რეჟიმში არიან, დეტალებს საჯაროდ ვერ გაახმაურებენ.
ოფიციალური პირებისგან ბავშთა კვების საკითხზე ამ დროისთვის ვიცით, რომ ის პირველ ეტაპზე შესაძლოა სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შეეხოს და დიდ ფინანსებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ბიუჯეტის და ხარჯების სავარაუდო მოცულობა ჯერ არ კონკრეტდება.
„ბავშვთა კვება უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან და UNICEF-თან ერთად დაწყებული გვაქვს უკვე ამაზე მუშაობა. ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა და განსაკუთრებით აქტუალური გახდა ახლა. UNICEF-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება გვაქვს შემუშავებული და კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს. რასაკვირველია, კომიტეტთან ერთად უნდა გავიაროთ საკითხი, რადგან ეს დაკავშირებულია სერიოზულ ფინანსებთან“, – აღნიშნა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
საჯარო სკოლებში ჯანსაღი კვების ელემენტების შეტანა რამდენიმე წლის წინ, განათლების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სცადა, რომელმაც სკოლაში მოსწავლეებს უფასოდ ვაშლის მირთმევა შესთავზა, თუმცა ეს პროექტი მისი პოსტიდან წასვლის შემდეგ აღარ გაგრძელებულა. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უფასო კვების პროექტი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო გეგმების ნაწილიც იყო, მაგალითად ამ საკითხზე დიდი ხანია საუბრობენ „ლეიბორისტული პარტიის“ და “პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები.
რაც შეეხება მშობლებს, ისინი სკოლებში კვების საკითხის მოწესრიგების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა ფიქრობენ რომ ამ ეტაპზე რთული განსახორციელებელი იქნება.
„არსებობს ამაზე საერთოდ ლაპარაკი? არ ვიცოდი. ბაღებში როგორც მოწმდება ასევე თუ იქნება კონტროლი, რატომაც არა, ძალიან ბევრი ოჯახისთვის იქნება შეღავათი. ჩემი შვილი ვიცი არაფერს შეჭამს, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, გონებრივი მუშაობა შესაბამის კვებას მოითხოვს და აუცილებელია მოზარდისთვის. კარგი იქნება თუ ექნებათ მოსწავლეებს არჩევანი, მაგალითად თუ არ მოეწონება უფასო მენიუ, თავად იყიდოს სასურველი“, – ამბობს მეორე კლასელი მოსწავლის დედა ნათია არაბული.
„მე, მაგალითად ე.წ ბუფეტის საკვებს ვერასდროს ვენდობი, როცა იყიდა და ჭამა ბავშვმა ყოველთვის ფაღარათი დაემართა, ამიტომ არ ვსარგებლობდით, მერე სულ დახურეს სკოლის ბუფეტი. ზოგადად, სკოლაში ბავშვის კვების საკითხზე ყოველთვის ვნერვიულობ, სახლიდან რაღაცას გაატან, მაგრამ ეს არ არის ის ულუფა, რაც ბავშვს სჭირდება. ამიტომ თუ სათანადოდ მოწესრიგდება ეს საკითხი ძალიან კარგი იქნება და ასევე უკეთესი იქნება თუ ბავშვებს ასწავლიან და აუხსნიან ჯანსაღი კვების მნიშვნელობას. ამ პანდემიის და კრიზისის პირობებში მეეჭვება შეძლონ, თუმცა იმხელა თანხები იხარჯება განათლებაზე ჯობია ასეთ სფეროებზე მიმართონ ფინანსები, რატომაც არა“, – ამბობს კიდევ ერთი მშობელი.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება