საქართველოში მოსწავლეების უფასო კვების სამუშაო მოდელი მზადაა – რა ეტაპზეა 2 წლის წინ დაანონსებული პროექტი
საქართველოში მოსწავლეების უფასო კვების პროგრამის დაწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჯერ კიდევ შარშან დააანონსა. მთავრობა, პოსტპანდემიურ პერიოდში, მას შემდეგ, რაც ბავშვები სკოლაში დაბრუნდებოდნენ, სასკოლო კვების პროექტის განხორციელებას გეგმავდა. ეს ინიციატივა რამდენჯერმე გაჟღერდა პარლამენტში 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის განხილვისას დროსაც (მათ შორის განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მიერ), თუმცა სხვა დეტალები არ დაკონკრეტებულა. ვიცოდით მხოლოდ ის, რომ პროექტი საქართველოს მთავრობისა და გაეროს ბავშთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით ხორციელდებოდა და როგორც კი დაანონსდა, EDU.ARIS.GE მაშინვე შეეცადა გაერკვია, რა ღონისძიებები იგეგმებოდა სკოლებში უფასო კვების უზრუნველსაყოფად, თუმცა მაშინ ამ მიმართულებით მომუშავე მხარეებმა დეტალებზე ვერ ისაუბრეს. საკითხით კიდევ ერთხელ დაინტერესება მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა, თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში, ახლა უკვე თბილისის სკოლის მოსწავლეების უფასო კვების შემოღებაზე გაააქტიურეს საუბრები.
EDU.ARIS.GE დაუკავშირდა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს და განათლების სამინისტროს. შევეცადეთ, პირველ წყაროსთან გადაემოწმებინა როგორია ორწლიანი მუშაობის შედეგები. UNICEF-ის საქართველოს ოფისში აცხადებენ, რომ მართალია, საკითხზე მუშაობა 2019 წლიდან დაიწყო, თუმცა 2020 წელს პანდემიამ პროცესი შეაფერხა.
UNICEF-ის ნუტრიციისა და ჯანდაცვის სპეციალისტი თაკო უგულავა დეტალურად გვიყვება იმ სამუშაოზე, რაც ამ მიმართულებით 2 წლის განმავლობაში ჩატარდა. მისი თქმით, შექმნილია სასკოლო ნუტრიციის სამუშაო მოდელი, რომლის განხილვაზეც იმუშავებს სპეციალური ჯგუფი UNICEF-ის, მთავრობის წარმომადგენლების, დეპუტატებისა და სამოქალაქო საზოგადოების შემადგენლობით. ამ სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრაც უკვე შედგა, რომელსაც ეკონომიკისა და ფინანსთა უწყებები არ დაესწრნენ იმ მოტივით, რომ მათი ჩართულობა ამ ეტაპზე ადრეა. ფინანსური და ეკონომიკურ ასპექტებზე სამსჯელოდ ისინი დისკუსიაში ჩასართავად მზად არიან, როგორც კი მოდელის მონახაზი გაჩნდება.
თაკო უგულავა: ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით დავიქირავეთ საერთაშორისო ექსპერტი, ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორი იჰაბ ტელფიტი, რომელსაც ნუტრიციული პროგრამების დანერგვის დიდი გამოცდილება აქვს. მან ერთ მოდელში გააერთიანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, თუ როგორ ოპერირებს ნუტრიციული პროგრამები განვითარებულ ქვეყნებში, რითაც დავინახეთ, რას გვაჩვენებს საერთაშორისო პრაქტიკა. სწორედ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ჩვენს პარტნიორ ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრთან ერთად, ასევე იჰაბ ტელფიტის ჩართულობით, შევქმენით მოდელი, რომელშიც ქართული კომპონენტებიც არის გათვალისწინებული. ანუ საერთაშორისო პრაქტიკა მოვარგეთ ქართულ რეალობას. ამ ეტაზე შემიძლია გითხრათ, რომ შექმნილია მოდელი, რომელიც მხოლოდ სამუშაო ვერსიაა და არამც და არამც საბოლოო ვარიანტი.
– რამდენად რეალურია ამ პროექტის ჩაშვება საქართველოში და რა დროშია ეს შესაძლებელი?
– მოდელმა კარგად წარმოაჩინა, თუ რა მასშტაბის სამუშაო აქვს ქვეყანას ჩასატარებელი, რომ მოვახერხოთ მოზარდების უფასო კვება სკოლებში. ჩვენი მიზანიც ეს იყო, საწყის ეტაპზე ამ მოდელით გასაგები უნდა გამხდარიყო გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, რა მასშტაბის სამუშაოა ჩასატარებელი, რამდენნაირი მიმართულებითაა სამუშაო და რამდენ საკითხზეა გადაწყვეტილებები მისაღები. გაწერილი პოლიტიკის დოკუმენტი წარვუდგინეთ ჯანდაცვის სამინისტროს, როგორც ამ იდეის ინიციატორს. შემდეგ გადაწყდა რომ შექმნილიყო სამთავრობო სამუშაო ჯგუფი, რომელშიც, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, შევიდოდა განათლების, ასევე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები და პარლამენტის ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტი, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წევრები.
– რამდენად ინტენსიურადაა ჩანიშნული ამ ჯგუფის შეხვედრები, რადგან დამეთანხმებით, რაც მალე დაიწყება პროექტი, მით უფრო მალე მოუგვარდება სრულფასოვანი კვების პრობლემა ათასობით მოზარდს საქართველოში…
– პირველი შეხვედრა უკვე შედგა. კარგი დისკუსია გამოვიდა. ეს იყო ძირითადად გაცნობითი სახის შეხვედრა. ამ შეხვედრის მიზანი რამე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება არც ყოფილა. დაიგეგმა სამუშაო ჯგუფის ფორმალიზება, გაიწერა შეხვედრებისთვის გეგმა და მიზანი. ამ წუთში ვმუშაობთ იმაზე, რომ შეთანხმებული დებულებების დოკუმენტი შევადგინოთ, ანუ, რა უნდა გააკეთოს, რაზე უნდა იმუშაოს სამუშაო ჯგუფმა. ამ დოკუმენტს დავასრულებთ 2-3 დღეში და დავაცირკულირებთ, დავურიგებთ ყელა უწყებას, რომ მათაც თავიანთი კომენტარები დადონ. ამის შემდეგ წარვადგენთ მას მინისტრთა კაბინეტში. პირველი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. ბრძანებების დონეზე დაინახეს რა ზღვა სამუშაოა ჩასატარებელი.
– აქტიურობს უფასო სასკოლო კვების მოდელის განხილვისას მთავრობა? თუ აქვთ რამე შენიშვნები, წინადადებები? ჩქარობენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს პროექტი?
– საკმაოდ აქტიურია ხელისუფლება. სამინისტროებს აქვს კითხვებიც და წინადადებებიც. პირველ შეხვედრაზე მაგალითად დაისვა სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზე საკითხი. იმის გამო, რომ დღეს სასკოლო ინფრასტრუქტურა არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია, ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას, რომ საკვები ბავშვებს მიეწოდოს „ლანჩ ბოქსებით“ პროგრამის დაწყებიდან მინიმუმ 10 წლის განმავლობაში. ისინი დაინტერესდნენ 10 წელი რა პრინციპით განვსაზღვრეთ. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ბავშვების საკვები უმჯობესია დამზადდეს ადგილზე, სკოლებში, რადგან, საკვების ტრანსპორტირების რგოლის ამოგდებით, ნულამდე დადის საკვების გემური თვისებების დაკარგვისა და გაფუჭების რისკი, მცირდება ტრანსპორტირების ხარჯიც. საერთაშორისო პრაქტიკით, სკოლებში ადგილზე საკვების დამზადებას თან ახლავს ბევრი სხვა სარგებელიც: ბავშვები ერთვებიან საკვების დამზადების პროცესში, სწორად კვებასთან ერთად, სწავლობენ ჯანსაღი საკვების დამზადებასაც. თუმცა საქართველოში ეს მინიმუმ 10 წელი ვერ მოხერხდება, რადგან სასკოლო ინფრასტრუქტურა არ იძლევა ამის საშუალებას. ჩვენი სკოლების 70%-ს საერთოდ არ აქვს სამზარეულოები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ამისთვის. ასე რომ, დარწმუნებული ვართ, რომ 10 წელი ნამდვილად ვერ შეძლებს საქართველო საკვების ადგილზე დამზადების მოდელზე გადასვლას.
– უფრო მეტი რომ გვითხრათ ამ „ლანჩ ბოქსებთან“ დაკავშირებით, რას უნდა ელოდნენ მშობლები და მოსწავლეები, რა დახვდებათ „ლანჩ ბოქსებში“?
– რაც შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ, არის ის, რომ „ლანჩ ბოქსები“ გულისხმობს საუზმეს, ხემსს, ლანჩს და თითოეული მათგანი აუცილებლად უნდა იყოს ჯანსაღი საკვები და, რაც მთავარია, ნუტრიციულად დაბალანსებული. რა პროდუქტები იქნება მათში ეს მთლიანად ფასზეა დამოკიდებული. მსოფლიო პრაქტიკით, როგორც წესი, მოსწავლეების საკვებში დომინირებს მარცვლეული, ბურღულეული. ხორცეულიდან უფრო ინტენსიურია ქათმის ხორცი. ხილის და ხორცის მოცულობა პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული ქვეყნის ფინანსურ შესაძლებლობასა და ბიუჯეტის რესურსზე. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს პირობებისთვის საუკეთესო ვარიანტზე. ეს მუშა პროცესია.
– საინტერესოა თუ იმსჯელეთ საპილოტე შერჩევის პრინციპზე? რა პრინციპით შეირჩევა სკოლები, თუ ყველა სკოლაში ერთიანად ჩაეშვება ეს პროგრამა?
– ჩვენ თვლით, რომ მთელ ქვეყანაში ერთდროულად ვერ დავიწყებთ სკოლებში უფასო კვების პროგრამას, ამიტომ, უმჯობესია პილოტის დაწყება. გამოითქვა აზრი, რომ საპილოტედ ავირჩიოთ ისეთი სკოლები, რომლებიც, ფაქტობრივად, მზად არიან ამ პროგრამისთვის და აქვთ მოწესრიგებული საბუფეტე, თუ სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, თუმცა იქვე გამოითქვა ეჭვიც, რომ თუ მზადმყოფი სკოლები შეირჩევა, ვერ მივხვდებით, როგორ მუშაობს პილოტი. ჩვენი შეთავაზებაა, პირველ ეტაპზე უფასო კვებისთვის შეირჩეს სკოლები, რომლებშიც 50 მოსწავლეზე ნაკლები სწავლობს და დანარჩენი სკოლების მხოლოდ დაწყებითი საფეხური, რაც მათთვის (გულისხმობს მთავრობას ავტ.) მისაღები აღმოჩნდა.
– არის თუ არა ნაფიქრი დაფინანსების წყაროებზე? საუბარია მთელი საქართველოს სკოლებისთვის ამ სერვისის შეთავაზებაზე, როგორ აწევს ამას საქართველოს ბიუჯეტი?
– ბევრი კამათი და დავა გვქონდა. ვისაუბრეთ დაფინანსების მოდელებზეც. ვინ უნდა დააფინანსოს ეს პროექტი, სახელმწიფომ თუ კერძო სექტორმა, თუ უმჯობესია შერეული დაფინანსების მოდელის ამოქმედება? განვიხილეთ ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მიდგომაც. ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს სადავეები ამ საკითხში, თუ გადაეცეს ეს ადგილობრივ მუნიციპალურ მთავრობებს. რეგიონული განვითარების სამინისტრომ გამოთქვა აზრი, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროც და სურსათის უვნებლობის სააგენტოც აუცილებლად ჩაერთოს ამ პროცესში, რადგან „ლანჩ ბოქსებით“ უზრუნველვყოფთ კვებას, თუ ადგილზე დამზადდება საკვები, ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია, ექვემდებარებოდეს ხარისხის კონტროლს. ეს იყო პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომლის მიზანი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება არც იყო. ყველა მხარემ დავინახეთ სამუშაოს მოცულობა და საერთო სურათი. ყველამ გამოთქვა მზაობა ამ თემაზე მუშაობისთვის.
როგორ ხედავს მოსწავლეების უფასო კვების მოდელს საქართველოში განათლების სამინისტრო, ამის გასარკვევად EDU.ARIS.GE-მ უწყების პრესსამსახურს ჯერ კიდევ 25 ოქტომბერს მიმართა, თუმცა ამაზე სასაუბროდ ჩვენთვის სპიკერის გამონახვა ვერ მოხერხდა. ალბათ, ჯობდა ეს საკითხი UNICEF გვეკითხა, რადგან, როგორც აღმოჩნდა, იქ მეტი იციან, ვიდრე განათლების სამინისტროში საკითხზე, რომელიც უშუალოდ განათლების სიტემას ეხება და გულისხმობს: 1. სასკოლო ინფრასტრუქტურის ადაპტირებას მოსწავლეთა კვების საერთაშორისო სტანდარტთან და 2. მოსწავლეების უსაფრთხო, ჯანმრთელ და უფასო კვებას, თუმცა UNICEF-ში განათლების სამინისტროს პოზიციის მოკითხვა გვეუხერხულება.
გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო მონაცემებით, საკვების მწვავე დეფიციტის, ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა ორსულთა ანემია, ახალშობილთა მცირეწონიანობა, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთან ასოცირებული თანდაყოლილი ანომალიები, არასრულფასოვანი ძუძუთი კვების გამო და სხვა, საქართველოში ყოველწლიურად 300 ბავშვი იღუპება. ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში 9.4 %, ანუ 77 ათასი ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, ასევე ამ კვლევის შედეგად გაირკვა, რომ „ბავშვიანი ოჯახები არიან უფრო ღარიბნი და დაუცველნი, ვიდრე საზოგადოების სხვა ჯგუფები და არსებული სოციალური დაცვის მექანიზმები, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებს, სათანადოდ ვერ ითვალისწინებს ბავშვების ინტერესებს“.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 27 ოქტომბერს ბიზნეს მედიასთან განაცხადა, რომ მოსწავლეთა უფასო კვების საკითხზე ინტენსიურად იმუშავებენ როგორც გაეროს ბავშვთა ფონდთან, ისე განათლების სამინისტროსთან: “ჩვენთვის პრიორიტეტია ჯანმრთელი ცხოვრების წესი დანერგვა. ჯანსაღი კვება არის ერთ-ერთი მთავარი, რაც ადამიანის ჯანმრთელობას განაპირობებს. მნიშვნელოვანია ბავშვების ადრეულ ასაკშიც სწორი განვითარება და სწორედ ეს პროექტია განხილული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ინტენსიურად ვიმუშავებთ როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე UNICEF – თან. მათთან ერთად პროექტი დეტალურად გაწერილია როგორც კვების მენიუს, ასევე ფინანსურ ნაწილში. ორი წლის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა და ეს უკვე განხილულია”.
ასევე იხილეთ:
უფასო ვაშლების შემდეგ უფასო კვება
მოამზადა ბელა გელაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება