როგორ გადანაწილდება გრანტები აბიტურიენტებზე, რომლებიც 2020 წელს 4 საგანს ჩააბარებენ – დეტალები
2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება, სავალდებულო საგნებიდან მოიხსნა ზოგადი უნარების გამოცდა, შესაბამისად, გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა.
თუმცა არის საგანმანათლებლო პროგრამები, სადაც 4 საგნის ჩაბარება იქნება საჭირო, მათ შორის ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამები, სადაც ასევე 4 საგანი ჩაბარდება.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, როგორ გადანაწილდება სასწავლო გრანტები აბიტურიენტებზე საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, რომელთაც 4 საგნის ჩაბარება მოუწევთ.
ჩვენი კითხვის საპასუხოდ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი ანა მაისურაძე განმარტავს, რომ 2020 წელს სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა აბიტურიენტის მიერ სამ საგანში მოპოვებული აბსოლუტური ქულის მიხედვით:
თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე სამი საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და ისტორია/მათემატიკა) ჩაბარებაა სავალდებულო, გრანტი ამ სამი საგნის ქულების მიხედვით გაიცემა.
თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის 4 საგნის ჩაბარებაა სავალდებულო, ვინაიდან უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დამატებითი საგანი დააწესა, აბიტურიენტი ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას – აბიტურიენტს უფლება აქვს გრანტი მოიპოვოს როგორც ზემოაღნიშნულ სამ საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და ისტორია/მათემატიკა) მოპოვებული აბსოლუტური ქულის, ისე ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში და დამატებით საგანში მოპოვებული აბსოლუტური ქულის შესაბამისად.
იგივე წესი მოქმედებს სამედიცინო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, სადაც ასევე 4 საგნის ჩაბარებაა სავალდებულო. ამ პროგრამებზე აბსოლუტური ქულა გამოითვლება:
1. ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და ბიოლოგიის შედეგების გათვალისწინებით;
2. ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და ფიზიკის/ქიმიის/მათემატიკის (იმის შესაბამისად, თუ რომელი გამოცდა აქვს ჩაბარებული აბიტურიენტს) შედეგების შესაბამისად.
“იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე ოთხი საგნის ჩაბარებაა სავალდებულო, დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას.
ხოლო, თუ ამ საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს პროგრამისთვის გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ საგანში, რომელზეც შესაბამის წელს მეტი თანხა გადანაწილდება.
საგნებზე თანხის თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება საგნების რიგითობა, რომელიც განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით”, – აცხადებს EDU.ARIS.GE– სთან ანა მაისურაძე.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება