როგორ გადავიხადოთ თანხა და რა უნდა ვიცოდეთ – 2024 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დღეს, 4 მარტს, 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge
რეგისტრაციის ვიდეოისნსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:
- პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეციალური პირობა;
- საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;
- საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტს შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა.
გამოცდებთან დაკავშირებულ ყველა ტიპის ინფორმაციას – სიახლეებს, რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ გამოსაცდელები აბიტურიენტთა ცნობარში გაეცნობიან. ელექტრონულ ბუკლეტში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა დეტალები.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა, აბიტურიენტი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას).
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
- „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით – bogpay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%;
- „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
- „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი;
- „საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით – mBank – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.
თუ აბიტურიენტი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ცენტრს განცხადებით 4 აპრილის 18:00 საათამდე მომართავს, მას თანხა უკან დაუბრუნდება.
თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, უნდა მონიშნოს შესაბამისი ველი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 15 აპრილის 18:00 საათამდე.
განაცხადები მიიღება თბილისში მისამართზე: ე. მინდელის N9. რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024