GE

„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“

19 ოქტომბერს, ნევროლოგიის მსოფლიო ფედერაციის (WFN) მხარდაჭერით, „ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტზე „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში” დაიწყო.

უნივერსიტეტის მიერ 20 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კურსის ორგანიზატორები „ევროპის უნივერსიტეტი“, WFN-ის ნეიროეპიდემიოლოგიის სპეციალიზებული ჯგუფი და ქართველ ნევროლოგ რეზიდენტთა ასოციაცია (GNRA) არიან.

ღონისძიება „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა, მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

კურსში მონაწილეობენ „ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიური და მოწვეული პერსონალი, ექიმები და რეზიდენტები, რომლებიც ნეიროეპიდემიოლოგიის მიმართულებით ცოდნასა და გამოცდილებას საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად გაიღრმავებენ.

ხუთდღიანი ინტენსიური კურსი „ევროპის უნივერსიტეტში” 19-23 ოქტომბერს იმართება და მისი მიზანია, მონაწილეებს მიაწოდოს ნეიროეპიდემიოლოგიის ძირითადი პრინციპების პრაქტიკული და საფუძვლიანი ცოდნა, მათ შორის კვლევის დიზაინის, ეპიდემიოლოგიური მტკიცებულებების ინტერპრეტაციისა და ნევროლოგიური დაავადებების შესწავლისას ეპიდემიოლოგიური მეთოდების გამოყენების შესახებ.

კურსს უძღვებიან პროფესორები:

  • Prof. Walter A. Rocca – მეიოს კლინიკა, როჩესტერი, მინესოტა, აშშ;
  • Prof. Giancarlo Logroscino – ბარის უნივერსიტეტი, ბარი, იტალია;
  • Prof. Jeremiah A. Aakre – მეიოს კლინიკა, როჩესტერი, მინესოტა, აშშ;
  • Prof. Carlos Ketzoian – ნეიროეპიდემიოლოგიის სექცია, ნევროლოგიის ინსტიტუტი, მონტევიდეო, ურუგვაი.

სასწავლო პროგრამა ექსპერტების მიერ ჩატარებულ ლექციებს, ინტერაქციულ დისკუსიებს, სამეცნიერო ნაშრომების კრიტიკულ ანალიზსა და მონაწილეთა პრეზენტაციებს აერთიანებს.

პრაქტიკული სესიები მონაწილეებს მიღებული ცოდნის კვლევით საქმიანობაში გამოყენებასა და დამოუკიდებელი სამეცნიერო უნარების განვითარებაში დაეხმარება.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური