განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა უწყებაში სამოხელეო დანაშაულების სავარაუდო ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა უწყების შიგნით სამოხელეო დანაშაულისა და კორუფციის სავარაუდო ფაქტებზე ინფორმაცია ოფიციალურად მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მოკვლევა/ინსპექტირება დაწყებულია.
აღნიშნულს წინ უძღვოდა პრემიერ-მინისტრის მიერ სატელევიზიო ეთერში საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანების, პროფკავშირული ორგანიზაციისთვის მიცემული პირობა, ერთი უშედეგო შეხვედრა განათლების სამინისტროში და ორგანიზაციის დამფუძნებლის, გიორგი კაკაბაძის წერილი პირადად განათლების მინისტრ გივი მიქანაძისადმი, რომ უწყებას შეესწავლა მათ ხელთ არსებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია შესაძლო სამოხელეო დანაშაულების შესახებ განათლების სამინისტროში.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია მიუთითებს სამოხელეო დანაშაულისა და კორუფციის ნიშნებზე, წლებია ვერ ვახერხებთ ვერცერთ განათლების მინისტრთან შეხვედრას, შეგიძლიათ გვიშუამდგომლოთ, რომ შეგვხვდეს განათლების მინისტრი და მოგვისმინოს“, – მიმართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 3 ოქტომბრის „ღია ეთერში“ გიორგი კაკაბაძემ და პრემიერისგან მიიღო დაპირება, რომ განათლების მინისტრთან შეხვედრაში თავად უშუამდგომლებდა.
როგორც გიორგი კაკაბაძემ EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად დღეს, 20 ოქტომბერს განაცხადა, მრავალგვერდიანი ახსნა-განმარტება, სადაც ის კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა 20 ოქტომბერს, მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.
საკითხში გარკვევის მიზნით, გიორგი კაკაბაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:
– ბატონო გიორგი, უშუალოდ განათლების მინისტრთან შეხვედრა არ შემდგარა, მაგრამ სამინისტროს აუდიტმა თქვენს მიერ წარდგენილი საკითხების შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც უწყების სხვა წარმომადგენლებთან უშედეგო შეხვედრის შემდეგ, თქვენ წერილით მიმართეთ გივი მიქანაძეს, მინისტრთან შეხვედრას აღარ ითხოვთ და ელოდებით აუდიტის სამსახურის პასუხს?
– დიახ. პირველი შეხვედრა შედგა სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროს, ქალბატონ ლალი კალანდაძესთან, მისივე მოწვევით. ჩვენ, დაპირებისამებრ, გადავეცით 14 საკითხი, რომლებიც შეიცავდნენ სამოხელეო დანაშაულის და კორუფციის აშკარა და მკაფიოდ გამოხატულ ნიშნებს. ქალბატონმა ლალიმ უარი განაცხადა ამ საკითხების მინისტრისთვის გადაცემაზე, მას შემდეგ რაც რამდენიმე მათგანს გაეცნო და განაცხადა, რომ ეს საკითხები განსახილველად რელევანტური არ იყო. საკითხები კი, რომლებსაც ის გაეცნო, მის პირდაპირ მოვალეობებს წარმოადგენდა. მე ამ შეხვედრის აღწერა და გადასაცემი 14 საკითხი, წერილობით მივაწოდე მინისტრს, რომლის დავალებითაც დამიკავშირდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელი და საკითხების დაკონკრეტების და დამატებითი განმარტებების მიცემის მიზნით, მისვლა მთხოვა. მე სიამოვნებით დავთანხმდი და 20 ოქტომბერს გადავეცი ინფორმაცია, რომელსაც ჩემ მიერ მიცემული ახსნა-განმარტების სახით თქვენც გიზიარებთ, რადგან ვიცი, რომ ამ საკითხების მიმართ დიდია საზოგადოებრივი ინტერესი.
მინისტრთან შეხვედრა აღარ შედგება. შეხვედრის მიზანი სწორედ მოკვლევის დაწყება იყო. ჩემი წერილის საფუძველზე მინისტრმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება ამ საკითხების მოკვლევისა, რაც შიდა აუდიტის დეპარტამენტის კომპეტენციაა და მოკვლევის პროცესი, მისი დავალებით უკვე დაწყებულია.
P.S. მიუხედავად იმისა, დეპარტამენტში შეხვედრისას კიდევ ერთხელ მოვითხოვე, ჯერ მაინც ვერ მოვახერხე იმ საჯარო ინფორმაციის მიღება, რომელსაც მეორე წელია ვითხოვ აუდიტის დეპარტამენტისგან. ეს ინფორმაცია, დიდი ალბათობით, შეიცავს რამდენიმე დანაშაულის მტკიცებულებას, ხოლო საჯარო ინფორმაციის კანონსაწინააღმდეგოდ დამალვა 14-დან ერთ-ერთი საკითხია.
– რომ აღგვიწეროთ, რა სახის დარღვევების შესახებ მიაწოდეთ ინფორმაცია სამინისტროს აუდიტის სამსახურს დ რა ტიპის მტკიცებულებებით არის განმტკიცებული თითოეული?
-საკითხები ეხება დანაშაულებრივ გულგრილობას და უფლებამოსილების გადამეტებას ან/და ბოროტად გამოყენებას, არაფორმალური გავლენების გაძლიერების მიზნით, ადმინისტრაციული აქტებით კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნების გაუქმებას, მასწავლებლების შრომითი უფლებების დარღვევას ცენტრალიზებულად სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების განგრძობითად, ჯგუფურად უგულებელყოფას სასურველი პირებისთვის და ორგანიზაციების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას და ასე შემდეგ. მეტი დეტალებისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს ახსნა-განმარტებას.
– რა ვადებში ელოდებით სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის მუშაობის შედეგს და გამორიცხავთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისადმი უშუალო მიმართვას ამ საკითხებზე?
– მოკვლევას აქვს კანონით განსაზღვრული ვადები, მაგრამ ამავე დროს, შიდა აუდიტს აქვს კანონით განსაზღვრული ვალდებულება, ჩამრთოს საქმის წარმოებაში, რისი სურვილიც მკაფიოდ დავუფიქსირე. გამოვთქვი მზაობაც, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს გამოვცხადებულიყავი და გამეწია ყველა სახის შესაძლო დახმარება საკითხების გარკვევაში. თუმცა, მხოლოდ ლოდინს არ ვაპირებ. ვფიქრობ, მოკლე ანგარიში მივაწოდო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძესაც. ეს ჩემი პასუხისმგებლობის და კეთილსინდისიერების საკითხია. ჩემი პირველივე თხოვნის დაუყოვნებლად დაკმაყოფილება მისი მხრიდან, მაკისრებს პასუხისმგებლობას, მივაწოდო ინფორმაცია განვითარებული მოვლენების შესახებ. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ საზოგადოების წინაშეც და მზად ვარ, მედიას გავუზიარო ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია.
EDU.ARIS.GE გიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას და ახსნა განმარტებას, რომელიც განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს გიორგი კაკაბაძემ წარუდგინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 3 ოქტომბრის ღია ეთერში ზემოაღნიშნული საკითხის წამოწევის პასუხად განაცხადა: „…დაახლოებით, წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზედა დონეზე აღმოგვეფხვრა კორუფცია, თუმცა საბოლოო ჯამში პრინციპულად გარდავტეხეთ სიტუაცია. ქვედა დონეზე გასაგრძელებელია მუშაობა და ამაში საზოგადოების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენს ოპონენტებსაც ვესაუბრებით ხოლმე, არამარტო საზოგადოების წევრებს, ოპონენტებსაც ვეუბნებით ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს, მაგალითად აიღონ ნებისმიერი მინისტრი და დაასახელონ თუნდაც ერთი კორუფციული ფაქტი და ვპირდებით, რომ მყისიერი რეაგირება გვექნება. ნებისმიერ დონეზე შეგვიძლია, გავიმეოროთ ეს დაპირება“.
-
„დაბალი ათვისების მქონე“ – რას წერს აუდიტის სამსახური თბილისისა და მთიანი რეგიონების საჯარო სკოლების რეაბილიტაციის კაპიტალურ პროექტებზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ასეთ სტილში უნდა დაიწეროს ხედვა“ – სქემით სავალდებულო დოკუმენტის ერთი სამუშაო მაგალითი და შეფასება
by ARIS.GE-განათლება
-
რა უნდა იცოდეს მოსწავლემ უცხოურ ენაში საბაზო საფეხურზე – სტანდარტი დამტკიცდა
by ARIS.GE-განათლება