„თავი ქუდში გვაქვს?“ – თელავის საგამოცდო ცენტრთან მისულ მშობლებს განათლების რეფორმის მამებთან კითხვები აქვთ
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები უმაღლესი განათლების რეფორმას დაემთხვა და საგამოცდო ცენტრებთან შეკრებილი აბიტურიენტების მშობლებისა და გულშემატკივრების სასაუბრო თემა ესეც არის. თელავის საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომლოდინე მშობლები განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებს მიმოიხილავენ და იმ კითხვებს გვიზიარებენ, რომლებზე პასუხიც არ მიუღიათ.
EDU.ARIS.GE-სთან მოსაუბრე მშობლების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ზოგადი განათლება საქართველოში გამოწვევების წინაშე დგას. მათი სურვილია, სკოლამ უზრუნველყოს ისეთი მოქალაქის აღზრდა, რომელიც თანამედროვე გამოწვევებს უპასუხებს.
ჩვენთან საუბარში გაირკვა ისიც, რომ რეფორმის დაწყების შემდეგ, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონშიც გამართეს საინფორმაციო შეხვედრა, თუმცა მშობლების დიდ ნაწილს, დღემდე აქვს კითხვები დ მათ შორის არის „1 ქალაქი – 1 ფაკულტეტის“ პრინციპი, რომელიც ყველაზე დიდი სიახლეა რეგიონებისთვის.
მაგალითად, 48 წლის ნანიკოს აინტერესებს, ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, მოხვდება თუ არა მისი შვილი ზუსტად იმ ფაკულტეტზე, რომელიც სურს.
„მე ასეთი რამ მაინტერესებს, ხომ არის ბარიერი, მაგალითად 25%, ვთქვათ მათემატიკაში ან ქართულში, იმ ბარიერს რომ გადააბიჯებს აბიტურიენტი, მოხვდება თუ არა ზუსტად იმ ფაკულტეტზე, სადაც თავად სურს სწავლა? როგორ უნდა გავარკვიოთ რომ თავი ქუდში გვაქვს? ეს საკითხი მარტო მე კი არა, ძალიან ბევრ აბიტურიენტს და მშობელს აწუხებს“, – ამბობს ნანიკო, სტილისტი სიღნაღიდან.
37 წლის მაგდასთვის, ისევე როგორც EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოკითხული მშობლების სხვა ნაწილისთვისაც, პრობლემაა უნივერსიტეტებში ფაკულტეტების გაუქმება. ისინი ფიქრობენ, რომ ახალგაზრდებს არჩევანის თავისუფლება ეზღუდებათ.
„ჩემთვის პრობლემაა უნივერსიტეტებში ფაკულტეტების გაუქმება. ამდენი აბიტურიენტია და როგორც ამბობენ, ადგილები ცოტაა სახელმწიფო სასწავლებლებში. ამით, მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებს ეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება, რადგან იმასაც ამბობენ, კონკრეტულ უნივერსიტეტებში პოპულარული ფაკულტეტები საერთოდ გაუქმდაო. მე რომ ფინანსური შემოსავალი მაღალი მქონდეს, ჩემს შვილს ვურჩევდი, კერძო სასწავლებელში ესწავლა“, -აცხადებს მაგდა, კონდიტერი თელავიდან.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 50 წლის შოთასთვის კი, მნიშვნელოვანია, უმაღლესმა სასწავლებელმა აბიტურიენტს შესთავაზოს მასზე მორგებული კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდას სხვა პროფესიით მუშაობა და თავის ასე რჩენა არ მოუწევს.
„ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, მნიშვნელოვანია, რომ რაც სასწავლებლები დარჩება, იყოს დამოუკიდებელი, ჰქონდეს ბევრი ძლიერი და ახალგაზრდებზე მორგებული პროგრამა, რათა სასწავლებელმა მისცეს კონკრეტული განათლება იმ სექტორში, რასაც ამთავრებს ახალგაზრდა და ჰქონდეს მუშაობის დაწყების შესაძლებლობა დახმარების გარეშე. არ არის კარგი, რომ, მაგალითად, ერთ ქალაქში მოქმედ უნივერსიტეტებს აღარ ექნებათ იდენტური ფაკულტეტები, რადგან თუ ერთგან ვერ მოხვდა ახალგაზრდა მაღალი კონკურენციის გამო, მოხვდებოდა სხვაგან“, – ამბობს შოთა, მშენებელი გურჯაანიდან.
46 წლის მარინას აინტერესებს, რა პრინციპით ჩაირიცხება აბიტურიენტი კონკრეტულ ფაკულტეტზე ორი საგნით ჩაბარების შემთხვევაში.
„მაგალითად „სურსათის უვნებლობაზე“ ბარდება მათემატიკით და ქიმიით. მე ასეთი რამ მაინტერესებს, აბიტურიენტი რომელი საგნით მოხვდება და რა პრინციპით, რომელშიც მეტი ქულა ექნება? სად აქვს შანსი აბიტურიენტს რომ მოხვდეს?“, – კითხულობს მარინა, პედაგოგი თელავიდან.
აბიტურიენტების მშობლები უნივერსიტეტებში კვოტების განაწილების საკითხზეც ამახვილებენ ყურადღებას.
ჯერ კიდევ თებერვალში გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებზე კვოტები უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ შესაბამისად განაწილდებოდა, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით.
40 წლის ნიკოლოზი ამბობს რომ იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი არ არის დაინტერესებული აგრარული სპეციალობებით, ტურიზმის მიმართულებითა და პედაგოგიკით, გამოდის, ადგილობრივ უნივერსიტეტში ვერ ისწავლის, რაც მისი ოჯახისთვის პრობლემას წარმოადგენს.
„იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტს სხვა ფაკულტეტზე ფაკულტეტზე ჩაბარება სურს, გამოდის, რეგიონში არსებულ სასწავლებელში ვერ მოხვდება, რეგიონების მიმართულებები სეზღუდულია. ეს საკითხი ძალიან აწუხებს ჩემს ოჯახს და არამარტო ჩვენ. ჩემთვის პრობლემაა ჩემი შვილის თბილისში გაგზავნა ფინანსების გამო. რატომ არ უნდა იყოს შესაძლებელი რომ რეგიონში არსებულ უმაღლეს სასწავლებელში მიიღოს განათლება?“, – აცხადებს ნიკოლოზი, ტაქსის მძღოლი გურჯაანიდან.
47 ნუნუკას კი აინტერესებს, როგორ გაუმკლავდებიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აბიტურიენტების გაორმაგებულ რაოდენობას შემდეგ წელს.
„საჭიროა კომპლექსური რეფორმა, თუმცა ეს მოსწავლეებისთვის არ უნდა იყოს სტრესული. უკვე ცნობილია, რომ 2027-2028 სასწავლო წლისთვის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება ახალგაზრდების გაორმაგებულ რაოდენობას მოუწევს, რაც ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, ასევე მისი მეგობრებისთვის სერიოზული გამოწვევაა. რეფორმის თანახმად, გამოდის რომ ამჟამინდელი მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეებს მოუწევთ ერთმანეთთან კონკურენცია. აბიტურიენტების გაზრდილი რაოდენობის გამო უმაღლეს სასწავლებში მართლაც რეალურად გაიზრდება მისაღები კვოტები?, როგორ გაუმკლავდებიან უნივერსიტეტები ასეთ რაოდენობას?“, – კითხულობს EDU.ARIS.GE-სთან ნუნუკა, ისტორიკოსი თელავიდან.
ესაუბრა ნატალია ცისკარიშვილი
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„ცოტა ნერვიულობას, სულ არ ინერვიულო, ჯობია“ – ქუთაისში ეროვნული გამოცდები ღიმილის ფონზე მიმდინარეობს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
წელს ერთიან ეროვნულ და სხვა გამოცდებს 57 ბრალდებული/მსჯავრდებული აბარებს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ვეფხისტყაოსანი“ და „გმირთა ვარამი“ – ქართულში პირველი სესიის საკითხები ცნობილია
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე