როგორ გავასაჩივროთ გამოცდის ქულა – ინსტრუქცია 2024 წლის აბიტურიენტებისათვის
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს უკვე შეუძლიათ გამოცდებში მიღებული შედეგები გაასაჩივრონ. მსურველებს უფლება აქვთ, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადით (ელექტრონულად) მიმართონ 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 9 აგვისტოს 18:00 საათამდე.
გთავაზობთ სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქციას და აპელაციის ბმულს:
- აპელაციისათვის განკუთვნილ ბმულზე გადასვლის შემდეგ შესაბამის ორ ველში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი;
- მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ უნდა დააჭიროთ ღილაკს „შესვლა“, შემდეგ კი „განაცხადის შევსებას“ და დაიწყოთ იმ გამოცდების მონიშვნა, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ;
- საგნის მითითების შემდეგ უნდა აირჩიოთ დავალებები. თუ გსურთ გაასაჩივროთ მთელი ნაშრომი, უნდა მონიშნოთ სათითაოდ ყველა დავალება;
- თქვენ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას სისტემა ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა;
გაითვალისწინეთ: დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ;
გაითვალისწინეთ: ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოთ შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოთ განაცხადი. თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, საგანს ვერ აირჩევთ.
აპელაციის საფასურს იხდით სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება განცხადების საფუძველზე). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გამოსაცდელის პირადი ნომერი და, საჭიროების შემთხვევაში, გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში,თუ აბიტურიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
„საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით bogpay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით;
„საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
„საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი;
„საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაციით – mBank – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი უკვე გადმოგზავნილი გაქვთ და გაგიჩნდათ სურვილი დაამატოთ დავალება/დავალებები ან სხვა საგანი/საგნები, უკვე გადმოგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოთ წერილობით. გაუქმების თაობაზე უნდა მოგვმართოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მისამართზე: თბილისი, ე. მინდელის ქ. N9, რეგიონებში კი – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. გაუქმების შემდეგ განმეორებით მოგეცემათ უფლება, გააკეთოთ ახალი სააპელაციო განაცხადი აპელაციისათვის დადგენილ ვადებში.
აბიტურიენტს, რომელიც 9 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება უკან. ასევე თანხა სრულად ბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეეძლებათ.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის განრიგი და სკოლების სია – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
- გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
- 2025 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის by აბიტურიენტებისათვის