2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ დღეს, 2 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება.
NAEC-ის ცნობით, აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ.
აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის 10:00 საათიდან, 6 მაისის 18:00 საათამდე, უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ.
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული და განსაზღვრონ მათი პრიორიტეტულობა. საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, წაშლა ან/და გადანაცვლება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება ცნობარს, როგორც NAEC-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ცნობარს აბიტურიენტებისთვის“ რეგისტრაციის დაწყებამდე გამოაქვეყნებს. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, გამოცდებზე რეგისტრაციის ინსტრუქციას, საგამოცდო პროცედურებს, პროცესის ეტაპებს და წესებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს, პროცედურებს და პროცესის ყველა ეტაპი განსაზღვრულ ვადებში გაიარონ.
ასევე იხილეთ:
სია განახლდა – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები სწავლის სფეროს მიხედვით
-
უწყებას პროფესიის გაუქმება შეეძლება – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციები ფართოვდება
by პროფესიული განათლების ამბები
-
გაიზარდა იმ პროფესიების რიცხვი, რომლებიც საქართველოს შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური და მაღალანაზღაურებადია
by ARIS.GE-განათლება
-
გახდება თუ არა რეზიდენტურა და დოქტორანტურა უფასო? – რა დავალება მიიღო პრემიერ-მინისტრისგან განათლების სამინისტრომ
by ARIS.GE-განათლება