GE

როგორ მოხდება მშობელთა ჩართულობა სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესში – პროცედურა და ვადები

განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის ხელმოწერით, ცვლილება შევიდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამის ბრძანებაში. კერძოდ, მე–2 მუხლს დაემატა ახალი ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზეც კანონში გაჩნდა ქვეთავი სახელწოდებით „მშობელთა ჩართულობა“, რაც ითვალისწინებს მშობელთა ჩართულობას სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესში.

“მშობელი სასკოლო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია, შესაბამისად, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წინასწარ გაეცნოს და მონაწილეობა მიიღოს იმ სახელმძღვანელოების განხილვასა და ანალიზში, რომლითაც მისი შვილი ისწავლის.

სწორედ ამ მიზნით, სამინისტრომ განახორციელა ცვლილება გრიფირების წესში, რომლის მიხედვითაც სახელმძღვანელოების შეფასების პროცესში პრაქტიკოსი პედაგოგების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, ფსიქოლოგების, ფილოლოგების და სამართლის სპეციალისტების გარდა, ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ყველაზე დაინტერესებულ წარმომადგენელს – მშობელს შეეძლება მიიღოს მონაწილეობა”, – ვკითხულობთ განათლების სამინისტროს განცხადებაში.

როგორ განხორციელდება თავად პროცედურა?

სამინისტრო აცნობებს სკოლებს მშობელთა ჩართულობის შესაძლებლობებზე. სკოლამ, თავის მხრივ, უნდა აცნობოს მშობლებს ამ შესაძლებლობის შესახებ. მშობლების მხრიდან სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, სკოლები იმსჯელებენ და შეჯერდებიან მშობლის კანდიდატურაზე. გადაწყვეტილების მიღებისას სკოლამ უნდა იხელმძღვანელოს პროფესიონალიზმისა და ობიექტურობის პრინციპების დაცვით. ამ მიზნით, შერჩევის პროცესში მან შესაძლებელია ჩართოს სამეურვეო საბჭოც (იმ სკოლებში, სადაც არის) და შეჯერებული კანდიდატურა წარმოუდგინოს სამინისტროს.

სამინისტრო, კერძოდ კი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, უზრუნველყოფს შესაბამის იუზერისა და პაროლს მშობლისთვის, რომლის მეშვეობითაც მშობელს დაშვება ექნება სპეციალურ ელექტრონულ სისტემაზე და წვდომა – ნებისმიერ სახელმძღვანელოზე.

რეცენზირების პარალელურად, 2 კვირის ვადაში მშობელს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს ნებისმიერი საგნის და კლასის სახელმძღვანელოს კომპლექტი (ანონიმური ეგზემპლარები) და შეუდგეს მათ განხილვას.

მშობელს შესაძლებლობა ექნება რამდენიმე მიმართულებით დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნა/რეკომენდაციები. ეს მიმართულებებია:

  • შინაარსობრივი შენიშვნა/რეკომენდაცია;
  • ენობრივი გაუმართაობა;
  • სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შეუსაბამობა;
  • ტექნიკური ხასიათის ხარვეზი.

მას შემდეგ, რაც მშობელი დაასრულებს არჩეული კომპლექტის განხილვას, შეუძლია გადავიდეს სხვა საგნის ან კლასის სახელმძღვანელოს კომპლექტზე.

მშობელთა მიერ გამოთქმული შენიშვნა/რეკომენდაციები ავტომატურად ეგზავნება შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის რეცენზენტებს, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ მიმართულებების მიხედვით გაეცნონ გამოთქმულ მოსაზრებებს.

რეცენზენტები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ გადაწყვეტილებას რეკომენდაციის სრულად ან ნაწილობრივ გაზიარებასთან დაკავშირებით. ნაწილობრივ გაზიარების ან გაუზიარებლობის შემთხვევაში, რეცენზენტთან საგნობრივი ჯგუფის მიღებულ გადაწყვეტილებას ასაბუთებს. გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მშობელს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უკვე ეცნობა ამ შესაძლებლობის შესახებ, გაეგზავნა ინსტრუქცია და სკოლამ მშობლის კანდიდატურა უნდა წარმოადგინოს 11 მარტიდან – 17 მარტის ჩათვლით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური