როგორ შეიცვალა სტუდენტების ცხოვრება 2020 წელს – „ეს სრული განათლების მიღებას არ ნიშნავს“
მალე ერთი წელი გახდება, რაც მსოფლიო პანდემიის გამო ადამიანების ცხოვრების წესი შეიცვალა. სამსახურების უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. გამონაკლისები არც საგანმანათლებლო დაწესებულებები ყოფილა. ონლაინ სწავლება მოუწია სტუდენტებსაც.
სტუდენტების უმრავლესობა თვლის, რომ დისტანციურმა სწავლებამ დააზარალა. უინტერნეტობამ, სათანადო კომპიუტერული ტექნიკის არ ქონამ მათზე ცუდად იმოქმედა. მთავარი რამ, რასაც სტუდენტები უჩივიან, პრაქტიკული მეცადინეობების (ლაბორატორიული სამუშაოების) გადადება, ან არ ჩატარებაა.
დისტანციურმა სწავლებამ სოციალურ ურთიერთობებზეც იმოქმედა. ახლა სტუდენტებს ყველანაირი აქტივობის განხორციელება ონლაინ უწევთ, ეს იქნება ჯგუფური მუშაობა, მეგობრების ნახვა და ა.შ. უკანა პლანზე გადაინაცვლა ცოცხალმა ურთიერთობებმა და არსებობს საშიშროება, რომ იმ ტკბილი ხანის მოგონება, რომელსაც სტუდენტობა ჰქვია, მხოლოდ ეკრანს დაუკავშირდეს, თუ არ შეიცვალა მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.
ილია აბრამიშვილი ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. იგი ამბობს, რომ აბიტურიენტობის დროსაც სწავლობდა ონლაინ და ეს რეჟიმი მისთვის უცხო არ ყოფილა, თუმცა ლექტორების და ჯგუფელების პირისპირ გაცნობა მისთვის მნიშვნელოვანია.
„თავიდან მქონდა იმედი, რომ სწავლა ონლაინ არ მომიწევდა, თუმცა კვლავ იმ მოცემულობას დავუბრუნდი, რომელიც აბიტურიენტობისას გამოვცადე. გარკვეულწილად შემზადებულიც კი ვიყავი ამ პროცესისთვის.
თავიდან რთულია, როდესაც არცერთ ლექტორს, კურსელს არ იცნობ პირადად, თუმცა ამასაც მალევე შევეჩვიე, რაც იმ მეგობრული გარემოს დამსახურებაა, სადაც მოვხვდი.
რაც შეეხება სწავლებას, ყველამ ვიცით, რომ დისტანციურად ჩატარებული ლექციები ვერასდროს ვერ იქნება ისეთი სრულყოფილი, როგორც ეს აუდიტორიაშია“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ილია აბრამიშვილმა.
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი არზუ ქაზიმოვა განიცდის იმ ფაქტს, რომ შესაძლოა ასეთი სწავლებით სათანადო ცოდნა ვერ მიიღოს, რამაც დიპლომის აღებაში შეიძლება შეუშალოს ხელი.
„ონლაინ სწავლება, ჩემი აზრით, მთლად ცუდიც არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ აუდიტორიას ვერასოდეს აჯობებს. ლექტორთან და თანაკურსელებთან პირდაპირი კონტაქტი რომელიმე საგნის სირთულის შემთხვევაში უკეთ გაგების შანსს გვაძლევს.
არსებობს ისეთი ფაკულტეტები, სადაც პრაქტიკული ამოცანებისა და სამუშაოების გარეშე გამოცდას ვერ აბარებენ და საჭირო ინფორმაციას ვერ იღებენ.
მეც მომიწია შუალედური გამოცდების ონლაინ ჩაბარება, ტესტების ონლაინ წერა. ეს, ჩემი აზრით, სრული განათლების მიღებას არ ნიშნავს, რადგან სტუდენტს შეუძლია თავისუფლად გადაწეროს და მომავალში საბოლოო გამოცდაში გაუჭირდეს, ან საქმის შესრულება ვეღარ შეძლოს.
ვგრძნობ საფრთხეს: რომ ვერ მივიღო საჭირო განათლება ჩემი პროფესიაში, მერე რა იქნება? რომ ვერ ავიღო დიპლომი? და სხვა მსგავსი საფრთხის წინაშე ვდგავარ და ასევე ყველა სტუდენტი დგას ამ საფრთხის წინაშე.
დიდი სურვილი მაქვს, მალე დავუბრუნდეთ ჩვეულებრივი ცხოვრების რეჟიმს. მჯერა, რომ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ წავა“, -აღნიშნა არზუ ქაზიმოვამ.
ონლაინ სწავლებამ განსაკუთრებით დააზარალა მაღალი კურსის სტუდენტები. მათ უფრო ნაკლები დრო რჩებათ, რომ დანაკლისი აანაზღაურონ.
გიულსაფა ალხანოვა მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოდანაა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის, ბიოლოგიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია. უკვე ერთი წელია, პანდემიის გამო, ონლაინ რეჟიმში უწევს სწავლა. მისი თქმით, შედეგი არც ისე კარგია.
„ჩემი ფაკულტეტიდან და კურსიდან გამომდინარე, საჭიროა ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები, რომ კარგად გავიაზროთ ის, რასაც ვსწავლობთ.
საერთოდ, ყველა სტუდენტისთვის ძალიან რთულია ონლაინ სწავლა, ვისაც მართლა სწავლა უნდა. სიმართლეა, რომ არავის არ აქვს ერთნაირი სოციალური მდგომარეობა, რომ დისტანციურად ისწავლოს. ძირითადი სოფლებში (აქ ჩვენთან და კიდევ სხვა სოფლებშიც) არსებობს ისეთი ოჯახები, რომელთა სოციალური მდგომარეობა ძალიან ცუდია: ზოგიერთს სახლში არ აქვთ ინტერნეტი, შუქი, კომპიუტერი ან ტელეფონი, რომ დისტანციურად ჩაერთოს ლექციებს. შესაბამისად, ვერ სწავლობენ.
მე, პირადად, ზოგჯერ სუსტი ინტერნეტის ან უშუქობის გამო, გაცდენილი მაქვს ზოგიერთი ლექცია, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე, რადგან თუ ლექტორი არ ამიხსნის, ვერ ვსწავლობ.
ყველა სტუდენტი, ალბათ, დამეთანხმება, რომ დისტანციურად მიღებული ცოდნაც არ იქნება ისეთივე, როგორც საუნივერსიტეტო პირობებში.
ონლაინ სწავლება ცუდად მოქმედებს მოსამზადებელი კურსის სტუდენტებზეც, რადგან არაქართულენოვან სტუდენტებს, რომლებიც ჯერ მოსამზადებელ კურსზე არიან, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის უნივერსიტეტი. მათ არ აქვთ ცოცხალი ურთიერთობა ლექტორებთან, რაც იწვევს გაურკვევლობას“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს გიულსაფა ალხანოვამ.
გურამ მეტრეველი აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამის მესამე კურსზე სწავლობს. ის ამბობს, რომ ონლაინ სწავლების გამო დრო ეზოგება, ლექციებიც ჩვეულებრივ, როგორც უნივერსიტეტში, ისე უტარდება, მაგრამ პრაქტიკული ნაწილი, რომელის გავლა საჭიროა ზოგიერთი საგნის სასწავლებლად, შეფერხდა.
„დისტანციურმა სწავლების მეთოდმა დიდი გამოწვევა შეგვიქმნა მთლიანად კურსს, რადგან ტექნიკურ საგნებს გავდივართ, რომლებსაც სჭირდებათ ლაბორატორიული მუშაობა. ამის გამო სწავლების ხარისხმა დაიწია.
რაც შეეხება დადებით მხარეებს, ბევრად კომფორტულია სახლიდან ლექციებზე დასწრება, რადგან არც ზედმეტი დრო გეხარჯება გზაში და იყენებ მას მაქსიმალურად შენთვის. სამაგიეროდ, მუდმივმა ეკრანთან მუშაობამ და კითხვამ გამოიწვია თვალების პრობლემა.
მენატრება კოვიდამდელი სწავლის პერიოდი, როდესაც შესაძლებელი იყო პირისპირ სწავლა. იმედია, მალე გამოსწორდება სიტუაცია და მეც გავატარებ სტუდენტურ წლებს უნივერსიტეტის კედლებში“, – აღნიშნა გურამ მეტრეველმა.
ჯერ ისევ უცნობია რა პერიოდის გატარება მოუწევთ სტუდენტებს ონლაინ სწავლებაში 2021 წელს, ეს ეპიდსიტუაციასა და მთავრობის გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება