GE

როგორ სწორდება ნაშრომები და როდის გამოქვეყნდება 2024 წლის აბიტურიენტთა გამოცდების შედეგები

აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორება სხვადასხვა საგნებში საგამოცდო პროცესის დასრულებისთანავე იწყება. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

დასრულებულია თუ არა, მაგალითად, 2024 წლის აბიტურიენტების ნაშრომების გასწორების პროცესი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ამ კითხვაზე გამოცდების ცენტრში ვერ გვპასუხობენ, თუმცა, როგორც წესი, პირველი შედეგი სწორედ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ქვეყნდება.

რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას – როდის გამოქვეყნდება აბიტურიენების პირველადი შედეგები, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვიპასუხეს, რომ პირველადი შედეგების გამოყვეყნება ეტაპობრივად, აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყება.

ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე  – online.naec.ge  განთავსდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები – აბიტურიენტების მიერ თითოეულ საგანში მიღებული ნედლი ქულა. პირველად შედეგთან ერთად, ყველა გამოსაცდელს საკუთარი ნამუშევრის ელექტრონული ვერსიის ნახვაც შეეძლება.

რაც შეეხება უშუალოდ ნაშრომების გასწორების პროცესს, როგორც ცნობილია, მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომებს სპეციალისტები ცენტრის მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამით ასწორებენ. ცნობილია ისიც, რომ საგამოცდო ნაშრომების ელექტრონული გასწორება უზრუნველყოფს კონფიდენციალობის დაცვას და სრულიად გამორიცხავს ნაშრომის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. გამსწორებელი კოდირებულ ნაშრომს სრულად ვერ ხედავს და მასთან მხოლოდ ცალკეული დავალებები მიდის. თითოეულ დავალებას ორი გამსწორებელი ასწორებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ნაშრომი მესამე სპეციალისტს გადაეგზავნება.

პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აბიტურიენტებს თავიანთი ქულის გასაჩივრების შესაძლებლობა ექნებათ. გამოსაცდელებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის, დამატებისა და წაშლის საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური