GE

როგორ უნდა ივარჯიშონ 2024 წლის აბიტურიენტებმა უცხოური ენის მოდიფიცირებულ წერით დავალებაში – რჩევები

2024 წლის აბიტურიენტებისთვის უკვე ცნობილია, რომ უცხოური ენის გამოცდის ტესტში, თხზულების დავალებაზე მუშაობისას, დავალების პირობაში აღარ ექნებათ მოთხოვნა – „დაეთანხმეთ ან უარყავით“. პირობის მოდიფიცირების შედეგად ის ამგვარ სახეს მიიღებს: გამოხატეთ თქვენი აზრი დასმულ საკითხთან დაკავშირებით და გაამყარეთ არგუმენტებით.

თუ რატომ განხორციელდა ეს ცვლილება დავალების პირობაში და როგორ შეუძლიათ აბიტურიენტებს, რომ ამ მიმართულებით მისაღებ გამოცდებამდე ივარჯიშონ, აღნიშნულ საკითხებზე დეტალურად ისაუბრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა, რუსუდან ტყემალაძემ აბიტურიენტებისთვის გამართულ ღია კარის დღეზე.

“18 წლის მანძილზე ენის განვითარებისთვის გამოსაყენებელი დავალება იყო, მაგრამ მოძველდა და დაბერდა”, – ამბობს გამოცდების ცენტრის წარმომადგენელი და დეტალურად ხსნის, თუ რა შეცდომებს უშვებდნენ ძირითადად აბიტურიენტები ამ დავალებაზე მუშაობისას:

„ჩვენი აბიტურიენტების 70-80%, რა თემაზეც არ უნდა ყოფილიყო ეს დავლება, ზუსტად ერთნაირად წერდა. შეიძლება, ყოფილიყო ძალიან ზოგადად „მე ვეთანხმები“ და „მე არ ვეთანხმები“. სრულიად აბსტრაქტული, დაზეპირებული ფრაზები იყო გამოყენებული და ასეთივე იყო დასკვნაც. შესავალი ხანდახან იმხელა იყო – სრულიად არათემატური, რომ წარმოუდგენელი იყო მასში რამე გაგესწორებინა. ხანდახან ვრცელი არ იყო, მაგრამ არც მოცემულ თემას პასუხობდა და იყო ზოგადი, ტრაფარეტული. ანუ, ბოლო წლებში, ჩვენ არ გვეძლეოდა საშუალება, რომ მოსწავლის პატიოსანი და ლაღი მოსაზრება წაგვეკითხა დ ამან ნაშრომის შეფასებისას ძალიან დიდი პრობლემები გამოიწვია ჩვენთვის. ეს იყო იმის დასტური, რომ ეს დავალება შეგვეცვალა, თუნდაც იმიტომ, რომ მასწავლებლებიც (რეპეტიტორები სა სხვა. ავტ.) სხვანაირ მიდგომაზე გადართულიყვნენ“, – აღნიშნავს სპეციალისტი.

რაც შეეხება ამ დავალებაში ვარჯიშს, როგორც რუსუდან ტყემალაძე განმარტავს, მოდიფიცირებული პირობა ითხოვს, აბიტურიენტებს დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება და ამიტომ ისე არ უნდა შეასრულონ, როგორც ამას ქართული ენის ტესტში აკეთებენ.

„ეს არ არის ქართული – თქვენი მშობლიური ენა. ეს არის უცხო ენა და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კარგი ენობრივი ელემენტები იყოს გამოყენებული, კარგი ლექსიკა, კარგი სტრუქტურები – შინაარსობრივად კარგად იყოს გაშლილი თქვენი მოსაზრება. ეს, შეიძლება, იყოს ერთი არგუმენტი, ორი არგუმენტი, დიდად არ აქვს მნიშვნელობა. აბიტურიენტებმა ენობრივი კომპეტენცია უნდა დაადასტურონ წერით ან მათი ენობრივი კომპეტენციით გამოხატონ თავიანთი პირადი, სრულიად მიუკერძოებელი, არადაზეპირებული მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – ურჩია რუსუდან ტყემალაძემ 2024 წლის გამოსაცდელებს.

მისი ინფორმაციით, წლევანდელი უცხოური ენის მისაღები გამოცდის ტესტის მოთხოვნაა ძლიერი B1 დონე და აბიტურიენტებმაც სწორედ მის ფარგლებში უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი.

რაც შეეხება წერით დავალებაში -ესეში არგუმენტებისა და აბზაცების რაოდენობის საკითხს, სპეციალისტის თქმით, ინგლისური ენის ტესტში მაღალი ქულა მხოლოდ ამ კომპონენტების გათვალისწინებით არ იწერება.

„ტექნიკური მხარეა არგუმენტების რაოდენობაც და აბზაცების რაოდენობაც და არ უნდა აურიოთ ქართული ენის ტესტის მოთხოვნებში. შეფასების სქემის მიხედვით მაღალი ქულა აქ- წერით დავალებაში იწერება აბიტურიენტის პირადი აზრისა და მაღალი ლექსიკისა და გრამატიკული წერის გამოყენებაში“, – აღნიშნა NAEC-ის წარმომადგენელმა.

მან აბიტურიენტებს უთხრა, რომ ბევრი წერა სულაც არ ნიშნავს კარგ წერას და წლევანდელი ესე მხოლოდ 120-170 სიტყვა უნდა იყოს:

„აუცილებელია, მკაცრი მოთხოვნა არ მინდა მივცე, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნუ გადააჭარბებთ საგრძნობლად სიტყვათა რაოდენობას. ეს ინსტრუქციაშიც არის მითითებული – წერით დავალებაში დაწერეთ მაქსიმუმ 120 – 170 სიტყვა“.

აქვე, რუსუდან ტყემალაძემ 2024 წლის აბიტურიენტებს აფრთხილებს მათი ნაშრომის შემოწმების საკითხზეც:

„რომ არ იყოს გარკვეული სიურპრიზი, ჩვენ, წელს ვაპირებთ, გარკვეულ ჩარჩოში ჩავსვათ ის გრაფა, რაც უნდა შეავსოთ. გადაჭარბებული აღარ შესწორდება, აღარ მოიჭრება, ამიტომ გთხოვთ, ყველაფერთან ერთად, ივარჯიშეთ ამაშიც“.

აბიტურიენტების კითხვა შეეხო ესეს წერისას მსჯელობის საკუთარი მაგალითებით გამყარებას, რაც NAEC-ის წარმომადგენელის თქმით, დასაშვებია:

„წერით დავალებაში პირადი მაგალითების მოყვანაც შეიძლება, გამოიყენეთ ნაცვალსახელები: „მე ვფიქრობ“, „მე მომწონს“.

უცხოური ენის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა გადაჭრით განაცხადა, რომ უცხოურ ენაში ესეს (წერითი დავალების) ნიმუში ამ სიახლის მიუხედავად, არ გამოქვეყნდება: „ესეს ნიმუშებს არ გამოვაქვეყნებთ. ბევრი არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ ერთი დავალების ნიმუში გამოვაქვეყნეთ. „ვეთანხმები“ და „არ ვეთანხმების“ პოსტულატს თუ მოაშორებთ, ზუსტად იგივე იქნება და თქვენ თვითონ გააკეთეთ“.

რუსუდან ტყემალაძემ აბიტურიენტებს ურჩია, ბევრი იკითხონ იმ უცხოურ ენაზე, რომელსაც თავად აბარებენ და უყურონ უცხოენოვან გადაცემებს, გაიმდიდრონ ენა.

ასევე იხილეთ:

„ქართულში მხოლოდ ეს აბიტურიენტები იღებენ მაღალ შეფასებას“ – ნანა ლოლაძის გაფრთხილება 2024 წლის აპლიკანტებს

გამოქვეყნდა აბიტურიენტთა 2024 წლის საგამოცდო პროგრამები და ინფორმაცია ტესტური დავალებების შესახებ

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადა: მზეო შველიძემ, edu.aris.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური