როგორ ვისწავლოთ სწორად: ეფექტური და არაეფექტური მეთოდები
დღევანდელ სწრაფად ცვალებად და არნახულად დიდი ინფორმაციის მქონე სამყაროში, ყოველმა ჩვენგანმა, სკოლის მოსწავლე იქნება ეს, სტუდენტი თუ ზრდასრული მომუშავე ადამიანი, უნდა იცოდეს თუ როგორ ისწავლოს ”სწორად”. სამწუხაროდ, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, უმეტესობა არ იყენებს იმ სწავლის მეთოდებს, რომლებსაც მეცნიერება თვლის ყველაზე ეფექტურად. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ კვლვევებით დამტკიცდა შემდეგი: – სწავლის მეთოდები, რომლებსაც ჩვენ ყველაზე ხშირად ვიყენებთ, მაგალითად, კითხვა ან ტექსტიდან ფრაგმენტების მარკერით გამოყოფა – ითვლება ყველაზე არაეფექტურად.
სამეცნიერო ლიტერატურა, სადაც ავტორები ამ მეთოდებს აანალიზებენ, მოიცავს რამოდენიმე ათწლეულს, ხოლო ბიბლიოგრაფიული სია ათასამდე სტატიას ითვლის. საშუალოსტატისტიკურ მშობელს, მასწავლებელს ან დამსაქმებელს არ ძალუძს ამ რაოდენობის მასალის შესწავლა. საბედნიეროდ, ხუთი წამყვანი ფსიქოლოგისგან შემდგარმა ჯგუფმა, შეასრულა ეს მისია. თავის დეტალურ მოხსენებაში, რომელიც 9 იანვარს, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციის მიერ გამოქვეყნდა (Association for Psychological Science), კვლევის ავტორებმა, კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის (Kent State University) პროფესორის – ჯონ დანლოსკის (John Dunlosky) ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს, მათ მიერ გამოკვლეული, სწავლების 10 ძირითადი მეთოდი და მათ ეფექტურობაზე დაყრდნობით შედგენილი რეიტინგი.
ნაკლებად ეფექტური მეთოდები
ჩამონათვალში პირველ ადგილზე ავტორებმა დაასახელეს ტექსტში ფრაგმენტების მონიშვნის მეთოდი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი ძალიან გავრცელებულია, კველვებმა აჩვენა, რომ ის ჩვეულებრივ კითხვასთან შედარებით უკეთესი არ არის. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ტექსტში ფრაგმენტების გამოყოფამ პირიქით, შეიძლება სწავლას ხელი შეუშალოს, იმდენად, რამდენადაც მას ყურადღება გადააქვს ცალკეულ ფაქტორზე და შესაძლებელია ლოგიკური კავშირების შექმნის პროცესს და გონებრივ ანალიზს ხელი შეუშალოს. ასევე დაბალეფექტურად მიიჩნევა ტექსტის განმეორებით წაკითხვა, რომელსაც ჩვენ ხშირად ვიყენებთ. ბოლო ადგილზე ამ ჩამონათვალში არის ტექსტის კონსპექტირება ანუ მოკლე შინაარსის ამოღება. ეს მეთოდი ცუდი არ არის მათთვის, ვისაც უკვე გარკვეული უნარები გააჩნია, თუმცა არც აქ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს უფრო ეფექტური მეთოდები.
ტექსტებიდან ფრაგმენტების გამოყოფა, მონიშვნა, კონსპექტირება მიჩნეულ იქნა ”ნაკლებად ეფექტურ მეთოდებად”.
ეფექტური მეთოდები
მეთოდები, რომელთა ეფექტურობა პრაქტიკულად დამტკიცებულია, ძირითადად ცნობილია მხოლოდ სპეციალისტ-ფსიქოლოგებისთვის. მაგალითად, დაყოფით სწავლის მეთოდი. ამ მეთოდის გამოყენებისას ხდება მასალის არა თავიდან ბოლომდე სწავლა, არამედ მისი დაყოფა და დროის გარკვეულ ნაწილში შესწავლა. შესაძლებელია, რომ დიდი მოცულობის ინფორმაციის ფორსირებულად გათავისება და სწავლა ხელს უწყობს ადამიანს გამოცდის ჩაბარებასა და სიტყვით გამოსვლისას, მაგრამ ასეთი გზით მიღებული ინფორმაცია მეხსიერებაში დიდი ხნით ვერ რჩება. გაცილებით ეფექტურია ინფორმაციით ნაწილობრივ დატვირთვა და შესვენებებით მისი მიღება. რამდენად ხანგრძილვადაც საჭიროა, რომ მიღებული ინფორმაცია თქვნს მეხსიერებაში დარჩეს – ორი კვირით თუ ორი წლით – იმდენად ხანგრძლივი უნდა იყოს მეცადინეობებს შორის შესვენებების დრო.
სწავლის მეორე მეთოდი, რომელსაც გვირჩევენ კვლევის ავტორები, არის პრაქტიკული სავარჯიშოები. მეტი პრაქტიკა – არა იმისათვის, რომ მიიღოთ შეფასება. როგორც კვლევები გვიჩვენებს, ინფორმაციის გახსენების მცდელობა მიღებული ცოდნის გაღრმავების საშუალებას იძლევა და გვეხმარება მომავალშიც აღვიდგინოთ მეხსიერებაში ეს ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკული სავარჯიშოების ეფექტურობის დამამტკიცებელი ბევრი მიზეზის არსებობს ის ფართოდ არ გამოიყენება. არსებობს ერთი ცნობილი ხერხი, რაც მიუთითებს ამ მეთოდის უპირატესობაზე. ეს არის კითხვის შესწავლისთვის შექმნილი ნახატებიანი ბარათები. დღეისათვის ამ ბარათების შექმნა შესაძლებელია ციფრულ ფორმატშიც, ისეთი პროგრამების დახმარებით, როგორიცაა: Quizlet, StudyBlue და FlashCardMachine. ორივე ეს მეთოდი, დაყოფითი და პრაქტიკული მეცადინეობა, კვლევის ავტორების აზრით, ითვლება ”მაღალეფექტურად”.
სხვა მეთოდები
სხვა მეთოდები, რომლებიც გააანალიზეს პროფესორმა დანლოსკიმ და მისმა კოლეგებმა, მოხვდნენ რეიტინგული ჩამონათვალის ცენტრალურ ნაწილში. მათ არ უნდა ეწოდოს საერთოდ გამოუდეგარი, თუმცა არც განსაკუთრებით ეფექტურებად არ უნდა ჩაითვალოს. ამ ჯგუფში შევიდა შემდეგი მეთოდები:
1 – ფსიქიური სახის მეთოდები ან ისეთი ბარათების გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ტექსტის გახსენებას (ის ბევრ დროს მოითხოვს და ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ტექსტის ნახატებით ილუსტრირებაა შესაძლებელი)
2 – კითხვების დასმის მეთოდი, როცა ადამიანი კითხვის პროცესში საკუთარ თავს უსვამს შეკითხვას ”რატომ?” (ამ მეთოდს შეუძლია გამოიწვიოს არასასიამოვნო შეგრძნება, იმდენად, რამდენადაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს თქვენ პატარა ბავშვი გაწუხებთ შეკითხვებით)
3 – თვითკომენტირების მეთოდი, როცა ადამიანი უბრალოდ კი არ კითხულობს ტექსტს, არამედ ცდილობს დეტალურად აუხსნას საკუთარ თავს მისი მნიშვნელობა (ამ მეთოდის ეფექტურობა დამოკიდებულია განსჯის სრულფასოვნებასა და სიზუსტეზე)
4 – თანმიმდევრობით წარმოქმნილი პრობლემების მეთოდი ანუ ტექსტის კითხვისას გაჩენილი შეკითხვების მონაცვლეობა (ამ მეთოდის ეფექტურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ჯერ ცოტაა, ის რეკომენდებულია, მხოლოდ უნარების ფორმირების პერიოდისთვის)
და ბოლოს
5 – მნემოტექნიკა, მეთოდი, რომელიც გამოიყენება უცხო სიტყვების შესწავლისთვის და ეფუძნება ფონეტიკურ ასოციაციებს – მშობლიურ ენაში მსგავსი სიტყვების მოძიებას. მაგრამ სიტყვების დასამახსოვრებლად ეს მეთოდი ძალიან შრომატევადია.
ყველა ეს მეთოდი, როგორც დანლოსკი და მისი კოლეგები თვლიან, გამოირჩევა ”საშუალო” ან ”საკმარისი” ეფექტურობით, რადგან მეცნიერებს ან არ გააჩნიათ მათი ეფექტურობის დამდასტურებელი საკმაო მტკიცებულებები და არ შეუძლიათ სწავლის პროცესისთვის რეკომენდაცია გაუწიონ მათ, ან ეს მეთოდები საკმაოდ შრომატევადია. მეცნიერების აზრით, გაცილებით ჭკვიანურია, რომ სწავლის პროცესში გააკეთოთ შესვენებები, გვერდით გადადოთ მარკერი და ხშირად გამოიყენოთ ნახატებიანი ბარათები.
წყარო: http://ubr.ua