დადგინდა, რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტს რა საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) განხორციელების უფლება აქვს – ჩამონათვალი
საქართველოს მთავრობის 20 მაისის დადგენილებით განისაზღვრა იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების უფლებაც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვთ.
დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და რომელიც ძალაშია დღეიდან, 22 მაისიდან, ნათქვამია, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ, განახორციელონ:
მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც ახორციელებდნენ ამ დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის;
მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის აკრედიტებულია ან აკრედიტაციის პროცესშია და მიენიჭება აკრედიტაცია/პირობითი აკრედიტაცია.
მთავრობის ახალი დადგენილებით ასევე განისაზღვრა, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ უფლება, ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც ისინი, 2026 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ (რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ დადგენილების პირველი მუხლით), დარჩენილი ვადის მიუხედავად, აკრედიტებულ ან არააკრედიტებულ (ავტორიზებულ) რეჟიმში განახორციელონ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 8921 მუხლით დადგენილი ვადების დაცვით.
იხილეთ ჩამონათვალი:
გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელთაც სურთ, ავტორიზაციის პროცესში დაიმატონ ან/და აკრედიტაციაზე წარადგინონ საგანმანათლებლო პროგრამა (რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ დადგენილების პირველი მუხლით), ვალდებულნი არიან, ავტორიზაციის/აკრედიტაციის განაცხადის სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენამდე, წინასწარი თანხმობის მიღების მიზნით, მიმართონ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.