GE

თუ ერთწლიანი მაგისტრატურა საზღვარგარეთ გაიარეთ და საქართველოში დოქტორანტურაზე სწავლა გსურთ – რა უნდა იცოდეთ

2026-2027 სასწავლო წლიდან, სტუდენტები სწავლას 3+1 მოდელით დაიწყებენ, რაც სამწლიან ბაკალვრიატსა [პირველი საფეხური] და ერთწლიან მაგისტრატურას [მეორე საფეხური] გულისხმობს. ამ სიახლის კვალდაკვალ, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, ასევე შესაძლებელია, რომ სტუდენტმა მაგისტრატურაზე 1+1 პრინციპით ისწავლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მესამე საფეხურის (დოქტორანტურა) დამთავრების გაცხადებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, მას მაგისტრატურაზე სწავლა ორი წელი მოუწევს. თუმცა, თუკი ბაკალავრს მხოლოდ მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება ენდომება, ის მეორე საფეხურზე ერთი წლის განმავლობაში ისწავლის.

2026 წლის მაისში ცვლილებები შევიდა „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებაში“ და ახალი ჩანაწერით განისაზღვრა, რომ სტუდენტს, რომელმაც კონკრეტულ უნივერსიტეტში გაიარა ერთწლიანი მაგისტრატურა, უფლება ექნება, სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე, მაგისტრატურის მეორე წელი გაიაროს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე საფეხურზე ჩარიცხვიდან არ არის გასული 5 წელი. ვადის გასვლის დროს კი მას სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, სტუდენტი სამაგისტრო გამოცდას ხელმეორედ ჩააბარებს იმ შემთხვევაშიც, თუ მაგისტრატურის პირველ წელს ერთ უნივერსიტეტში გაივლის, ხოლო მეორე წლის გავლას სხვა უმაღლესში გადაწყვეტს.

რომელ მაგისტრანტებს მოუწევთ ხელახლა საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება და რა შემთხვევაში ისწავლით უგამოცდოდ

ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი უმაღლეს განათლებას საქართველოში იღებს. რა ხდება მაშინ, როდესაც პირს საზღვარგარეთ აქვს ერთწლიანი მაგისტრატურა გავლილი, საქართველოში კი დოქტორანტურაზე სწავლა სურს, საჭიროა თუ არა, რომ მესამე საფეხურზე სწავლისთვის, მაგისტრატურის მეორე წელი გაიაროს?

აღნიშნული კითხვით EDU.ARIS.GE-მ 14 მაისს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ზვიად გაბისონიას მიმართა. როგორც განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, ასეთ შემთხევაში, აუცილებელია, რომ პირმა, დოქტორანტურაზე სწავლისთვის, ჯერ მაგისტრატურის მეორე წელი აითვისოს და აი, რატომ:

„დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით, 60 კრედიტი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სადოქტორო პროგრამაზე ჩააბაროს პირმა. საზღვარგარეთ ერთწლიანი მაგისტრატურის გავლის შემთხვევაში, პირი რომ შეიტანს აღიარებაზე განაცხადს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, იქ პირდაპირ უწერენ, რომ არ აკმაყოფილებს დღეს არსებული სტანდარტებით მაგისტრატურის დონეს. ამიტომ, ცვლილებები, რაც დღეს ხორციელდება, მათთვის შველაა. სხვა შემთხვევაში იცით, რა ხდება? ხელახლა აბარებენ ქართულ მაგისტრატურაში – ორწლიანზე“.

კითხვას – რა ხდება მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს მაგისტრატურის ხარისხთან გათანაბრებულ დიპლომთან. ხომ არ მოუწევს ასეთი დიპლომის მფლობელსაც მაგისტრატურის მეორე წლის ათვისება საიმისოდ, რომ დოქტორანტი გახდეს, ზვიად გაბისონიამ ასე უპასუხა:

„აქ საუბარი არ არის ყველას დიპლომის ყველასთან გათანაბრებაზე. ლაპარაკია კონკრეტულ დიპლომებზე. 2005-2010 წლებში, ეროვნული გამოცდები რომ დაიწყო, ვინც ჩააბარა, ამ დროს ჯერ არ იყვნენ უნივერსიტეტები გადასული ავტორიზაციის ახალ პრინციპებზე. შესაბამისად, ჩვენ გავათანაბრეთ მხოლოდ ის სტუდენტები, როლებსაც ერთი და იგივე პროგრამა ჰქონდათ დამთავრებული – ზოგს 5 წელი და ზოგს 4 წელი. საგნები ერთი და იგივე იყო. ხარვეზი იყო კანონმდებლობის დონეზე. მე მაგალითად, მე 5-წლიანი მაქვს დამთავრებული და გამათანაბრა მაშინვე კანონმა. გათანაბრება მოხდა რატომ? იმიტომ, რომ როცა დადარდა, 5-წლიანი პროგრამა რეალურად ფარავდა მაგისტრატურის მიმართულებასაც. თუმცა, დარჩნენ სტუდენტები, რომლებისთვის, კერძო უნივერსიტეტებმა გადაწყვიტეს, რომ 4-წლიანი პროგრამები ესწავლებინათ. მაშინ, როდესაც სხვები მაგალითად დასწრებულზე ან დაუსწრებელზე 5 წელი სწავლობდნენ. ერთი და იგივე პროგრამა იყო. აი, ეს ორი კატეგორია გავათანაბრეთ. ვისაც ასეთი შემთხვევის გამო გათანაბრებული დიპლომი აქვს, დოქტორანტურაზე ჩაბარება ჩვეულებრივად შეუძლია – მაგისტრატურის მერე წლის გავლის გარეშე“.

ამავე თემაზე:

ორი მაგისტრატურა – ჯერ უცნობია, შეეძლება თუ არა სტუდენტს, ერთწლიანი მაგისტრატურის შემდეგ მეორე წელი სხვაგან გაიაროს

რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური