„KazNARU გაეროს მოდელირება 2026“ – CIU-ს რექტორის მრჩეველი საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდა
ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ფარეშიშვილმა, ყაზახეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმში „KazNARU გაეროს მოდელირება 2026“.
უნივერსიტეტის მიერ 22 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, წლევანდელი ღონისძიება ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო დღეს მიეძღვნა და მისი მთავარი აქცენტი ცენტრალური აზიის გლობალურ პოლიტიკაში არსებულ როლზე გაკეთდა. მოდელირების ძირითად თემას „ციფრული დიპლომატია და რეგიონული თანამშრომლობა: მშვიდობისა და ინოვაციის გზებით“ წარმოადგენდა. ფორუმი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული ყაზახეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის, გაეროს ყაზახეთის წარმომადგენლობისა და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით.
ღონისძიების მიმდინარეობისას გიორგი ფარეშიშვილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა ცენტრალური აზიის, როგორც მსოფლიო ცივილიზაციათა გზასაყარისა და აბრეშუმის გზის ისტორიულ მნიშვნელობას, რის შემდეგაც ყურადღება გაამახვილა იმ თანამედროვე გამოწვევებზე, რომლებიც თან ახლავს ციფრულ ეპოქას.
გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, რექტორის მრჩეველმა შეხვედრა ყაზახეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის (KAZNARU) ვიცე-რექტორთან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, პროფესორ რაფის აბაზოვთან გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და ერთობლივი გაცვლითი პროგრამების, კონფერენციებისა და ფორუმების ორგანიზებისთვის ორმხრივი მზაობა გამოხატეს.
აღსანიშნავია, რომ KAZNARU ყაზახეთის ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც აგრარულ მიმართულებასთან ერთად, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის, მენეჯმენტისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტებს აერთიანებს. შეხვედრის დასასრულს გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში მხარეებს შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივი პროექტების წარმატებულ განხორციელებას.
-
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული სესიები იმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი რობოტული ქირურგიის სიმულაციურ ტრენინგს უმასპინძლებს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-სა და გდანსკის უნივერსიტეტის მკვლევართა თანამშრომლობით, ახალი საერთაშორისო აკადემიური კრებული – Mass Communication in the Digital Era გამოიცა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი