GE

რომელ სკოლებში გაიხსნება მყისიერად სპეციალური სამედიცინო კაბინეტები  – გარემონტებული სკოლების უპირატესობა

სკოლაში, რომელიც რეაბილიტაციას ექვემდებარება, სპეციალური სამედიცინო პუნქტი, სარემონტო სამუშაოების შემდეგ გაიხსნება, სხვა სასწავლო დაწესებულებები კი, უფრო ადრე – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის მიერ გადამუშავებული 2022 წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით განიხილა. კითხვა, თუ რა ვადებში მოხდება სპეციალური სამედიცინო სივრცეების მოწყობა, პერსონალის დასაქმება და მათი უზრუნველყოფა, უკვე მიღებული პროექტის ინიციატორმა პარლამენტის წევრმა, ლადო კახაძემ დასვა.

ლაშა ხუციშვილმა ლადო კახაძეს უპასუხა, რომ ამ მიმართულებით, მუშაობა უკვე მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, სამიზნე მაჩვენებელი კი, დააახლოებით 1500 სკოლის სამედიცინო კაბინეტებით უზრუნველყოფაა. მინისტრის განცხადებით, ამ 1500 სკოლის მოცვას გარკვეული პერიოდი დასჭირდება, თუმცა იმ სკოლებში, სადაც რემონტი და მშენებლობაა დაგეგმილი, აღნიშნული პროექტის განხორციელება კიდევ კარგა ხანს ვერ მოხერხდება, რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოები მომდევნო წელს იწყება.

„ბუნებრივია, ჩვენ ვანხორციელებთ სკოლების რეაბილიტაციას და როდესაც სკოლა რეაბილიტაციას საჭიროებს და იქ რეაბილიტაცია ხორციელდება, ასეთ სკოლაში ჯერ რეაბილიტაცია უნდა განხორცეილდეს და შემდგომ უნდა მოეწყოს ასეთი ტიპის ოთახები, თუმცა, სადაც ამის შესაძლებლობაა, ამის დაწყება მოხდება მყისიერად“, – განაცხადა მინისტრმა 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, რომელიც ამბობს, რომ 2-3 წელი მაინც არის საჭირო, რომ ექიმებითა და სამედიცინო კაბინეტებით აღიჭურვოს სკოლების მნიშვნელოვანი ნაწილი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ რეგიონებში სოფლის იმ ამბულატორიების გამოყენებასაც აპირებენ, რომლებიც სკოლასთან ახლოს მდებარეობს, სამედიცინო სივრცეების მოწყობის ხარჯებს განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტრო გაიღებს და ჯანდაცვის სამინისტროს რესურსი არ დაიხარჯება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება „ზოგადი განათლების შესახებ კანონში”, რომელიც ყველა საჯარო და კერძო სკოლას სამედიცინო პუნქტის ქონას ავალდებულებს.

ასევე იხილეთ:

დიდ სკოლებში სამედიცინო კაბინეტები მოეწყობა, რეგიონებში კი, სკოლის მოსწავლეებს სოფლის ამბულატორია მოემსახურება – ვადები

კანონი, რომელიც ყველა სკოლას სამედიცინო პუნქტის ქონას ავალდებულებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა – დოკუმენტი

სკოლებში სამედიცინო პუნქტების ასამუშავებლად 31 მილიონი, შემდგომ წლებში კი 9,5 მლნ ლარი იქნება საჭირო – ახალი დეტალები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური