GE

რომელი სტუდენტები მიიღებენ სწავლისთვის 500 ლარს გორში და კიდევ ვინ მიიღებს ფულად დახმარებებს მერიისგან – დეტალები

გორის მუნიციპალიტეტში 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტუდენტებს, სპორტსმენებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ობოლ, რეინტეგრაციასა და ძალადობის ქვეშ მყოფ ბავშვებს ფულადი სახსრებით დაეხმარებიან და ეს დახმარება ერთჯერადი ხასიათის იქნება, – ამის შესახებ გორის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ „გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც 14 დეკემბერს გამოქვეყნდა.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლის საფასურის თანადაფინანსების წესი იმოქმედებს და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თითოეულ სტუდენტზე ის 500 ლარით განისაზღვრება. აღნიშნული დახმარება ერთჯერადად გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მინიჭებული აქვთ 0-დან 120 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არ აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი.

გორის მერია ერთჯერად ფულად დახმარებას გაუწევს ოლიმპიური სახეობების საქართველოს ნაკრების მოქმედ სპორტსმენებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 120 000- ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა. სპორტსმენები 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

გორის ბიუჯეტიდან თანხას მიიღებენ 0-დან-18 წლამდე დედ-მამით ობოლი და ასევე ის ბავშვები, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები. დახმარება იქნება ერთჯერადი და ყველა ბავშვი 1000 ლარს მიიღებს. ახალი დადგენილება დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე პაციენტების დახმარებასაც გულისხმობს. მათი სტაციონარული მკურნალობა ერთჯერადად 500 ლარით დაფინანსდება.

ახალი დადგენილება ითვალისწინებს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებასაც. 0-დან 150000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, რომლებსაც მესამე შვილი შეეძინებათ, ერთჯერადად 300 ლარი გადაეცემათ.

ერთჯერადად, 500 ლარს მიიღებენ 0-დან 18-წლამდე 4-შვილიანი ოჯახები, ხოლო იმ ოჯახებს, სადაც 5 და მეტი 0-დან 18 წლამდე ბავშვია, თითო ბავშვზე 200 ლარი გადაეცემათ.

რეინტეგრაციაში მყოფი თითოეული ბავშვისთვის (ვინც იმყოფება ბავშვთა სახლში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში ან მინდობით აღზრდაში) გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 80 ლარი იქნება გათვალისწინებული.

გორის ბიუჯეტიდან დაფინანსდება ასევე ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსები. წლის განმავლობაში ერთჯერად დაფინანსებას 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით მიიღებს 18 წლამდე ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვი (საჭიროების შემთხვევაში ოჯახთან ერთად), რომელიც რეგისტრირებულია გორის მუნიციპალიტეტში 2021 წლამდე.

გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი ეხება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოსახლეობას, ასევე – გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირების.

სად და რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს თითოეულმა ბენეფიციარმა, ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ამოიკითხოთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური