GE

ისტორია: „თუ პასუხი არგუმენტის გარეშე იქნება, ის არ შეფასდება, არ უპასუხოთ ზედმეტი“

„თუ ისტორიის ტესტზე მუშაობისას შესაბამის დავალებაში ასახელებთ ანალოგიას [ისტორიული მოვლენის], მაგრამ მას არგუმენტებით არ გაამყარებთ, შეფასებას ვერ მიიღებთ“, – ასე აფრთხილებს 2024 წლის აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი.

მანანა ჯავახიშვილმა სხვადასხვა წლების აბიტურიენტებთან დაკავშირებული ამ პრობლემის შესახებ აპრილში გამართული ღია კარის დღის ფარგლებში ისაუბრა და მომავალ სტუდენტებს მითითებებიც მისცა.

“ერთხელ კი არა, ორჯერ წაიკითხეთ შეკითხვები, რათა ზუსტად უპასუხოთ და თქვენი პასუხები ადეკვატური იყოს. ხშირად, როცა აბიტურიენტს პასუხი არ აქვს, ცდილობს, რომ რაღაცნაირად გამოძვრეს და ისეთ ზოგად პასუხებს სცემს, როგორებიცაა, მაგალითად: “კარგი შედეგის მომტანი იყო”, ან “ცუდი შედეგის მომტანი იყო”. ეს არაფრისმთქმელი არ არის, რა თქმა უნდა, ასეთი პასუხები არ შეფასდება, უნდა იყოს კონკრეტიკა და ჩვენ დავალების პირობაშიც ვწერთ, რომ მოვითხოვთ კონკრეტულ, არგუმენტირებულ პასუხს. თუ პასუხი არგუმენტის გარეშე იქნება, ის არ შეფასდება”, – განმარტა მანანა ჯავახიშვილმა.

წყაროს ანალიზის წერის მაგალითი ისტორიაში – ნიმუში, სწორი პასუხები და შესრულების ინსტრუქცია სპეციალისტისგან

ის შეეხო კიდევ ერთი მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც აბიტურიენტების გასული წლების ნაშრომებიდან ჩანს და აპლიკანტებს მიუთითა, რომ ისტორიის ტესტზე მუშაობისას უპასუხონ მხოლოდ იმაზე, რასაც ეკითხებიან, რადგან ზედმეტობით წერისას, უეცარი, ფაქტობრივი შეცდომების დაშვების ალბათობაა, რომელიც გასწორებისას მათ სწორ მსჯელობას გააბათილებს და ქულა დაეკარგებათ.

“ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რას გთხოვენ. მაგალითად არის დავალებაში, რომ მომიყვანე ვთქვათ 2 არგუმენტი, ან დამისახელე 3 ქალაქი მაინც… მიაქციეთ ყურადღება, რომ რამდენსაც გთხოვენ, იმდენი უპასუხოთ. ხშირია, როდესაც უფრო მეტს პასუხობენ, ვიდრე ჩვენ ვეკითხებით. ეს იმის გამო ხდება, რომ აბიტურიენტს სურს, თავისი ერუდიცია გამოავლინოს და ხშირად, ასეთი მცდელობის დროს, ცოდნის გამოვლენის ნაცვლად, პირიქით, შეცდომებს უშვებს და ისეთ მდგომარეობაში იგდებს თავს, რომ გამსწორებელი ქულას უუქმებს, რადგან ისეთი ფაქტობრივი შეცდომა დაუშვა, წყალში გადაყარა დაწერილი მისი წინარე მსჯელობა; ან არასწორი თარიღი დაასახელა, ან არასწორი პიროვნება მოიყვანა და საქმე გაიფუჭა. გაითვალისწინეთ, ეს არ არის ლირიკა, პოეზია და მხატვრული ლიტერატურა, ეს არის ისტორია და ზედმეტობას სჯობს, რასაც გთხოვენ, იმაზე გასცეთ პასუხი”, – დასძინა ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

ასევე იხილეთ:

„ეს ძალიან დიდი ყურადღებით გააკეთეთ!“ – მნიშვნელოვანი გაფრთხილება და თხოვნა 2024 წლის აბიტურიენტებს

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური