როგორ უნდა იმუშაოს აბიტურიენტმა სამოქალაქო განათლების ტესტზე – ინსტრუქცია და რჩევები
2024 აბიტურიენტებისთვის გამართული ღია კარის დღის ფარგლებში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა პრაქტიკული ინსტრუქცია-რჩევები სამოქალქო განათლების არჩევითი საგნის შესახებაც გასცეს და როგორც ირკვევა, სამოქალაქო განათლება სულაც არ არის იოლად ჩასაბარებელი საგანი, როგორც ეს სხვა, ე.წ. რთულ არჩევით საგნებთან შედარებით ჩანს.
ტესტში მოცემული იქნება შემდეგი დავალებები:
არჩევითპასუხებიანი დავალებები (მაქსიმალური ქულა – 24);
შესაბამისობის დადგენა (მაქსიმალური ქულა -2);
შეცდომის გასწორება (მაქსიმალური ქულა -11);
სასკოლო პროექტი (მაქსიმალური ქულა – 4);
ილუსტრაციის ანალიზი (მაქსიმალური ქულა – 4);
არგუმენტირებული მსჯელობა (მაქსიმალური ქულა – 4);
წყაროს ანალიზი (მაქსიმალური ქულა -11).
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სამოქალაქო განათლების ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა – 3 საათი და 10 წუთი. აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
რა არის მნიშვნელოვანი სამოქალაქო განათლების ღია დავალებებში მაქსიმალური ქულის მისაღებად:
- ყურადღებით გაეცანით დავალების მოთხოვნას და გაეცით კონკრეტული პასუხი;
- პასუხში უნდა ჩანდეს სამოქალაქო განათლების საგნის ცნებებისა და ტერმინების ცოდნა და მათი გამოყენების უნარი, სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების ანალიზის უნარი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული არგუმენტაციის უნარი;
- წერეთ გარკვევით;
- პასუხი ჩაწერეთ პასუხების ფურცელზე შესაბამის ადგილას. თქვენი ნაწერი არ უნდა გასცდეს პასუხისათვის გამოყოფილ არეალს;
- თუ სამუშაო ფურცელზე მუშაობთ, დაიტოვეთ საკმარისი დრო თქვენი ნაშრომის პასუხების ფურცელზე გადასატანად.
რამდენიმე ინსტრუქცია დავალებების შესრულების პროცესში:
დავალების შესრულებისას, რომელიც ითვალისწინებს შეცდომების გასწორებას, პასუხების ფურცელზე უნდა გადაიტანოთ მხოლოდ ნაპოვნი შეცდომა მის გასწორებულ ვარიანტთან ერთად და არა მთელი წინადადება. შეცდომათა არასწორი თანმიმდევრობა გავლენას არ მოახდენს შეფასებაზე.
სასკოლო პროექტის მონახაზის შედგენის დროს შეეცადეთ პასუხი არ იყოს შაბლონური. თქვენ მიერ შემოთავაზებული ამოცანები პროექტში დასახული მიზნის მიღწევის ორ განსხვავებულ მიდგომას უნდა ასახავდეს. თითოეული ამოცანა და მათი განხორციელების გზა უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმგვარი ფორმით, რომ შესაძლებლობას იძლეოდეს განისაზღვროს მისაღწევი შედეგი.
დავალების შესრულებისას, რომელიც ითხოვს სადისკუსიო საკითხის შესახებ არგუმენტირებულ მსჯელობას, თქვენ უნდა დაასახელეთ როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა არგუმენტები. გაითვალისწინეთ, თითოეული არგუმენტი უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და დამოუკიდებელი აზრის მატარებელი. მსჯელობა უნდა მოიცავდეს მტკიცებულებას, რომლის საფუძველზეც გარკვეული პოზიციის დასაბუთებაა შესაძლებელი.
“ხშირად არის ხოლმე, რომ პასუხი მოდის და არ ჩანს არგუმენტაციის უნარი. არგუმენტაციისას უნდა იცოდეთ როგორ არის საჭირო არგუმენტის ფორმულირება. როდესაც რაღაცის დასაბუთებას ცდილობთ, “სადღაც ამოვიკითხე” არ არის არგუმენტი. ეს უნდა იყოს – “ეს ასეა ამიტომ და ამიტომ”. თქვენი არგუმენტი უნდა იყოს რაციონალური, რომ ჩვენ ჩავთვალოთ, ის არის მყარი, აქვს საფუძველი და არ არის მხოლოდ სუბიექტური განცდა”, – უთხრა 2024 წლის აბიტურიენტებს სამოქალაქო განათლების საგნის ჯგუფის წარმომადგენელმა, დავით ფარცხალაძემ აპრილის ბოლოს გამართულ ღია კარის დღეზე.
ასევე იხილეთ:
„ეს ძალიან დიდი ყურადღებით გააკეთეთ!“ – მნიშვნელოვანი გაფრთხილება და თხოვნა 2024 წლის აბიტურიენტებს
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024