მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ორი ფუნდამენტური პრობლემა – სიკო ჯანაშიას შეფასება ზგემის საბოლოო ვერსიაზე
განათლების საკითხების მკვლევარი, სიკო ჯანაშია, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ბოლო ვერსიის შესახებ საკუთარ მოსაზრებასა და ანალიზს EDU.ARIS.GE-ს მკითხველს უზიარებს.
ექსპერტი თვლის, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ბოლო ვერსიაში, განსახილველ რედაქციასთან შედარებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვხვდება, თუმცა ორი მნიშვნელოვანი შეცდომა ამ ვერსიაში მაინც რჩება. გარდა ამისა, სიკო ჯანაშიას შეფასებით, პრობლემებს დაემატა კიდევ ერთი, ახალი გარემოება, რომელიც ნაკლებად უკავშირდება თავად ტექსტს, მაგრამ უფრო მეტად ამ დოკუმენტის ლეგიტიმურობის საკითხს.
განათლების საკითხების მკვლევარის შეფასებას უცვლელად წარმოგიდგენთ:
მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა, რომ დოკუმენტის ტექსტში შემცირებულია მკვეთრად ნაციონალისტური და კონსერვატული რიტორიკა. ასევე, ნაკლები ხაზგასმაა სახელმწიფოს უპირატესობაზე ინდივიდთან მიმართებაში. ტექსტი ტერმინოლოგიურად და სტრუქტურულადაც შედარებით დაიხვეწა და თითოეულ მიზანს ნაკლები გადაკვეთა აქვს ერთმანეთთან. ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ხალხს, რომელიც ამ დოკუმენტზე მუშაობდა.
რაც შეეხება დარჩენილ ფუნდამენტურ პრობლემებს, აქ ორს გამოვყოფ. პირველი, ისევე როგორც განსახილველ რედაქციაში, ეს ტექსტიც ემყარება მოძველებულ პედაგოგიურ ხედვას. იმის ნაცვლად, რომ მოსწავლეს პირობები შევუქმნათ, რომ მას ჰქონდეს შესაძლებლობა გარკვეული ცოდნა შეიძინოს და ღირებულებები განივითაროს, მიზნების დოკუმენტი ეს ვერსია კვლავ ამბობს, რომ ყველა კურსდამთავრებული კონკრეტულ ცოდნასა და ღირებულებებს უნდა ფლობდეს. ეს ეწინააღმდეგება კონსტრუქტივისტულ და ჰუმანისტურ, მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომას, რაც გულისხმობს მოსწავლის სწავლის სუბიექტად და არა ობიექტად აღიარებას. ამ მიდგომის უკიდურესად პრობლემური ნაწილი ისიცაა, რომ სახელმწიფო ამ მიდგომის მიხედვით მოქალაქეების აღმზრდელადაც გვევლინება – რაც დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. სახელმწიფო საჭირო პირობებს უნდა ქმნიდეს, ხოლო აღზრდა უშუალოდ საგანმანათლებლო პროცესის მონაწილეების მიერ უნდა ხდებოდეს და არა პოლიტიკური კლასის, პოლიტიკური სისტემის ან სახელმწიფო მანქანის პირდაპირი ჩართულობით.
მეორე პრობლემად კვლავ რჩება ის, რომ ტექსტი არასწორად აღწერს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიმართებას, სასკოლო სისტემის არსს. ნორმალური იქნებოდა, რომ ეროვნული მიზნების დოკუმენტი შედგენილ იქნას, როგორც საზოგადოებრივი დაკვეთა სახელმწიფოს მიმართ. სასკოლო სისტემა კი განიხილებოდეს, როგორც სახელმწიფოს პოლიტიკის ინსტრუმენტი, ამ დაკვეთის შესასრულებლად. ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნების დოკუმენტის ამ ვერსიაში საზოგადოება და სახელმწიფო განხილება როგორც ორი დამკვეთი სკოლების მიმართ. ეს იერარქია არასწორ დამოკიდებულებას ქმნის, რადგან რეალურად ამ მიზნების შესრულებაზე პასუხისმგებლობას არა სახელმწიფოს, არამედ სკოლას აკისრებს. სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარად უნდა იყოს. სახელმწიფო პოლიტიკა უნდა შევაფასოთ ამ მიზნებთან მიმართებაში. სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია ყველაფერი ის, რასაც სასკოლო სისტემა და მისი შემადგენელი სკოლები აღწევენ. სახელმწიფო პასუხს უნდა აგებდეს იმ პირობებზე, რომელიც არსებობს საქართველოში იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა (და არა ვალდებულება) ჩამოყალიბდნენ მოქალაქეებად.
შედარებით უმნიშვნელო პრობლემად რჩება ტერმინების არასწორი გამოყენება. სინონიმები, როგორიცაა ერი და სახელმწიფო, ზნეობა და მორალი კვლავაც არასწორი კომბინაციით გამოიყენება. ტექსტში გვხვდება ასევე ისეთი ტერმინები (მაგალითად “ციფრული მოქალაქეობა)”, რომელთა გამოყენება განათლების სისტემაში დანერგილ დროებით ტერმინებზეა მიბმული. ამგვარი ტერმინების გამოყენება სარისკოა, რადგან რამდენიმე წლის შემდეგ შესაძლოა იგივე პრინციპის, მსგავსი მიზნების გამოხატვა სრულიად განსხვავებული ტერმინებით იყოს მიზანშეწონილი.
ახალი პრობლემა, რომელიც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის შემუშავების პროცესს ახლავს, მის დამტკიცების პროცესს უკავშირდება. ამ დოკუმენტის დამტკიცება უწევს პარლამენტს, რომლის უმრავლესობა ქართული ოცნების პარტიის წევრია თავად ეწინააღმდეგება იმ იდეალებს, რასაც ეს დოკუმენტი ასახავს. მაშინ როდესაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი მოსწავლეებში კრიტიკულ, დემოკრატიულ, სახელმწიფოებრივ აზროვნების ჩამოყალიბებას გვპირდება, მმართველი პარტია ცდილობს გააჩუმოს ყველა, არადემოკრატიულად მიაწებოს აგენტების დამამცირებელი სტატუსი მათ, ვისაც პოლიტიკის კრიტიკული შეფასება სურს, ვინც მაღალი სახელმწიფოებრივი სტანდარტებით ხელმძღვანელობს. სამწუხაროა, მაგრამ ასეთ გარემოში ამ უაღრესად მაღალი მნიშვნელობის დოკუმენტის ლეგიტიმურობას მხოლოდ ზიანი ადგება.
ამავე თემაზე:
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება