რომელი უნივერსიტეტი ამატებს ეროვნულ გამოცდაზე არჩევით საგნად სამოქალაქო განათლებას?
სიახლე აბიტურიენტებისთვის – ახალი არჩევითი საგანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას. “სამოქალაქო განათლება” საგამოცდო ტესტებში წელს პირველად გამოჩნდება. აქამდე არჩევითი საგნების რაოდენობა 8 იყო. რაც შეეხება სავალდებულო საგნებს, ქართულის, უცხო ენისა და ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება ნებისმიერ აბიტურიენტს უწევს. სამოქალაქო განათლების ტესტი სავალდებულო არ არის და უნივერსიტეტები დამოუკიდებლად გადაწყვეტენ შეიტანენ თუ არა ჩამონათვალში ახალ დისციპლინას.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მიიჩენევს, რომ სამოქალაქო განათლების ტესტების დამატებით ახალგაზრდებს არჩევანის გაკეთების საშუალება ეზრდებათ და მათთვის სასურველ პროფესიასთან ახლოს მყოფი კიდევ ერთი დისციპლინა გაჩნდება არჩევითი საგნების ჩამონათვალში. როგორც მიმინოშვილმა Aris.ge-განათლებას განუცხადა, საგნის ჩაბარება სავალდებულო არ იქნება და უნივერსიტეტები თავად გადაწყვეტენ მოსთხოვენ თუ არა ჩაბარების მსურველებს ახალ საგანს.
“საქმე გვაქვს შეთავაზებასთან. უმაღლეს სასწავლებლებს ვთავაზობთ – თუ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ კონკრეტულ მიმართულებაზე კარგი იქნებოდა აბიტურიენტებს აერჩიათ სამოქალაქო განათლება, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოუწევს აბიტურიენტს ამ გამოცდის ჩაბარება. შარშანაც შევიტანეთ ჩამონათვალში სახვითი ხელოვნება და ძალიან პოპულარული გახდა. ამ შემთხვევაში გვაქვს სამოქალაქო განათლება. ლოგიკურად თუ შევხედავთ, როდესაც აბიტურიენტი იურიდიულ ფაკულტეტზე აბარებს, სამოქალაქო განათლება მის პროფესიასთან უფრო ახლოს არის ვიდრე გეოგრაფია ან სხვა არჩევითი საგანი. არჩევანის გაკეთების მხრივ ყველა თავისუფალია. პირველ რიგში უნივერსიტეტებმა უნდა გააკეთონ არჩევანი, თუ რომელ საგანს დააწესებენ არჩევითებში და შემდგომ უკვე აბიტურიენტის გადასაწყვეტია რას ჩააბარებს”,- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
ეროვნული გამოცდების არჩევითი საგნების ნუსხაში ახალი დისციპლინის გაჩენა აბიტურიენტების აზრით სერიოზული დაბრკოლება არ არის. მათი თქმით, სკოლებში სამოქალაქო განათლების კურსი ისწავლება და საგანიც ელემენტარულ წესებს მოიცავს, რომლებსაც მოქალაქეები ყოველდღიურ ცხოვრებაში იცავენ.
როგორც მომავალი სტუდენტი ანა ლალიაშვილი Aris.ge-განათლებასთან ამბობს, იგი არ აირჩევს სამოქალაქო განათლებას, თუმცა არჩევითი საგნების რაოდენობის ზრდის წინააღმდეგი არ არის.
“წესით, არ უნდა იყოს ცუდი არჩევითი საგნების რაოდენობის გაზრდა. ალბათ დიდი არჩევანის პირობებში ყველას ექნება საშუალება ის საგანი ჩააბაროს მეოთხე გამოცდად, რაც უფრო კარგად ესმის და ადვილად დასაძლევად მიაჩნია. ასეთია ჩემი აზრი და ასე ფიქრობს ჩემ გარშემო მყოფი, ჩემი მეგობარი აბიტურიენტების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა. რომ დაგვიწესონ, რომ მეოთხე სავალდეულო საგანი იქნება სამოქაალქო განათლება, ასეთ შემთხვევაში უკმაყოფილებას ნამდვილად გამოვთქვამდით, თუმცა ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს არჩევითი საგნების რაოდენობის ერთით გაზრდას – ვისაც უნდა აირჩევს, ვისაც არ უნდა – არა. პირადად მე არ ვგეგმავ არჩევით საგნად სამოქალაქო განათლების დაფიქსირებას”,- ამბობს Aris.ge-განათლებასთან ანა ლალიაშვილი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამჟამად სამოქალაქო განათლების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილი პროგრამის განხილვის პროცესშია. თამარ სანიკიძის თქმით, არჩევითი საგნების რაოდენობის გაზრდა აბიტურიენტებისთვის ხელსაყრელი იქნება. რაც შეეხება საკითხს – არიან თუ არა მზად ახალი დისციპლინის ჩასაბარებლად ახალგაზრდები, მინისტრი ამბობს რომ სამოქალაქო განათლებას სკოლებში მეცხრე კლასიდან სწავლობენ, ამიტომ ახალი ტესტის დამატება პრობლემური არ არის.
“რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება არჩევითი საგნების ჩამონათვალი, მით უფრო მეტ საშუალებას მისცემს უნივერსიტეტებს და შესაბამისად, აბიტურიენტებს, რომ მათ პროფესიასთან უფრო ახლოს მყოფი საგანი აირჩიონ და არჩევანი არ იყოს შაბლონური. მაგალითად – მხოლოდ ისტორიის და გეოგრაფიის არჩევა. შესაბამისად, ეროვნული გამოცდების ცენტრს სამინისტროში უკვე წარმოდგენილი აქვს პროგრამა, მიმდინარეობს ამის გადახედვა და შედარება სტანდარტებთან – იმის მიხედვით, თუ რა საგანმანათლებლო პროგრამა გვაქვს სკოლაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დღეებში დავამტკიცებთ პროგრამას და შემდეგ უკვე ხელმისაწვდომი იქნება და გამოჩნდება სრული ინფორმაცია”,- განუცხადა Aris.ge-განათლებას თამარ სანიკიძემ.
მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ პროგრამა დაფუძნებული იქნება იმ სტანდარტზე და იმ სავალდებულო საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სკოლებში მეცხრე და მეათე კლასებში ისწავლება.
“მოგეხსენებათ, მეცხრე და მეათე კლასებში სამოქალაქო განათლების სწავლა სავალდებულოა. სწორედ ამ პერიოდში მომზადდება საგამოცდო ტესტი სასწავლ მასალაზე დაყრდნობით და არ გვაქვს მხედველობაში მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასების მასალა, რადგან ამ კლასებში სამოქალაქო განათლების სწავლა არჩევითია. ყველა შემთხვევაში, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ სავალდებულო საგნების ნუსხაში არსებული პროგრამით გათვალისწინებული ყველა დეტალი გათვალისწინებული იქნება”,- ამბობს თამარ სანიკიძე.
როგორც Aris.ge-განათლებამ გაარკვია, ახალი საგანი ამ დროისათვის მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო. უკვე გადაწყდა რომ უნივერსიტეტი სამოქალაქო განათლებას არჩევითი საგნების ჩამონათვალში შეიტანს.
რაც შეეხება სხვა უნივერსიტეტების დაინტერესებას, მათი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
რატომ გადაწყვიტა “ილიაუნიმ” ახალი დისციპლინის ათვისება, საკითხზე Aris.ge-განათლებასთან ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენელი საუბრობს.
“სამოქალაქო განათლების მიმართულებით ფაკულტეტზე გვაქვს რამდენიმე კურსი, კერძოდ: “სამოქალაქო განათლება” და “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები და სახელმწიფო”. ეს კურსები სავალდებულო არ არის და არჩევითია საბაკალავრო საფეხურის სოციალური მეცნიერებების სტუდენტებისთვის და თავისუფალი არჩევის წესით შეუძლიათ აირჩიონ სხვა მიმართულებების პროგრამების სტუდენტებსაც”,– აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი ხვიჩა ბერიძე.
ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს სავარაუდოდ, 25 ივნისიდან დაიწყება. უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებული ადგილების რაოდენობა თებერვლის ბოლომდე გამოქვეყნდება. აბიტურიენტების რეგისტრაციაც სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 36 000–ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ სტუდენტთა კვოტა კი უპრეცედენტოდ დიდი იყო და მისმა რაოდენობამ 44 000 შეადგენა.
გიორგი არის© ხურცია
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება