GE

დამტკიცდა პროფესიული განათლების მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი – დოკუმენტი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა პროფესიული განათლების მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დაამტკიცა. სტანდარტი შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: ანალიზი და დაგეგმვა; სასწავლო გარემოს მოწყობა; სასწავლო პროცესის წარმართვა; პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მიღწევების შეფასება; ეთიკური და ეფექტიანი სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბება; საკუთარ პროფესიული განვითარებაზე ზრუნვა.

6 სტანდარტის შესაბამისად დადგინდა პროფესიული მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციებიც. (იხილეთ დანართები ცხრილების შესაბამისად).

დღეს, 12 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აქამდე არსებული (2024 წლის) სტანდარტი ძალადაკარგულად გამოცხადდა.

პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1. პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (შემდგომ – პროფესიული სტანდარტი) განსაზღვრავს პროფესიული განათლების მასწავლებლის კომპეტენციებს.

2. პროფესიული სტანდარტის მიზანია პროფესიული განათლების ფარგლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის ხელშეწყობა.

3. პროფესიულ სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესითა და პირობებით“ განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 2. პროფესიული სტანდარტის სტრუქტურა

1. პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის განსაზღვრულია 6 (ექვსი) სტანდარტი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს დაზუსტებებს და კომპეტენციებს.

2. სტანდარტი განსაზღვრავს პედაგოგიური საქმიანობის ზოგად ნიშნულებს, რომლთა დაკმაყოფილება აუცილებელია პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ.

3. დაზუსტება წარმოადგენს თითოეული სტანდარტის დეტალურ აღწერას.

4. კომპეტენცია აღწერს იმ პედაგოგიურ ცოდნას, უნარებსა და ღირებულებებს, რომლებიც უნდა იცოდეს/ შეეძლოს/ახასიათებდეს პროფესიული განათლების მასწავლებელს.

მუხლი 3. პროფესიული სტანდარტი

1. პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტებია:

ა) სტანდარტი 1. ანალიზი და დაგეგმვა – დარგის განვითარების უახლესი ტენდენციების, განახლებული ცოდნისა და ტექნოლოგიების, მათ შორის, სწავლა-სწავლების ახალი მეთოდოლოგიის და პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ინდივიდუალური საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, სასწავლო პროცესის დაგეგმვა, კოლეგებთან თანამშრომლობით, შესაბამისი მარეგულირებელი აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით;

ბ) სტანდარტი 2. სასწავლო გარემოს მოწყობა – უსაფრთხო, პოზიტიური და პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მხარდაჭერაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა ინკლუზიური და თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად და სწავლის შედეგების მისაღწევად;

გ) სტანდარტი 3. სასწავლო პროცესის წარმართვა – პროფესიულ სტუდენტზე/მსმენელზე, მათ შორის სხვადასხვა საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტზე/მსმენელზე, ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვა სასწავლო გეგმის და სწავლის შედეგების შესაბამისად, თანამედროვე/მრავალფეროვანი მეთოდების, ტექნოლოგიებისა და სასწავლო რესურსების გამოყენებით;

დ) სტანდარტი 4. პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მიღწევების შეფასება – პროგრამისა და სწავლის შედეგების შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტების შერჩევა, შექმნა/ადაპტირება და გამოყენება; პროფესიული სტუდენტის/მსმენელის შეფასების შედეგების ანალიზი, საჭიროებისამებრ უკუკავშირის მიწოდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;

ე) სტანდარტი 5. ეთიკური და ეფექტიანი სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბება – პროფესიულ სტუდენტთან/მსმენელთან, კოლეგებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობითი, საქმიანი, ეთიკური და ეფექტიანი ურთიერთობის წარმართვა;

ვ) სტანდარტი 6. საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა – პროფესიის მიმართ წაყენებული მოთხოვნებისა და საკუთარი საქმიანობის ანალიზის საფუძველზე უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

2. თითოეული სტანდარტის დაზუსტება წარმოდგენილია პროფესიული სტანდარტის დანართი №1-ით, ხოლო კომპეტენციები – დანართი №2-ით.

მუხლი 4. პროფესიული სტანდარტის გამოყენების სფერო

პროფესიული სტანდარტის გამოყენება შესაძლებელია:

ა) პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმებისთვის;

ბ) პროფესიული განათლების მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;

გ) პროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და შერჩევის პირობების განსასაზღვრად;

დ) პროფესიული განათლების მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფისთვის;

ე) პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასებისთვის;

ვ) სხვა შესაბამისი მიზნებისთვის.

ცხრილების სახით გაეცანით პროფესიული განათლების მასწავლებლის კომპეტენციებსა და სხვა მნიშვნელოვან დაზუსტებებს: გივი მიქანაძის ბრძანება

ასევე იხილეთ:

ცნობილია, რომელი პროფესიული პროგრამები იყო ყველაზე პოპულარული 2025 წელს – საქსტატის მონაცემები

როდის უნდა ველოდოთ პროფესიული განათლების რეფორმას? – რას აანონსებს პრემიერ-მინისტრი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური