GE

CIU-ში საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მედიის თემატიკაზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

12 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მედიის თანამედროვე გამოწვევები“ – გაიხსნა. ღონისძიება, რომელიც ორი დღის განმავლობაში ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობს, 100-ზე მეტ ქართველ და უცხოელ მკვლევარსა და მეცნიერს აერთიანებს.

კონფერენციის მაღალი აკადემიური სტატუსი განპირობებულია მისი ორგანიზატორების, მონაწილეებისა და მომხსენებელთა მრავალფეროვნებით. ფორუმის მომზადებაში ჩართულნი იყვნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამართლის ფაკულტეტი, იაგელონიის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ევრაზიის სივრცის შესწავლის დეპარტამენტი, იოზეფ გოლუხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (პოლონეთი), ბელოსტოკის უნივერსიტეტი (პოლონეთი), ალფარაბის სახელობის ყაზახეთის ეროვნული უნივერსიტეტი (ყაზახეთი) და სტრატეგიული პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრი.

კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აკადემიური სფეროსა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებმა. აუდიტორიის წინაშე წარდგნენ: კახაბერ კორძაია – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი; ეკატერინე ჭალაგანიძე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; გიორგი ხატიძე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი; გიორგი დგებუაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; მინდია უგრეხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი; სალომე ტყეშელაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი; მაია შუხოშვილი – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი;

რიჩარდ ფარკასი – დეპოლის უნივერსიტეტის პროფესორი; ანა იაჰი – კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის ევრაზიის ქვეყნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი; კინგა ფლაგა-გიერუშინსკა – შჩეცინის უნივერსიტეტის ვიცერექტორი, პროფესორი; ოლივერ სტიუარდი – საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (გაერთიანებული სამეფო); ორხან იოლჩუევი – სტრატეგიული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრის (CASPIA) დირექტორი. კონფერენციის მსვლელობისას პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ აუდიტორიას გააცნო იოსებ გოლუხოვსკის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის პროფესორ პაველ გოტოვიეცკის სპეციალური მიმართვა.

ოფიციალური გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ, კონფერენციამ მუშაობა ოთხ თემატურ სექციაში განაგრძო. მეცნიერებმა, ექსპერტებმა და მკვლევრებმა დარგობრივი საკითხები განიხილეს შემდეგი მიმართულებებით: საერთაშორისო ურთიერთობები და თანამედროვე პოლიტიკური პროცესები; 21-ე საუკუნის საერთაშორისო უსაფრთხოება; საერთაშორისო სამართალი; მედია.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზანია საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლისა და მედიის სფეროში არსებული გამოწვევების სამეცნიერო ანალიზი და მათზე რეაგირების გზების ძიება. ამასთანავე, ფორუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტებსა და მკვლევრებს შორის მჭიდრო აკადემიური კონტაქტების დამყარებას, გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო ერთობლივი პროექტებისთვის მყარი პლატფორმის შექმნას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური