GE

როგორ და რა ნივთებით ვითამაშოთ მათემატიკის გაკვეთილზე – თამაშით სწავლების უპირატესობები დაწყებით საფეხურზე

ავტორი: ქეთევან გვილავა, მასწავლებელი 21-წლიანი გამოცდილებით, წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა; კეპლერის აკადემიის სახალისო მათემატიკისა და ლოგიკის პედაგოგი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:

დაწყებითი საფეხური ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. სწორედ ამ ასაკში ყალიბდება სწავლისადმი დამოკიდებულება, მოტივაცია და აკადემიური საფუძვლები. ბავშვი სამყაროს აღიქვამს ემოციურად, მოძრაობით, ცდებითა და აღმოჩენებით. ამ ასაკში სწავლა ვერ იქნება მხოლოდ თეორიული პროცესი – ის უნდა იყოს გამოცდილება. სწორედ ამიტომ თამაშით სწავლება განსაკუთრებით ეფექტურია მათემატიკის სწავლებისას ამ ასაკში.

ჩემი პედაგოგიური საქმიანობის მთავარი ინსტრუმენტია თამაში.

თამაში სწავლების ერთ-ერთი სერიოზული და საინტერესო ფორმაა, სადაც მასწავლებელი ახერხებს საგაკვეთილო პროცესში თანაბრად ჩართოს სხვადასხვა აკადემიური შესაძლებლობის, განსხვავებული ინტერესების, თუ ინდივიდუალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები.

როგორ ეხმარება მოსწალეს თამაშით სწავლება?

თამაში ბავშვის ენაა. საგაკვეთილო პროცესში თამაშისას კი მოსწავლე:

  • აქტიურად და ხალისით ერთვება პროცესში;
  • არ აქვს მარცხისა და შეცდომის დაშვების შიში;
  • მეტად გამოხატავს საკუთარ აზრს;
  • სწავლობს თანამშრომლობას, მოსმენას, სხვისი აზრის გათვალისწინებას;
  • უკეთესად აკონტროლებს დროს და სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს;
  • სწავლობს პრობლემების დანაწევრებას და ეძებს მისი გადაჭრის გზებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამგვარი მუშაობით ყალიბდება პოზოტიური დამოკიდებულება სწავლისა და საგნის მიმართ. თამაში ხელს უწყობს გააზრებით მუშაობას და იცავს მექანიკური, მოკლე ვადით საკითხის დასწავლისგან მოსწავლეს. რადგანაც თამაშით შესრულებული დავალებები არსოდეს ავიწყდებათ ბავშვებს.

როგორ და რით ვითამაშოთ მათემატიკის გაკვეთილზე?

გაკვეთილზე თამაშისთვის ვიყენებ ყოველდღიურ საგნებს – ერთჯერდი ქაღაქლდის ჭიქები, ქაღალდის თეფშები, ხის სარჭები, ხის ჩხირები, ბუშტები, ლოტო, ასაწყობი ლეგო, ლოგიკური თავსატეხები და ა.შ

როლური თამაშებით, გუნდური აქტივობებით, ვიზუალური და მანიპულაციური რესურსით მასწავლებელი ახერხებს მაქსიმუმს – ბავშვი ცვლის სტრატეგიას, დავალების შესრულებას ცდილობს თავიდან, სწავლობს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით. თუ გვინდა, რომ სწავლა იყოს ეფექტური, მდგრადი და ემოციურად უსაფრთხო, აუცილებელია საგაკვეთილო პროცესი მოვარგოთ ბავშვის ბუნებრივ ინტერესებს.

თამაშები:

„რიცხვების თავგადასავალი“ – მუყაოს ჭიქებს აწერია სხვადასხვა რიცხვი – ამ ჭიქებით მრავალნაირი დავალების შერულებაა შესაძლებელი. მაგალითად – დაალაგონ რიცხვები ზრდადობით, კლებადობით, გაანაწილონ ლუწებად და კენტებად, მაგიდაზე მოთავსებულ ამოცანებს, გამოსახულებებს დააფარონ შესაბამისი პასუხის მქონე ჭიქები. მოცემულ დავალებებს მოსწავლეები ასრულებენ ქვიშის საათის ჩამოცლამდე, რაც ძალიან ეხმარება ბავშვებს კონცენტრაციის, ფოკუსირების, სამუშაო რიტმის გაუმჯობესებაში.

„ააწყვე სწორი პასუხი“ – ხის ჩხირებითა და ხის სარჭებით შეგვიძლია სახალისოდ ვასწავლოთ ორმოქმედებიანი მაგალითები. ხის ჩხირებზე ვწერთ მაგალითებს, რომელთაც აკლია მოქმედების ნიშნები, მოქმედების ნიშნები წერია ხის სარჭებზე. ბავშვებმა უნდა შეძლონ ისე დაამაგრონ ხის სარჭები, (არითმეიკული მოქმედებები) რომ სწორი პასუხი მიიღონ.

„ამოცანების ლეგო“ – ეს თამაში განსაკუთრებულად უყვართ ბავშვებს. ლეგოების კუბიკებზე ვაწებებთ წინადადებებად დაშლილ ამოცანას. ბავშვებმა ისე უნდა ააწყონ ლეგოს კუბები, რომ ამოცანის სწორი პირობა მიიღონ, ბოლოს კი ამოცანის ამოხსნა და პასუხიც უნდა „დააშენონ“. შესაძლოა დავამატოთ ისეთი წინადადებები, რომელიც ამოცანის ამოსახსნელად არ გვჭირდება. ეს დაეხმარებათ მოსწავლეებს ტექსტის გააზრებაში. რათა მეტი ყურადღებით წაიკითხონ პირობა, რაც მთავარია ისწავლონ ტექსტის დანაწევრება და აწყობა სიზუსტით. რაც ძალიან უჭირთ მოსწავლეებს.

ასევე იხილეთ:

მოსწავლის ქცევის მართვა მხარდაჭერაზე დაფუძნებული მიდგომებით – რჩევები მშობლებსა და მასწავლებლებს

„როცა სკოლა მასწავლებელს კლასის დამრიგებლობას სთხოვს, სინამდვილეში 5 ადამიანის საქმეს ავალებს!“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური