რთული აბიტურიენტობის შემდეგ კორონავირუსული სტუდენტობის პირველი დღეები – „არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემი სტუდენტობის პირველი დღეები ასე უემოციოდ ჩაივლიდა“
თამამად შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსმა განათლების სფეროში, ყველაზე მეტად, პირველკლასელები და პირველკურსელები დააზარალა, რომელთაც ცხოვრების ახალ, სრულიად უცხო ეტაპზე გადასვლა ქაოსსა და სახელდახელოდ ფორმირებულ გარემოში მოუწიათ. წლევანდელ პირველკურსელებს სკოლის დასრულებაცა და მისაღები გამოცდების ჩაბარებაც განსაკუთრებულად სტრესულ სიტუაციაში მოუხდათ და არც სტუდენტობის პირველი დღეები აღმოჩნდა მშვიდი.
მოგეხსენებათ, სწავლის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, მთავრობამ ქვეყნის დიდ ქალაქებში მდებარე სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დისტანციურად დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებამ სკოლებში, ფაქტობრივად, ქაოსი გამოიწვია. EDU.ARIS.GE წერდა იმაზე, თუ რამდენად მოუმზადებელი შეხვდა არაერთი სკოლა სწავლის დაწყებას და რამდენად დიდ გაუგებრობაში აღმოჩდნენ მოსწავლეები, რომელთაც არც გაკვეთილების ცხრილი მიეწოდათ დრულად, არც ტექნიკურად გამართული სასწავლო პროგრამა, ვერ ტარდებოდა გაკვეთილები და საერთო ჯამში, უნდა ითქვას, რომ პირველ კვირაში სასწავლო პროცესი, უბრალოდ, ჩავარდა.
პირველკლასელებისაგან განსხვავებით, საბედნიეროდ, პირველკურსელებს გაუმართლათ, რადგან როგორც აღმოჩნდა, უმაღლესმა სასწავლებლებმა ტექნიკურ და ორგანიზაციულ საკითხებზე წინასწარ იზრუნეს. შესაბამისად, პირველკურსელებმა ლექციებზე დასწრება პირველივე დღიდან შეძლეს. უფრო იღბლიანებმა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამდე, ერთი კვირა, უნივერსიტეტში სიარული და ლექტორებისა თუ კურსელების გაცნობაც კი მოასწრეს.
უნდა აღინიშნოს განწყობა, რომელიც პირველკურსელებს სირთულეების მიუხედავად აქვთ. სტატიაზე მუშაობისას ჩვენ არაერთს ვესაუბრეთ. თითოეული მათგანი აბსოლუტურად მობილიზებულია და ცდილობს სტუდენტობის სიხარული არსებული ვითარების გამო არ გაიუფერულოს. დისტანციურ სწავლებას ისინი დაბრკოლებად, თითქმის, არ განიხილავენ და ამას ისე აღიქვამენ, როგორც ახალ გამოწვევას, რომლის დასაძლევადაც ცოტა უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო.
ნესტან კირთაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პირველკურსელია და მისი სტუდენტობის პირველი დღე რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც მთელი ზაფხული და მთელი წინა წლები ელოდა. ნესტანს ვირტუალურად მოუწია კურსელებისა და ლექტორების გაცნობა, ლექციების განრიგისა და ორგანიზაციული საკითხების მოგვარება-მოწესრიგება. ეჭვობს, რომ მთელი სემესტრის გატარება ამგვარ რეჟიმში მოუწევს და კურსელებთან მხოლოდ ვირტუალური ურთიერთობით შემოიფარგლება.
„ლექტორებთან ონლაინ შეხვედრა ცოტა უცნაური იყო, თითქოს იმდენად ვერ ვუსვამდით კითხვებს და ისე ვერ გავიცანით ერთმანეთი, როგორც პირისპირ შეხვედრისას იქნებოდა. რაც შეეხება თავად ლექციებსა და სწავლებას, რა თქმა უნდა, ონლაინ უფრო რთულია, თუმცა ნამდვილად გამიმართლა, ძალიან კარგი ლექტორები მყავს და უკვე ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მასალას და შექმნილ ვითარებას თავი გავართვათ.
„ზოგჯერ მაინც არის ხოლმე ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც შედარებით ანელებს პროცესს. ლექციებზე ჯგუფებად ვართ დაყოფილი. 90-ზე მეტი სტუდენტი ერთად არც ერთ ლექციაზე არაა. ზოგ საგანზე 30-40 ვართ. როგორც ვიცი, წინა წლებში უფრო დიდი ჯგუფები იყო და, ვფიქრობ, ეს შემცირებაც დაგვეხმარება უკეთესად სწავლაში. კითხვის დასმა ვისაც უნდა, შეუძლია, მაგრამ მთლიანობაში მაინც თითქმის სულ ლექტორი ლაპარაკობს. სხვანაირ ლექციაზე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მგონია, რომ იმდენად აქტიური არავინ არის, როგორც აუდიტორიაში იქნებოდნენ.
„ერთი დიდი პრობლემა არის ის, რომ დიდი ხანი გვიწევს ეკრანთან ჯდომა, ლექციებისთვისაც და დავალებისთვისაც, რადგან სულ ელექტრონული წიგნები გვაქვს. თვალებისთვის ძალიან დამღლელია ამდენი საათი კომპიუტერთან ყოფნა. ბევრისგან ვიცი, რომ ლექციებზე დასწრებაც უჭირთ. ზოგს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, ზოგ ოჯახში რამდენიმე მოსწავლეა და ყველას ცალკე მოწყობილობა სჭირდება. მე ნამდვილად გამიმართლა, რომ ამ მხრივ არ მაქვს პრობლემა და ყველაფერს ვესწრები. მთლიანობაში, მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ ყველანი ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ. ონლაინ სწავლის დაწყება იდეალური არაა, ბევრი ხარვეზია, თუმცა უნივერსიტეტი ნამდვილად ცდილობს, რომ ადაპტაცია გაგვიმარტივოს. ისეთივე ხარისხი, როგორიც გასულ წლებში იყო, არ გვაქვს, მაგრამ ყველანი მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა შედგეს მივაღწიოთ“, – ამბობს ნესტანი.
რუსკა ქელდიშვილი კი თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის პირველკურსელია. მისმა უნივერსიტეტმა სწავლა 7 სექტემბერს დაიწყო. შესაბამისად, სტუდენტებმა მოასწრეს პირველი კვირა უნივერსიტეტში ევლოთ, ლექციებს აუდიტორიებში დასწრებოდნენ. რუსკა ამბობს, რომ ეს კვირა მათ გარკვევაში, ახალ გარემოსა და ხალხთან შეგუებაში მეტ-ნაკლებად დაეხმარა. 1 კვირის თავზე კი, ურთიერთობებმა ონლაინ სივრცეში გადმოინაცვლა და ახლა რუსკასაც, ათასობით პირველკურსელის მსგავსად, ახალ წესებთან შეჩვევა უწევს.
„სწავლის ონლაინ დაწყება, ჩემთვის, რთულზე მეტად უფრო არასასიამოვნო იყო, რადგან ის ერთი კვირა, რომლის გატარებაც კამპუსში მომიწია(შესაბამისი დისტანციისა და რეგულაციების დაცვით, რა თქმა უნდა), ძალიან დამეხმარა შევჩვეოდი ახალ ბავშვებს და ლექტორებს, თუმცა საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება პირდაპირი კომუნიკაციით ბევრად ადვილია, მაგრამ დისტანციურ რეჟიმზეც მაინც მარტივად და ოპერატიულად გადავეწყვეთ.
„რაც შეეხება ონლაინ ლექციებს, საკმაოდ კმაყოფილი ვარ, zoom თითქმის ყველანაირ საშუალებას გვაძლევს, რაც ლექციის მსვლელობას სჭირდება. ლექციაზე საშუალოდ 20-25 სტუდენტი ვართ. თუ რაიმე გვაინტერესებს, კითხვების დასმასაც მარტივად ვახერხებთ. ორგანიზაციული ხასიათის პრობლემები არ გვქონია, ცხრილიც მოწესრიგებულია და ლექციებიც დროულად ტარდება. გაგვანაწილეს ჯგუფებში და ცხრილიც მალევე დაგვილაგეს. ონლაინში თითოეული ლექცია gmail-ის კალენდარში გვიჯდება ავტომატურად და მარტივად შევდივართ. აუდიტორიაში ჯდომას და ისე მეცადინეობას მაინც თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გვიწევს ონლაინ სწავლებას შევეგუოთ და ვიმედოვნოთ, რომ კამპუსს მალე დავუბრუნდებით“, – აცხადებს ჩვენთან საუბრისას რუსკა.
გუგა მაღლაკელიძემ სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამაზე ჩააბარა. მომავალი ოფთალმოლოგი ამბობს, რომ უნივერსიტეტი მაქსიმალურად ახერხებს დისტანციური სწავლება გამართული ჰქონდეს, მოწესრიგებულია ტექნიკური მხარეცა და ორგანიზაციული საკითხებიც. აქვე იმასაც დასძენს, რომ ონლაინ ურთიერთობა რეალურს ვერ შეედრება, თუმცა ლექტორები მაქსიმალურად ცდილობენ და ამ მცდელობას სტუდენტებიც შესაბამისი მონდომებით პასუხობენ.
სწავლა მის სასწავლებელშიც 7 სექტემბერს დაიწყო და ერთი კვირით უნივერსიტეტში სიარულიც მოუწია. ამ ერთ კვირიან პერიოდს გუგა „აღმაფრთოვანებელს“ უწოდებს და ამბობს, რომ პროფესორ-მასწავლებლებთან მცირე ხნიანმა ურთიერთობამაც კი დაარწმუნა, რომ ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან.
„პირველი დღე, რა თქმა უნდა, ძალიან ემოციური იყო. ახალი გარემო, ჩემთვის, საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა. რასაკვირველია, სამედიცინო უნივერსიტეტის 2020 წლის მიღება წინა წლებისას არ ჰგავს, თუმცა ჩემთვის ეს დღე ნამდვილ დღესასწაულს ჰგავდა.რაც შეეხება მოლოდინებს, ისინი სრულიად გამართლდა. სტუდენტური ცხოვრება მართლაც საინტერესო ყოფილა.
„ლექციაზე რამდენიმე ჯგუფი ვერთიანდებით და ამ დროს მხოლოდ ლექტორი საუბრობს, ხოლო სემინარებზე მხოლოდ 14 ბავშვით დაკომპლექტებული ჯგუფი ვართ. აქ აქტიურად მიმდინარეობს დიალოგი ჩვენსა და პროფესორს შორის. კითხვებს სვამს როგორც პროფესორი, ისე სტუდენტი. ლექტორები როგორც ახსნას, ისე გამოკითხვას დაუბრკოლებლად ახერხებენ და ამაში Google meet გვეხმარება. ის იძლევა საშუალებას ლექციისა თუ სემინარის მსვლელობაში ერთდროულად 100-ზე მეტი სტუდენტი შეუფერხებლად მონაწილეობდეს“, – ამბობს გუგა.
ჩვენს კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ პანდემიის მიუხედავად სტუდენტობა წარმატებულად დაიწყო, გუგა შემდეგნაირად გვპასუხობს: “რა თქმა უნდა. მთავარი მონდომებაა. თუ ადამიანი რამეს მოიწადინებს, რა დაუდგება წინ?!“
ელენე ჩიკვილაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი: „პირველი კვირა მოვასწარით უნივერსიტეტში სიარული, მერე ონლაინ სწავლებაზე გადავედით. პირველ დღეს უცხო ენის ტესტი ვწერეთ და შესაბამისად, ჯგუფებში გადავნაწილდით. ცხრილი თავიდანვე დალაგებული და მოწესრიგებული იყო.
„ლექციებზე 30 კაცამდე ვართ ხოლმე. ლექტორიც ყველანაირად ხელს გვიწყობს და პირობებს გვიქმნის. სტუდენტების ჩართულობით პროცესი უფრო აქტიური და ეფექტური ხდება. ზუმით ზოგჯერ რთულია თან ეკრანის ყურება და თან რაღაცის გაკეთება, აუდიტორიაში უფრო მოსახერხებელი იყო, მაგრამ თავს მაინც ყველა ვართმევთ. ლექციიდან თითოეული ცდილობს მაქსიმუმის მიღებას. დავალებული პროექტები ხელს გვიწყობს ერთმანეთის უკეთ გაცნობასა და დაახლოვებაში, თუმცა უნივერსიტეტში სიარული, რა თქმა უნდა, ამ ყოველივეს სხვანაირ ელფერს შესძენდა“.
თამარ ბანძელაძე, თსუ, მათემატიკის ფაკულტეტი: „დღეში საშუალოდ 2-3 ლექცია მაქვს, 1 ან 2 საათის ხანგრძლივობის. პიველი ორი დღე ბევრნი ვიყავით – ერთ ლექციაზე დასწრება100-ზე მეტ სტუდენტსაც უწევდა ხოლმე, თუმცა ახლა უკვე ჯგუფებად დავიყავით და დაახლოებით 30-40-ს გვიტარდება. პრაქტიკული სამუშაო ჯერ-ჯერობით არ ჩამტარებია. პირადად მე რაიმე სირთულე არ შემქმნია, თუმცა ლექტორები მაქსიმალურად ცდილობენ პრობლემის შემთხვევაში ყველას დაეხმარონ. მოკლედ, ონლაინ ლექციის თაობაზე ნამდვილად კმაყოფილი ვარ“.
დათა მხეიძე, თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი: “პირველი დღეები საკმაოდ საინტერესო და უცხო იყო, ცოტა გამიჭირდა კიდევაც გააზრება, რა ხდებოდა ჩემს თავს. დისტანციურ სწავლას რაც შეეხება, არის ტექნიკური პრობლემები. მაგალითად ის, რომ შეხვედრა 40 წუთში მთავრდება და გვიწევს იმავე ლექციაზე თავიდან ჩავერთოთ. ასევე ის, რომ ლექციაზე დასასწრებად ზოგჯერ საკმაოდ გვიან გვიწევს გავიგოთ “ზუმის” პაროლები. შეიძლება ლექტორის ინტერნეტი არ იყოს ძლიერი და ოდნავ გაჭედოს ხმამ, მაგრამ ამას სისტემატიური ხასიათი არ აქვს. ლექციები მაინც კარგ ტემპში მიმდინარეობს. მე ველოდი კიდეც საკმაოდ მაღალი ხარისხის ლექციებს, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. არსებული რესურსით თითოეული ლექტორი მაქსიმუმს ახერხებს და მეც ვცდილობ ყველა შანსი გამოვიყენო.
„სწავლის დაწყებამდე ავირჩიეთ საგნები და შედგა ცხრილი, პირველივე დღეს დაგვხვდა ყველა ლექციის ID შესაბამის პლატფორმაზე. ამ მხრივ პრობლემა არ ყოფილა, სწავლის დაწყება ორგანიზებულად მოხერხდა. ზოგიერთ ლექციაზე 10-სტუდენტამდე ვართ, ზოგიერთზე 40-ზე მეტი, ზოგიერთზე 100-საც ვაჭარბებთ. ერთმანეთის ხმას ვფარავთ და ეს პრობლემაა, მაგრამ ლექტორი მაქსიმალურად ცდილობს ყველას საუბრისა თუ კითხვების დასმის შესაძლებლობა მოგვცეს. სამი-ოთხი დღის წინ სტრესში ვიყავი ჩაძირული, რადგან უცებ ამხელა გაუგებრობაში აღმოვჩნდი და გამოუცდელი ვიყავი, მაგრამ ახლა უკეთ ვგრძნობ თავს. ლექციებმა და დაკვირვებებმა აჩვენა, რომ რთული არაფერია“.
სოფიო ჭუმბურიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელი: ვფიქრობ, ონლაინ სწავლებასაკმაოდ რთულია, როგორც სტუდენტებისთვის ასევე ლექტორებისთვის. არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემი სტუდენტობის პირველი დღეები ასე უემოციოდ ჩაივლიდა. ონლაინ სწავლება ხელს გვიშლის, რომ ახალი ურთიერთობები ჩამოვაყალიბოთ და სწავლის პროცესში მეტად ჩავერთოთ. თუ ასე გაგრძელდა, ვფიქრობ, რომ განათლების სფერო ძალიან დაზარალდება, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი რომ ონლაინ სწავლება უშედეგოა.
„ლექციებს დაახლოებით 150-200 სტუდენტი ვესწრებით. სხვადასხვა საგანში სხვადასხვა ჯგუფი მყავს. ჯერ მხოლოდ მასალა ახსნეს, მომავალი კვირიდან კი უკვე სტუდენტებიც აქტიურად ჩავერთვებით პროცესში. ლექტორები ყველანაირად ცდილობენ, რომ ხელი შეგვიწყონ და ვნახოთ რა იქნება მომავალში.“
ანა შიხიაშვილი, თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: „ონლაინ ლექციების ჩატარება ცოტა რთულია, ხშირადაა ტექნიკური ხარვეზები ხან ლექტორთან, ხან ბავშვებთან. ცხრილი ჩვენ თვითონ უნდა შეგვედგინა, 14 სექტემბრამდე უნდა დაგვერეგისტრირებინა საგნები და საათებიც თავადვე ავირჩიეთ. ამიტომ, 14 სექტემბრამდე ინდივიდუალური ცხრილი ყველას უკვე შედგენილი ჰქონდა. ისე გადავანაწილე, რომ ძირითადად დღეში 2, იშვიათად 3 ლექცია მიტარდება. რამდენიმე საათი ეკრანთან ჯდომა დამღლელია, ზოგ ბავშვს იმაზეც ჰქონდა პრობლემა რომ Zoom აპლიკაციაში 100-ზე მეტი ადამიანი ვერ ერთვება, ამიტომ ბევრი ლექციას მხოლოდ ამ მიზეზის გამო ვერ დაესწრო. მე პრაქტიკული მეცადინეობები მქონდა, ამიტომ კითხვებზე, პარალელურ რეჟიმში, ჩვენც ვპასუხობდით. ამ დროს ერთი ალიაქოთია ხოლმე. მართალია ყველა არ იღებს ხმას, მაგრამ მაინც. რთულია, მით უმეტეს, რომ ზოგ ლექციაზე 100-ზე მეტი სტუდენტია დარეგისტრირებული. თუმცა მეტ-ნაკლებად მაინც ხერხდება ნორმალურად ჩატარება, ისე რომ მთავარ საკითხებსა და მასალას გვაგებინებენ“.
სტუდენტები ლექციების გაგრძელებას ოქტომბრიდან უკვე აუდიტორიებში ელოდებიან, გადაწყვეტილება კი ამაზე ქვეყნის მთავრობამ უნდა მიიღოს.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება