GE

„საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება უფასო უნდა გახდეს“ – დეპუტატის ინიციატივა

“პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი გამოდის ინიციატივით, საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება უფასო გახდეს. წინადადება დეპუტატმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა.

ინაშვილის თქმით, ხელისუფლების ერთ-ერთი გამოწვევა ბავშვთა სიღარიბეა, რომელიც უნდა დაძლიონ.

“ჩვენ ვნახეთ, რომ სკოლებში ე.წ. ნისიების რვეული არსებობს. ბავშვები ნისიად იღებენ სკოლებში ფუნთუშას, ხაჭაპურს, შემდეგ ვერც ახერხებენ მათი მშობლები ამ ვალის გადახდას, ეს კატასტროფაა, დიდი ტრაგედიაა. ეს არის საქართველოს პარლამენტის თითოეული წევრის სირცხვილი, საქართველოს მთავრობის სირცხვილი. დღეს მინდა შემოვიდე ინიციატივით, რომ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება გახდეს უფასო, ჩვენ გვაქვს ამის საშუალება. საქართველოს ბიუჯეტში არის იმის საშუალება, რომ გამოიძებნოს სახსრები. მზად ვართ ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი თემა, ვიდრე ბავშვთა შიმშილის დაძლევაა. დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვებისგან საქართველოს მასშტაბით მარტო მე არ ვიღებ გზავნილებს – მშია. 146 ათასი ბავშვი ხელისუფლებისგან 50 ლარიან დახმარებას იღებს. ეს რომ გამოვიანგარიშოთ დღეში 2 ლარიც არ არის.

თქვენს (დეპუტატების) ან მინისტრების შვილებს სკოლებში 2 ლარი ჰყოფნის? როგორ შეიძლება დღეში 2 ლარი ჩვენი თანამოქალაქეების შვილებს ეყოთ?”, – განაცხადა დეპუტატმა.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური