GE

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებაში რიგი ცვლილებები შევიდა

„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში რიგი ცვლილებები განხორციელდა.

კერძოდ, აკრედიტაციის სტანდარტების შესახებ პუნქტი ჩამოყალიბდა ამგვარად:

აკრედიტაციის სტანდარტებია:

ა) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა;

ბ) სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა;

გ) მოსწავლეების/სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;

დ) სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა;

ე) სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.

გარდა ამისა დაემატა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ხარვეზის გამოსწორების ვადის შესახებ მუხლი:

1. ამ დებულებით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ხარვეზის გამოსასწორებლად ცენტრის მიერ დადგენილი ვადა შეადგენს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღეს.

2. ადმინისტრაციული წარმოებისთვის განსაზღვრული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

შეიცვალა აკრედიტაციის პროცესის შესახებ ეტაპების შინაარსი და ჩამოყალიბდა ამგვარად:

1. აკრედიტაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა;

ბ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის თაობაზე საგანმანათლებლო დაწესებულების მაძიებლად (შემდგომში – აკრედიტაციის მაძიებელი) ცნობა;

გ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;

დ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასების ანგარიშის და მასზე თანდართული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლა და ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავება;

ე) სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელება;

ვ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის შედგენა და ცენტრში წარდგენა;

ზ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის აკრედიტაციის მაძიებლისთვის გაცნობა;

თ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე აკრედიტაციის მაძიებლის არგუმენტირებული პოზიციის ცენტრში წარდგენა დასკვნის პროექტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით;

ი) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და ცენტრში წარდგენა;

კ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის აკრედიტაციის მაძიებლისთვის გაცნობა;

ლ) სააკრედიტაციო განაცხადის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე აკრედიტაციის მაძიებლის მიერ ცენტრისთვის წარმოდგენილი არგუმენტირებული პოზიციის საბჭოს წევრებისთვის გაგზავნა;

მ) აკრედიტაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მიერ გადაწყვეტილების მიღება;

ნ) ცენტრის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნება.

სხვა ცვლილებები იხილეთ ვრცლად ბმულზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური