საგანმანათლებლო სისტემაში შესატანი ცვლილებები და სიღრმისეული სწავლების 6 სტრატეგია
მსოფლიოს გარშემო უამრავი ბავშვი გრძნობს, რომ მათი სკოლის გარემო და რეალობა ერთმანეთთან აცდენილია. თინეიჯერები უამრავი პრობლემის წინაშე დგებიან, აკრიტიკებენ მკაცრ მიდგომებს და იდეების გაზიარებას ცდილობენ, თუმცა თანამედროვე სკოლა ამის საშუალებას არ იძლევა, რადგან აქ სწავლება ჯერ კიდევ ლექციის ფორმატში მიდის და მოსწავლეებიც იძულებულნი არიან წესები დაიცვან.
წიგნში „სიღრმისეული სწავლება: 8 ინოვაცია 21-ე საუკუნის სკოლებისთვის“ ავტორი მონიკა მარტინეზი საგანმანათლებლო სისტემაში შესატან ცვლილებებზე საუბრობს და ტერმინის განმარტებას გვთავაზობს. მისი თქმით, სიღრმისეული სწავლება მოსწავლეების მიღწევების კომპლექსური შედეგია, რომელიც კრიტიკული აზროვნების განვითარებას, პრობლემების გადაჭრისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარებს მოიცავს, რაც აკადემიური აზროვნებითა და საკუთარი სურვილით, დამოუკიდებელი სწავლის გზებით მიიღწევა.
მარტინეზი სკოლებს თავის სამოქმედო გეგმას აცნობს, რომელიც 6 სტრატეგიას ემყარება:
1. შექმენით მოსწავლეთა საზოგადოება
ძლიერი სკოლის „აშენებისთვის“ აუცილებელია მოსწავლეთა შეკრულობა, სკოლის ერთიანი გარემოს შექმნა, სადაც ბავშვების ერთმანეთისადმი ნდობითა და მხარდაჭერით სწავლის კოლექტიური პასუხისმგებლობა გაიზრდება.
გთავაზობთ რამდენიმე გზას მოსწავლეთა საზოგადოების შესაქმნელად:
გაუჩინეთ მოსწავლეებს ერთმანეთის წარმატებით დაინტერესების სურვილი.
ჩართეთ სკოლის საქმიანობებში და მიეცით თვითორგანიზების საშუალება.
მენტორობა გადააბარეთ მაღალ კლასელებს.
შეიმუშაონ გარკვეული წესები სწავლ/სწავლების პროცესისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს გახსნილი, ღია ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
2. გაააქტიურეთ მოსწავლეებში თვით სწავლების, დამოუკიდებლად სწავლის უნარი
აზრიანად, სიღრმისეულად სწავლებას არაერთი დაბრკოლება უდგას წინ, თუმცა მისი მთავარი ბერკეტი მოსწავლეთა ჩართულობა და მოწადინებაა. ამის მიღწევა კი ახალი, მათთვის უცხო პროექტებითაა შესაძლებელი. მაგალითად, დაგეგმეთ სიმულაციური არჩევნები, მოიგონეთ პროგრამები, გამოავლინეთ პრობლემა და დაიწყეთ მათ გადაჭრაზე ერთობლივი მუშაობა. თუ პედაგოგის მიზანი მოსწავლისთვის სიღრმისეული ცოდნის მიცემაა, მუდმივად უნდა შეიტანოს ცვლილებები სასწავლო პროგრამაში.
3. კონტექსტუალიზაცია
არსებობს მოსაზრება, რომ თუ მოსწავლე ამა თუ იმ მასალაში დაინახავს ცხოვრებისეულ მოვლენას და გააანალიზებს, რომ ის პირადად მას ან მის გარშემო მყოფებს ეხება, საკითხი მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდება და უფრო გააზრებულად სწავლობს მას. გაკვეთილები არ უნდა იყოს მოწყვეტილი ჩვენს რეალობას და მათი სასწავლო მასალა უნდა იყოს მორგებული რეალურ პრობლემებსა თუ საკითხებზე.
როგორც კასკო ბაის სკოლის პედაგოგი სუზან მაკკრეი ამბობს, ნებისმიერი საგანი კავშირშია ცხოვრებისეულ გამოწვევებთან, მთავარია მოსწავლეს ამის დანახვაში დავეხმაროთ. ეს შეიძლება იყოს ქიმიაც და ჰუმანიტარული მეცნიერებებიც:
„ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, იმაზე რომ მოსწავლეებს ეს კავშირი დავანახოთ“, – ამბობს ის.
4. სწავლა სკოლის კედლებს მიღმა
საკლასო კედლებს მიღმა ცოდნის შეძენის უამრავი საშუალება არსებობს. მაგალითად: კვლევითი ექსპედიციები, მუზეუმები, თეატრი და ა.შ. მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმილი სხვადასხვა ტიპის პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეების განვითარებას და მათ მომზადებას რეალური ცხოვრებისთვის.
5. ინსპირაცია: სწავლების ინდივიდუალურობა
მოსწავლეში ინტერესის გაღვიძების მთავარი გასაღები მათთან ინდივიდუალურ მიდგომაშია. მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებისა და მისწრაფებების გათვალისწინებით, პედაგოგმა თითოეულ მოსწავლესთან განსაკუთრებული მეთოდი უნდა შეიმუშავოს და დაიცვას ბალანსი. ბავშვთან და მის მშობლებთან დამატებითი კონსულტაციის გზით პედაგოგს მოსწავლის გაცნობისა და მისი ინტერესების გაგების საშუალება აქვს.
6. ტექნოლოგია როგორც მოსამსახურე და არა როგორც დამქირავებელი
ტექნოლოგიის მიზანმიმართული გამოყენება სწავლის ხარისხს აუმჯობესებს. ამის მიღწევა რამდენიმე გზით შეიძლება, მათ შორის, იმ პროგრამების გამოყენებით, რომლებიც კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენაა მიმართული. ასევე, ციფრული პროგრამებით მოსწავლეს პროექტების გაკეთებაც შეუძლია.
ნებისმიერ შემთხვევაში, ტექნოლოგია უნდა გამოვიყენოთ, როგორც სტიმულის მიმცემი იარაღი.
სიღრმისეულ სწავლებას ნამდვილად აქვს 21-ე საუკუნის სწავლა/სწავლებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულების შესაძლებლობა. დროა ამაში ინვესტირება განვახორციელოთ და ის დავამტკიცოთ, როგორც ახალი ნორმა.
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა
წყარო: teachthought
- „სახელმძღვანელოების ავტორობა სუფთა ენთუზიაზმსა და სიგიჟეზე დაფუძნებული შრომა გამოდის… თანხა, რომელსაც გვიხდიან, დამცირება და შეურაცხყოფაა!“ by ARIS.GE-განათლება
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი