GE

„საბაზო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმა ისეა შედგენილი, მოსწავლეთა აბსოლუტურ უმრავლესობას მისი დაძლევა არ შეუძლია“

“გადასახალისებელი კი არა, თავიდან არის დასაწერი ეროვნული სასწავლო გეგმა. მოსაფიქრებელია, რა არის აუცილებელი, რომ სკოლადამთავრებულმა იცოდეს, რა არის ჩვენი მიზანი და როგორ არ მოვიტყუოთ თავი. ქაღალდზე შეიძლება დავწეროთ საოცარი მიზნები და მათ ვერასდროს მივაღწიოთ. რეალური მიზნები უნდა დავისახოთ”, – ამბობს EDU.ARIS.GEსთან სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნათია მანია და ესგ-ის პრობლემებზე საუბრობს.

“ეროვნული სასწავლო გეგმა, ჩემი აზრით, არის გაუმართლებლად რთული. სირთულეში იმას ვგულისხმობ, რომ როცა გეგმას ადგენენ, რაღაც იდეალურ მდგომარეობას წარმოიდგენენ ხოლმე. არადა ჩვენ იდეალებიდან კი არა, უნდა გამოვიდეთ რეალობიდან – რისი სწავლა შეუძლია ბავშვს და საერთოდ რა სჭირდება ცხოვრებაში. განსაკუთრებით, ეს ეხება საბაზო საფეხურს. საშუალო საფეხურზე კიდევ შეიძლება ვისაუბროთ, როგორც უნივერსიტეტისთვის მოსამზადებელ საფეხურზე და ავწიოთ თამასა, მაგრამ საბაზო საფეხურზე, მთელი ეროვნული სასწავლო გეგმა, ყველა საგანში, არის ისე შედგენილი, მოსწავლეთა აბსოლუტურ უმრავლესობას მისი დაძლევა არ შეუძლია. შესაბამისად, ეს გეგმა არის აბსოლუტური ტყუილი. და ამ ტყუილზეა მორგებული სახელმძღვანელოები”, – აცხადებს სპეციალისტი.

სახელმძღვანელოების თანაავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ავტორებს აიძულებს, სამინისტროს მიერ დასახულ მიუღწეველ მიზანს, რთულ პროგრამას მოარგოს სახელმძღვანელო, ასეთი სახელმძღვანელო კი, ნათია მანიას თქმით, კარგი ვერ იქნება.

“ამის ცოდნა მასწავლებლის მოტივაციის ვარდნასაც იწვევს და მოსწავლისასაც, რომელიც უბრალოდ ვერ იგებს წიგნს და საერთოდ აღარ სწავლობს. შედეგად, ვიღებთ ისეთ თაობებს, რომლებიც ამთავრებენ სკოლას და საერთოდ არაფერი იციან. მინდოდა მეთქვა წერა-კითხვის გარდა-მეთქი, მაგრამ ესეც არ იციან. ცხადია, წერა-კითხვაში არ ვგულისხმობ ასოების ცნობას და გამოწერას. წერა-კითხვა გაცილებით რთული რამაა და მისი ცოდნა ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია აზრების გასაგებად გადმოცემა, შენი სურვილების გამოხატვა, ფუნქციური ტექსტების შექმნა, ცხოვრებაში ამის გამოყენება, წაკითხული ნებისმიერი ტექსტიდან სათანადო აზრის გამოტანა, გაანალიზება, კრიტიკული განსჯა. ეს კი მოსწავლეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის”, – აღნიშნავს ქართულის პედაგოგი.

ნათია მანიას სურს ჰქონდეს იმედი, რომ ახალი ეროვნული გეგმის შექმნისას, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ამჟამინდელ რეალობას გაითვალისწინებენ, რამდენიმე სკოლაში მაინც ჩაატარებენ კვლევას და ახალ დოკუმენტს კვლევის შედეგებზე დააფუძნებენ.

“განათლების სამინისტრო ღრუბლებიდან უნდა დაეშვას მიწაზე. ვგულისხმობ იმას, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა უნდა მიუახლოოს ჩვენი ქვეყნის რეალობას და იმ სიტუაციას, რაც არის ძალიან ბევრ რეგიონში მე-19 საუკუნის დონისა და ინფრასტრუქტურის სკოლებში. მეტიც, მთლად 21-ე საუკუნის დონის სკოლაც რომ გვქონდეს, ზოგიერთ საგანში პროგრამა ისეა გართულებული და გაბერილი, მაინც ვერ დაძლევდა მოსწავლე”, – დასძენს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი EDU.ARIS.GE-სთან.

ასევე იხილეთ:

რა შეიცვალა ეროვნულ სასწავლო გეგმაში – ჩამონათვალს განათლების სამინისტრო აქვეყნებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური