GE

„სახელმძღვანელოების ავტორობა სუფთა ენთუზიაზმსა და სიგიჟეზე დაფუძნებული შრომა გამოდის… თანხა, რომელსაც გვიხდიან, დამცირება და შეურაცხყოფაა!“

„დამაინტერესა, რანაირად უნდა დაიწეროს ნორმალური და კონკურენტუნარიანი სახელმძღვანელოები ამ მათხოვრული ჰონორარებით და რანაირმა ხალხმა უნდა გაყიდოს გროშებად თავისი ცოდნა, განათლება, ნიჭი, შრომა, დრო და ენერგია და რატომ…“ – ეს კითხვები სადახლოს მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელს, გრიფირებული სახელმძღვანელოების ავტორს, ნათია მანიას, სახელმძღვანელოების წლევანდელი ჰონორარის დარიცხვის შემდეგ გაუჩნდა. ავტორმა სოციალურ ქსელში წერილიც გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ განათლების სამინისტროს ლანძღვის გუნებაზე დადგა, რადგან წლევანდელი ჰონორარი მისი, როგორც მასწავლებლის ერთი თვის ხელფასზე დაბალია. „ეს დამცირება და შეურაცხყოფაა!“ – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ნათია მანია და იმაზეც გულახდილად საუბრობს, რა პირობებში უწევთ ავტორებს სახელმძღვანელოებზე მუშაობა და რა უნდა გაკეთდეს, რომ ხარისხიანი წიგნები მივიღოთ.

ნათია მანია: არაქართული სკოლებისთვის ქართული ენის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასების სახელმძღვანელოების თანაავტორი ვარ. წიგნებს გრიფი 2020 და 2021 წლებში მიენიჭა. თითო სახელმძღვანელო შედგება 3 ნაწილისგან: მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის წიგნი და მოსწავლის რვეული. მასწავლებლის წიგნი არის მასწავლებლებისთვის მეთოდური რჩევები, გაკვეთილის გეგმები, აქტივობების ჩამონათვალი… მოსწავლის წიგნსა და რვეულში კი არის ტექსტები, სავარჯიშოები, კითხვები, გრამატიკული სქემები… მოსწავლის რვეული წიგნისგან ძირითადად იმით განსხვავდება, რომ შიგვე შეიძლება მუშაობა – ჩაწერა, ჩახატვა და ა.შ. თუმცა მოსწავლის რვეულის შექმნაც ისეთივე შრომატევადია, როგორც წიგნის. შესაბამისად, 4 კლასის 3-3 სახელმძღვანელოს, ანუ 12 წიგნის თანაავტორი ვარ და წლევანდელი ჩემი ჰონორარი მხოლოდ1582 ლარია.

პასუხი განათლების მინისტრს – „დათქმულ ვადაში ყველა კლასის ყველა სახელმძღვანელოს განახლება წარმოუდგენელია!“

– სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ დარიცხულმა ჰონორარმა განათლების სამინისტროს ლანძღვის გუნებაზე დაგაყენათ. იცით, როგორ დაანგარიშდა ეს რიცხვი და ხელშეკრულების მიხედვით, რა თანხას ელოდით?

– კონკრეტულად როგორ დაანგარიშდა ეს თანხა არ ვიცი, რადგან არ ვიცი, რომელი წიგნი რა ტირაჟით გამოიცა. პირველ წელს ჰონორარი გაცილებით მეტი იყო, რადგან მაშინ ერთიანად დაიბეჭდა წიგნები და რვეულები. წელს, ჩემი ანგარიშით, ძირითადად მოსწავლის რვეულები დაბეჭდეს, რადგან წიგნები ყოველ წელს არ იბეჭდება – სკოლაში ინახება და მოსწავლეებს გამოყენებულ წიგნებს ურიგებენ. ვფიქრობ, ეს 5-10 ათასი მოსწავლისთვის დაბეჭდილი რვეულებისა და უფრო ნაკლები რაოდენობით დაბეჭდილი წიგნების თანხა უნდა იყოს. მთავარი იცით რა არის? – თითო მოსწავლის რვეულში გამომცემლობასა და ავტორებს 30 თეთრს გვიხდიან. წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივ რვეულს აღარ აქვს ასეთი დაბალი ფასი ბაზარზე და 141-გვერდიან, ტექსტებიან, სავარჯიშოებიან, ილუსტრირებულ მოსწავლის რვეულში გვიხდიან 30 თეთრს! წარმოუდგენელ შრომას ვდებთ ავტორები ამ სახელმძღვანელოებში, მითუმეტეს, რომ გვიწევს ძალიან მცირე ვადებში მოსწრება. გრიფირების კომისიის შეფასების შემდეგ, ასევე უმცირეს ვადაში კეთდება რედაქტირებაც. მახსოვს, ერთ-ერთი ამ წიგნის რედაქტირებას ზაფხულში ვაკეთებდი. 2-3 კვირაში უნდა მომესწრო. ღამეებს ვათენებდი, სამინისტროს შენიშვნებს ვსწავლობდი, ერთი და იგივე თავი ალბათ 50-ჯერ წავიკითხე. 2 მცირეწლოვანი შვილი მყავდა სოფელში და მათ ყურადღებას საერთოდ ვერ ვაქცევდი. მეზობელს ვთხოვე, ბავშვებისთვის სადილი გაეკეთებინა ხოლმე. ბოლოს ამ სახელმძღვანელოს გრიფი მიენიჭა, მე კი ისე „გადავიწვი“, დეპრესია დამემართა და მკურნალობა დამჭირდა. ასეთ შრომაში წელს ავიღე 1582 ლარი. ეს თანხაც და ზოგადად, იმის ცოდნა, რომ ერთი მოსწავლის რვეულში გვიხდიან 30 თეთრს, დამცირება და შეურაცხყოფაა!

– მიღებული მწარე გამოცდილების გამო, სამომავლოდ სახელმძღვანელოებზე მუშაობის სურვილი აღარ გექნებათ?

– რთული საკითხია. სიმართლე გითხრათ, თავიდან, როცა კოლეგებთან სახელმძღვანელოებზე მუშაობაზე გვისაუბრია და შემოთავაზებებიც ყოფილა, ყოველთვის ვამბობდი, რა სიგიჟეა-მეთქი. ამის მიზეზი ის იყო, რომ ცხადდებოდა გრიფირება და ორი-სამი-ოთხი კლასის სახელმძღვანელო უნდა დაგეწერა 6 თვეზე ნაკლებ ვადაში. ეს უბრალოდ შეუძლებელია! მაშინ არც გამომცემლობასთან თანამშრომლობის პრაქტიკა მქონდა და ვერ წარმომედგინა, 6 თვეში როგორ უნდა მომება თავი სახელმძღვანელოს შექმნისთვის. ამიტომ ყოველთვის უარს ვამბობდი. მერე მოხდა ისე, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივით, 7-კაციანი ჯგუფი შეიკრიბა. მათ შორის მეც ვიყავი. გამომცემლობა გვერდით გვედგა, ვიყავით ბევრნი და მეტი შანსი იყო, მცირე ვადებში სახელმძღვანელოების შექმნა მოგვესწრო. სწორედ ამიტომ გავბედე ამ საქმეში ჩართვა.

ეს იყო გამოწვევა, გარკვეულწილად ექსპერიმენტიც და მაშინ არც მიფიქრია, რომ გრიფს აუცილებლად მიიღებდა ჩვენი წიგნები და მერე მექნებოდა სადარდებელი, ჩემი ჰონორარი რამდენად შეესაბამება ჩვენს გაწეულ შრომას. დღეს ასეთი ჰონორარი დამერიცხა, ჩემი განწყობაც იცით, მაგრამ სასწაული ისაა, რომ სახელმძღვანელოებზე მუშაობის სურვილი მაინც მაქვს. ამის მიზეზი ის არის, რომ მინდა გამოიცეს რაღაც კარგი. ეს ჩვენი პირველი მცდელობებია. დიდი ხანი არ არის, რაც უცხო ენისა და მეორე ენის სწავლების მეთოდიკით არაქართველები ქართულს სწავლობენ. მეტიც, შეიძლება ითქვას, ეს მეთოდიკა ახლა მუშავდება და ჩვენ, ყველანი, ვინც ამ მიმართულებით ვმუშაობთ, ვართ პიონერები. ეს მართლა ძალიან დიდი გამოწვევა და შრომაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ უმეტესად სახელმძღვანელოებს ვქმნით აზერბაიჯანული და სომხურენოვანი ბავშვებისთვის. მათ სხვადასხვა ენობრივი პრობლემა, სწავლის სპეციფიკა აქვთ და წიგნის წერისას ესეც გასათვალისწინებელია. მინდა, რომ ძალიან კარგი პროდუქტი დაიდოს და მისი შემქმნელი მეც ვიყო. სურვილი არის, მაგრამ რამდენად განვახორციელებ – არ ვიცი, იმიტომ, რომ პარალელურად უნდა ვიმუშაო სკოლაში, მყავდეს მოსწავლეებიც იმისთვის, რომ უბრალოდ თავი ვირჩინო და ჩემს შვილებს ჰქონდეს ნორმალურთან მიახლოებული ცხოვრება და თან ვათენო ღამეები, ვწერო წიგნი და ავიღო დამამცირებელი ჰონორარი. წლევანდელი ჩემი ჰონორარი სკოლის ერთი თვის ხელფასზე ნაკლებია. სკოლის ხელფასი კი არ მყოფნის და თავი რომ გავიტანო, კიდევ 9 საქმეს ვაკეთებ. ამ ფონზე ავტორობა სუფთა ენთუზიაზმსა და სიგიჟეზე დაფუძნებული შრომა გამოდის. ენთუზიაზმზე მომუშავე ადამიანს კი არ შეიძლება ხარისხიანი პროდუქტის შექმნა მოსთხოვო.

– ხარისხიან პროდუქტს ვერც „მოსწრებაზე“ მომუშავე ადამიანი შექმნის. უკვე ახსენეთ, რომ სახელმძღვანელოები უმეტესად 4-6 თვეში იწერება. თქვენი აზრით, რატომ აწესებს სამინისტრო მუდმივად მცირე ვადებს და 1 წიგნის დასაწერად, დაახლოებით რა ვადა უნდა ჰქონდეს ავტორს?

– არ ვიცი, რატომ აძლევენ ავტორებს ყოველთვის ძალიან ცოტა დროს წიგნზე მუშაობისთვის. მიზეზი არის ალბათ შეუგნებლობა. სხვა რა დავარქვა, არ ვიცი. იმის გაცნობიერებას, რომ წიგნის დაწერას ასე მცირე დროში ვერავინ მოახერხებს და ხარისხზე თუ ხარ ორიენტირებული, ავტორს მეტი დრო უნდა ჰქონდეს, მგონი, განსაკუთრებული ცოდნა, ნიჭი და უნარები არ სჭირდება. ამას სკოლის მოსწავლეც კი მიხვდება, არათუ სამინისტროს მოხელე და ექსპერტი. მართლა არ მაქვს წარმოდგენა, რატომ ხდება ასე. 2 წელია, გრიფირება საერთოდ გაჩერებულია და არ ვიღუპებით. სხვა საკითხია როგორ, მაგრამ რაღაცნაირად მიდის სასწავლო პროცესი. რატომ არ შეიძლება ეს 2 წელი ჰქონდეს ავტორს 1 წიგნის დასაწერად? 4-6 თვე შეიძლება ავტორს იმ შემთხვევაში ეყოს, თუ ის წლების განმავლობაში აგროვებს საჭირო მასალებს და შემდეგ მხოლოდ სისტემატიზაციას მოახდენს, მაგრამ ასეც ვერ მოხდება, რადგან საბოლოოდ, სამინისტრო მაძლევს შეკვეთას, რა და როგორ დავწერო. ეროვნული სასწავლო გეგმა სამინისტროშია დაწერილი და ნაკლებ კავშირშია ჩემს გამოცდილებასთან. წინასწარ ვერ მეცოდინება, რა იდეები მოუვა თავში სამინისტროს რომელიმე ექსპერტს, როგორ გეგმას დაწერს და რას მოითხოვს ამა თუ იმ კლასის სახელმძღვანელოსთვის. ეროვნული სასწავლო გეგმა საკმაოდ ხშირად იცვლება. ვფიქრობ, 1 სახელმძღვანელოს შექმნისთვის 2 წელი მაინც უნდა ჰქონდეს ავტორს და ასევე, ძალიან კარგი იქნება, თუ წიგნების პილოტირებაც მოხდება. უნდა იყოს საპილოტე სკოლები, კლასები, სადაც მასწავლებლები გამოცდიან თითოეულ თემასა და გაკვეთილს, იქნება უკუკავშირი, შეცდომები გაანალიზდება და მათი ჩასწორების შემდეგ გაკეთდება კარგი, ხარისხიანი წიგნი. სხვათა შორის, თუ არ ვცდები, დაახლოებით 18-20 წლის წინ წიგნების პილოტირება ხდებოდა.

– და არ გაამართლა ამ პროცესმა?

– არ ვიცი. ფაქტია, ასე აღარ ხდება.

– თქვენ უკვე გამოცადეთ პრაქტიკაში თქვენივე წიგნები. კმაყოფილი ხართ პროდუქტით, რომელიც შექმენით?

– შეფასება ჩემი მხრიდან უხერხულია, თუმცა, ჩემი აზრით, სახელმძღვანელოები, რომელთა შექმნაშიც მონაწილეობა მივიღე, წინა სახელმძღვანელოებს ჯობია. თუ ვინმე დაინტერესდება, შემიძლია არგუმენტებით დავუსაბუთო, რატომ ვფიქრობ ასე. თუმცა, ჩვენი სახელმძღვანელოებიც იდეალური ნამდვილად არ არის. ხარვეზებს თავადაც ვამჩნევ სწავლების დროს. ეს გასაკვირი არცაა, რადგან, როგორც ვთქვი, არაქართველი მოსწავლეებისთვის ქართულის ამ მეთოდიკით სწავლების საქმეში პიონერებს შორის ვართ. ბევრი ჩემი კოლეგა კმაყოფილია, ამბობენ: დავისვენეთ, სწავლება გაგვიმარტივდაო. ზოგი რჩევას და შენიშვნასაც გვაძლევს. ისე, ის, როგორია სახელმძღვანელო, მხოლოდ ავტორსა და გამომცემლობაზე კი არა, სამინისტროს შეკვეთაზე, ეროვნულ სასწავლო გეგმაზეცაა დამოკიდებული. ეროვნული სასწავლო გეგმა კი, ჩემი აზრით, არის გაუმართლებლად რთული.

– კონკრეტულად რა არ მოგწონთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში და „გაუმართლებლად რთულში“ რას გულისხმობთ?

– მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა გვისახავს მიუღწეველ მიზანს. როცა მაწვდი რთულ პროგრამას, მიყენებ მიუღწეველ მიზანს და მე იძულებული ვარ, ამ მიზანს მოვარგო სახელმძღვანელო, ის სახელმძღვანელო კარგი ვერ იქნება. სირთულეში იმას ვგულისხმობ, რომ როცა გეგმას ადგენენ, რაღაც იდეალურ მდგომარეობას წარმოიდგენენ ხოლმე. არადა ჩვენ იდეალებიდან კი არა, უნდა გამოვიდეთ რეალობიდან – რისი სწავლა შეუძლია ბავშვს და საერთოდ რა სჭირდება ცხოვრებაში. განსაკუთრებით ეს ეხება საბაზო საფეხურს. საშუალო საფეხურზე კიდევ შეიძლება ვისაუბროთ, როგორც უნივერსიტეტისთვის მოსამზადებელ საფეხურზე და ავწიოთ თამასა, მაგრამ საბაზო საფეხურზე, მთელი ეროვნული სასწავლო გეგმა, ყველა საგანში, არის ისე შედგენილი, მოსწავლეთა აბსოლუტურ უმრავლესობას მისი დაძლევა არ შეუძლია. შესაბამისად, ეს გეგმა არის აბსოლუტური ტყუილი. და ამ ტყუილზეა მორგებული სახელმძღვანელოები. და ამის ცოდნა მასწავლებლის მოტივაციის ვარდნასაც იწვევს და მოსწავლისასაც, რომელიც უბრალოდ ვერ იგებს წიგნს და საერთოდ აღარ სწავლობს. შედეგად, ვიღებთ ისეთ თაობებს, რომლებიც ამთავრებენ სკოლას და საერთოდ არაფერი იციან. მინდოდა მეთქვა წერა-კითხვის გარდა-თქო, მაგრამ ესეც არ იციან. ცხადია, წერა-კითხვაში არ ვგულისხმობ ასოების ცნობას და გამოწერას. წერა-კითხვა გაცილებით რთული რამაა და მისი ცოდნა ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია აზრების გასაგებად გადმოცემა, შენი სურვილების გამოხატვა, ფუნქციური ტექსტების შექმნა, ცხოვრებაში ამის გამოყენება, წაკითხული ნებისმიერი ტექსტიდან სათანადო აზრის გამოტანა, გაანალიზება, კრიტიკული განსჯა. ეს კი მოსწავლეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის. მინდა მქონდეს იმედი, რომ ახალი ეროვნული გეგმის შექმნისას, რეალობას გაითვალისწინებენ, რამდენიმე სკოლაში მაინც ჩაატარებენ კვლევას და ახალ დოკუმენტს მასზე დააფუძნებენ. ეს შესრულდება თუ არა, არ ვიცი. მე სიამოვნებით ვითანამშრომლებდი ყველასთან და რჩევებსაც მივცემდი.

– განათლების სამინისტროს რა რჩევებს მისცემდით იმისთვის, რომ ხარისხიანი სახელმძღვანელოები მივიღოთ და თქვენ, როგორც ავტორს, წიგნებზე მუშაობის მოტივაცია გქონდეთ?

– უპირველეს ყოვლისა, განათლების სამინისტრო ღრუბლებიდან უნდა დაეშვას მიწაზე. ვგულისხმობ იმას, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა უნდა მიუახლოოს ჩვენი ქვეყნის რეალობას და იმ სიტუაციას, რაც არის ძალიან ბევრ რეგიონში მე-19 საუკუნის დონისა და ინფრასტრუქტურის სკოლებში. მეტიც, მთლად 21-ე საუკუნის დონის სკოლაც რომ გვქონდეს, ზოგიერთ საგანში პროგრამა ისეა გართულებული და გაბერილი, მაინც ვერ დაძლევდა მოსწავლე. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, გადასახალისებელი კი არა, თავიდან არის დასაწერი ეროვნული სასწავლო გეგმა. მოსაფიქრებელია, რა არის აუცილებელი, რომ სკოლადამთავრებულმა იცოდეს, რა არის ჩვენი მიზანი და როგორ არ მოვიტყუოთ თავი. ქაღალდზე შეიძლება დავწეროთ საოცარი მიზნები და მათ ვერასდროს მივაღწიოთ. რეალური მიზნები უნდა დავისახოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ნორმალური სახელმძღვანელოს დაწერა. მერე კი უკვე უნდა დავფიქრდეთ, რამდენად არის საჭირო ყველა მოსწავლისთვის უფასო სახელმძღვანელოს დარიგება, რადგან ყველასთვის უფასო სახელმძღვანელო იწვევს იმას, რომ წიგნების ფასი, ავტორების ჰონორარი, გამომცემლობის მოგება და შესაბამისად, ხარისხიც არის დაბალი. როგორც უკვე აღვნიშნე, ვისურვებდი 1 სახელმძღვანელოს შექმნისთვის 2 წელი მაინც იყოს მოცემული და მოხდეს მათი პილოტირებაც. კომპლექსურად ამ ყველაფრის გადაჭრა გახდება იმის საფუძველი, რომ სახელმძღვანელოები იქნება უკეთესი, ხარისხიანი და ავტორებსაც სახელმძღვანელოებზე მუშაობის მეტი მოტივაცია გვექნება.

ასევე იხილეთ:

პასუხი განათლების მინისტრს – „დათქმულ ვადაში ყველა კლასის ყველა სახელმძღვანელოს განახლება წარმოუდგენელია!“

დაიწყება თუ არა სკოლაში ქართული ენის ცალკე საგნად სწავლება? – რა პასუხი აქვს განათლების მინისტრს

როგორ (არ) უნდა ისწავლებოდეს და იწერებოდეს ისტორიის სახელმძღვანელო – „სწორედ ამ მემკვიდრეობის სადღეგრძელოებს ვსვამთ სუფრაზე“

დავიწყოთ თუ არა სკოლებში ქართული ენის ცალკე საგნად სწავლება?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური