საკადრო ცვლილებები განათლების სამინისტროს მსხვილბიუჯეტიან უწყებაში
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორად ირაკლი კუპრავა დაინიშნა. შეიცვალა ხელმძღვანელის მოადგილეც.
ახალი კადრების შესახებ გიორგი ამილახვარის უწყება მწირ ინფორმაციას გვაწვდის: “ირაკლი კუპრავას სამშენებლო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს – სხვადასხვა დროს ის მუშაობდა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. რაც შეეხება მის ახლად დანიშნულ მოადგილე ლევან მუშკუდიანს, მას სამშენებლო სექტორში 19-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს”.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი და მოადგილე ლევან მუშკუდიანი სამუშაო შეხვედრაზე თავად წარუდგინა, მადლობა გადაუხადა სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელობას გაწეული სამუშაოსთვის და ახალ დირექტორს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
განათლების სამინისტროს ცნობით, გიორგი ამილახვარმა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს განახლებულ მენეჯმენტს მისცა დავალება, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხისა და ვადების პროცედურული კონტროლი მაქსიმალურად ზედმიწევნით განხორციელდეს, რათა დროულად იქნეს უზრუნველყოფილი პროექტების ხარისხიანად დასრულება და ბავშვების ინფრასტრუქტურულად გამართულ, ევროპული სტანდარტის შესაბამის სკოლებში დაბრუნება.
დღეისათვის მიმდინარეობს არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელების საქმეში სააგენტოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია.
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- განათლების სამინისტრო: კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო