GE

საკუთარი შემოსავალი 16 წლის ასაკში და 26 წლის ასაკში შეცვლილი პროფესია – გლდანის კოლეჯის კურსდამთავრებულთა რეალიზებული ოცნებები

ზურა და გიორგი საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული გადამზადების ცენტრის“ კურსდამთავრებულები არიან. ორივე მათგანი კოლეჯის დასრულების დღესვე დასაქმდა – ისინი ჯერ კიდევ პრაქტიკის გავლის დროს შეამჩნიეს ავტოსერვისის სფეროში მომუშავე წამყვანმა კომპანიებმა და სამსახურიც შესთავაზეს. შედეგად, ორივე მათგანი საქართველოში პრესტიჟული კომპანიების თანამშრომლები არიან და ამბობენ, რომ პროფესიული განათლების არჩევა მათ ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.

გიორგი ბეგიაშვილი

გიორგი 26 წლისაა და კომპანია თეგეტა მოტორსში“ ელექტრო დიაგნოსტიკის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. აქამდე მოსასვლელად კი მისმა გზამ პროფესიულ განათლებაზე გაიარა – გიორგიმ „გლდანის პროფესიული გადამზადების ცენტრში“ ელექტრო დიაგნოსტიკის ოპერატორის სპეციალობა შეისწავლა.

უმაღლესი განათლება მიღებული აქვს, თუმცა ამბობს, რომ კოლეჯში ჩაბარება მანქანებისადმი ინტერესმა გადააწყვეტინა და  ცხრა თვიანი პროფესიული პროგრამა წარმატებით გაიარა.  კოლეჯის მადლიერია და თვლის, რომ ლექტორ–მასწავლებლებმა მაქსიმუმი შეძლეს –  9 თვეში სტუდენტებმა უზარმაზარი თეორიული თუ პრაქტიკული მასალა აითვისეს, თანაც ხარისხიანად. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მიღებული განათლება ძალიან დაეხმარა სამსახურის დაწყების შემდეგაც, რადგან თეორიულად ნასწავლი თითოეული დეტალი პრაქტიკაში გამოიყენა.

კოლეჯმა გიორგი კომპანია „თეგეტა მოტორსში საწარმოო პრაქტიკის გავლის  მიზნით მიავლინა“. კომპანიამ კი იგი სამუშაოდ დაიტოვა. ამჟამად ერთ-ერთი წამყვანი, ბაზრის ლიდერი კომპანიის  – „თეგეტა მოტორსის“ თანამშრომელია და  ამბობს, რომ ესაა ადგილი, სადაც სიამოვნებით მუშაობს.

„მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით მქონდა, ეს სფერო ძალიან მაინტერესებდა. თანაც ვფიქრობდი, რომ პროფესიული განათლება პერსპექტიულია, ადვილია სამუშაოს შოვნა და იმით დაკავება, რაც მოგწონს, რაც გიზიდავს.  მართალიც აღმოვჩნდი. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი პროფესია ძალიან მომწონს. ძალიან საინტერესო სამუშაოა. ყოველდღიურად რაღაც ახალს სწავლობ. ერთ ადგილზე არ იყინები. ნებისმიერ დროს შეიძლება ისეთი სამუშაო გქონდეს შესასრულებელი, რომ ახალი რამის სწავლა დაგჭირდეს და მუდმივად ვითარდები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, დაწინაურების შესაძლებლობაც არის“, – ამბობს გიორგი.

ფიქრობს, რომ უმაღლესი განათლება, პროფესიულთან შედარებით უპირატესად უსამართლოდ არის აღიარებული და აუცილებელი არ  არის ყველამ ისწავლოს უმაღლეს სასწავლებელში, მიუხედავად იმისა, აინტერესებს ეს თუ არა. გიორგის აზრით, პროფესიული განათლება თითოეული ინდივიდის სურვილებზეა მორგებული, სწორედ ამიტომ, ნებისმიერს შეუძლია კოლეჯში ის საქმე შეისწავლოს, რაც მას სიამოვნებას ანიჭებს.

„უმაღლესი განათლება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუმცა მე ჩემი თავი პროფესიულ განათლებაში დავინახე. შედეგი უფრო სწრაფად მივიღე. იშვიათია შემთხვევა, როცა უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მაშინვე საქმდები შენი პროფესიით. პროფესიულის  უპირატესობა კი სწორედ ესაა – მოკლე დროში ითვისებ პროფესიას, მოკლე ხანში გთავაზობენ სამსახურს და აღწევ წარმატებას.  შეგიძლია ერთსა და იმავე დროს ორ პროფესიასაც დაეუფლო, შეზღუდული არ ხარ“, – ამბობს გიორგი.

გიორგის სამომავლო გეგმები პროფესიაში განვითარებას უკავშირდება. ამბობს, რომ ამ ეტაპზე ელექტრო დიაგნოსტიკის მიმართულებით ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავება უნდა. სამომავლოდ კი არც სხვა პროფესიებით დაინტერესებას გამორიცხავს, რომლებიც ავტოსერვისთანაა დაკავშირებული.

ზურაბ ჭუმბულიძე

ზურა 16 წლისაა. იმ დროს, რომელსაც მისი თანატოლები გართობაში, ან უქმად ყოფნაში ატარებენ, ზურა მუშაობას უთმობს – უკვე რამდენიმე თვეა მათე მოტორსის“ თანამშრომელია. ამბობს, რომ ერთ-ერთ წამყვან და პოპულარულ კომპანიაში მუშაობა ეამაყება. 16 წლის ასაკში ის უკვე თავისი საქმის პროფესიონალია. შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ წინ კიდევ ბევრი სიახლე ელის და კარიერულ გზაზე არაერთი ნაბიჯის გადადგმას მოასწრებს.

„მათე მოტორსში“ ზურას მოხვედრა „გლდანის პროფესიული გადამზადების ცენტრის“ დამსახურებაა, სადაც ზურამ გასულ წელს ავტომობილის სავალი ნაწილის ტექნიკოსის ცხრა თვიან პროგრამაზე ჩააბარა. ზურა ამბობს, რომ ავტომობილები, მათი აგებულება ყოველთვის აინტერესებდა, თუმცა სასწავლებელში მისვლამდე ამ პროფესიის შესახებ არაფერი იცოდა. სწავლა ნულიდან დაიწყო და სულ რამდენიმე თვეში, კოლეჯის დახმარებით მისგან პროფესიონალი დადგა.

არც სამსახურის ძებნა დასჭირვებია – კოლეჯიდან საწარმოო პრაქტიკაზე „მათე მოტორსში“ გაუშვეს, სადაც ზურას მომზადების დონით იმდენად მოიხიბლნენ, რომ სამსახური შესთავაზეს და პრაქტიკის დასრულების შემდეგ სამუშაოდაც დარჩა.

ამბობს, რომ სამსახურით კმაყოფილია. მოსწონს გარემო, თანამშრომლები, საქმე, რომელსაც აკეთებს და რა თქმა უნდა ისიც, რომ 16 წლის ასაკში მას უკვე საკუთარი, ღირსეული შემოსავალი აქვს.

„კოლეჯში სწავლა ძალიან საინტერესო იყო. ყოველ დღე რაღაც ახალს ვსწავლობდით როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად. მასწავლებლები დეტალურად გვიხსნიდნენ ყველაფერს, ასე რომ შეუძლებელი იყო რაიმე ვერ გაგეგო, ან ვერ აგეთვისებინა. კოლეჯში მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარა სამსახურშიც. აბსოლუტურად ყველაფერი, თითოეული ნასწავლი სიტყვა თუ მოქმედება გამომადგა. სამსახურში რაღაც ახალს მაინც სწავლობ ყოველდღიურად, მაგრამ რომ არა კოლეჯში მიღებული ცოდნა, ნამდვილად ვერაფერს შევძლებდი. აქ მოსული აბსოლუტურად მომზადებული ვიყავი ყველა სიტუაციისათვის“, – ამბობს ზურა.

გვიყვება რომ, თანაჯგუფელებიდან ყველა დასაქმებულია, ვისაც კი ამის სურვილი ჰქონდა. მიაჩნია, რომ პროფესიული განათლების მთავარი ხიბლი სწორედ ესაა –   ყველას, განურჩევლად სქესისა, ასაკისა და  სოციალური სტატუსისა აძლევს შესაძლებლობას უფასოდ შეისწავლოს საქმე, რომელიც აინტერესებს, სასწავლებლისვე დახმარებითვე დასაქმდეს და მიიღოს შემოსავალი.

„თუკი ადამიანი მონდომებულია, თუკი აქვს ინტერესი და მოტივაცია სამსახურის შოვნა ნამდვილად არ გაუჭირდება. მთავარი მართლაც მხოლოდ ისაა, სურვილი და ინტერესი ჰქონდეს იმ საქმის, რის კეთებასაც აპირებს. მე პირადად ჩემ გარშემო ყველას ვურჩევ კოლეჯში ჩაბარებას და პროფესიული განათლების მიღებას, რადგან ეს მათთვისაა კარგი“, – მიიჩნევს ზურა.

გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი – მრავალფეროვანი პროგრამები და დასაქმების 80%-იანი შანსი

აღნიშნული სტატია მომზადდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. ინფორმაცია, რომელიც მოცემულია აღნიშნულ გამოცემაში არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პოზიციას.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური