GE

სამეცნიერო-შემეცნებითი ფილმების ციკლის – „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ პრეზენტაცია

15 ივლისს, თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ერთობლივი პროექტის, სახელწოდებით „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი, რომელიც 2025 წლის „მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის“ გამარჯვებულია, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, XIX საუკუნის პირველი ასწლეულის (1850-იანი-1950-იანი წწ.) წარმომადგენელი ქართველი დრამატურგების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე სამეცნიერო-შემეცნებითი ფილმების სერია შეიქმნა. გადაცემათა ციკლი მიზნად ისახავს ქართული ორიგინალური დრამატურგიის, მათ შორის ქალი ავტორების შემოქმედების, პოპულარიზაციას და იმ მოსაზრების დასაბუთებას, რომ ქართული დრამატურგია ევროპული დისკურსის ნაწილია.

დაახლოებით, 15-წუთიან 12 სამეცნიერო-შემეცნებით ფილმში გამოჩენილ ქართველ ავტორებზე გვესაუბრებიან თანამედროვე ქართველი ლიტერატურათმცოდნეები და მწერლები: როსტომ ჩხეიძე, ნინო ვახანია, თამარ ციციშვილი, თამარ შარაბიძე, გია არგანაშვილი, გაგა ლომიძე და ირმა რატიანი.

ფილმების გაცნობის შესაძლებლობა უკვე ჰქონდა საზოგადოებას რეგიონებში. გასულ თვეებში, „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეულის“ პრეზენტაცია ქუთაისსა და გორში გაიმართა. რეგიონების შემდეგ, სამეცნიერო-შემეცნებით ფილმებზე მუშაობის ხანგრძლივი და საინტერესო პროცესის ამსახველი ვიდეორგოლი და მოკლე ვიდეოანოტაცია თბილისში, „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცეში შეკრებილმა საზოგადოებამაც იხილა.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირმა რატიანმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერმა, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ.

ფილმებზე მუშაობის პროცესსა და ზოგადად, ამ პროექტის მნიშვნელობაზე საზოგადოებას მოსაზრებები ასევე გაუზიარეს „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეულში“ მონაწილე სპიკერებმაც.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, EDU.ARIS.GE პროექტის შესახებ მისი იდეის ავტორსა და ხელმძღვანელს, პროფესორ ირმა რატიანს ესაუბრა. როგორც ქალბატონმა ირმამ აღნიშნა, ფილმებზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო, უკვე დასრულებული პროდუქტის ნახვა კი დაინტერესებულ პირებს YOUTUBE არხზე შეეძლებათ:

„ეს არის რიგით მეოთხე პროექტი, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელდა. „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ ეხება ქართული დრამატურგიის დასაბამს – პირველ 100 წელს. პროექტზე მუშაობა დავიწყეთ წელიწად-ნახევრის წინ. ერთ წელში ჩატარდა სამუშაოები, განხორციელდა ჩაწერები, მონტაჟი, ხმისა და ინგლისური ტიტრების დადება და აი, უკვე ბოლო სამი თვეა, მიმდინარეობს ამ პროექტის შედეგების წარდგენა. გაიმართა რეგიონული პრეზენტაციები – პირველი აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტში, მეორე – გორის ბიბლიოთეკასა და თეატრში. თბილისში კი დამაგვირგვინებელი პრეზენტაცია ჩავატარეთ, რომელსაც ჩვენი კოლეგები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და რაც მთავარია, სტუდენტები დაესწრნენ. ვაპირებთ ამ პროექტის გაგრძელებას – 1960-იანი წლებიდან დღემდე“.

მსგავსი ტიპის პროექტებსა და მათში უნივერსიტეტის ჩართულობის მნიშვნელობაზე მოსაზრება გაგვიზიარა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ვიცე-კანცლერმა და მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო ჭალაგანიძემ. ქალბატონი ნინოს თქმით, უნივერსიტეტის მესამე მისია საზოგადოების საკეთილდღეო საქმიანობაა, რასაც CIU და მისი მულტიმედია ცენტრი ათწლეულზე მეტია ასრულებს:

„ეს არ არის პირველი პროექტი, რომელსაც ჩვენ შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტთან ერთად ვახორციელებთ. ჩვენ მათთან თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა. ეს პროექტი მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და მადლობა ჩვენს კიდევ ერთ მხარდამჭერს – რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, რომელიც მხარში გვიდგას და გვეხმარება იმ საკითხებში, რომელთა მოგვარება, წინ წამოწევა და აქტუალიზაცია არის უსაზღვროდ მნიშვნელოვანი ყოველი ჩვენგანისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ზრდასრული მოქალაქეებისთვისაც, ვისაც აინტერესებს, ადარდებს და აფიქრებს ჩვენი ქვეყნის ღირებულებები, კულტურის მხარდაჭერა, ლიტერატურა, ზოგადად, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეში კონტრიბუციის ჩადება.

უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს სამი მისია. პირველი არის სწავლება, მეორე – კვლევა და მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი – საზოგადოების საკეთილდღეოდ საქმიანობა. ეს გულისხმობს მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების ღირებულებების პოპულარიზაციას. ამ მისიას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მისი მულტიმედია ცენტრი ასრულებს უკვე ათწლეულზე მეტია და დღევანდელი პროექტიც ამისი შესანიშნავი ილუსტრაცია და დასტურია”.

ქართული დრამატურგიის შესწავლისა და მეცნიერების პოპულარიზაციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება ჩვენთან საუბრისას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელმა, ნინო კვიტაშვილმა. მისი თქმით, არსებობს მრავალი დრამატურგიული ტექსტი, რომელიც შესასწავლია და ამიტომ, ეს პროექტი უნდა გაგრძელდეს:

„ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ რუსთაველის სამეცნიერო ფონდის 2025 წლის „მეცნიერების პოპულარიზაციისთვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის“ ერთ-ერთი გამარჯვებულია. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტი როგორც ქართული დრამატურგიის შესახებ საზოგადოების ცნობადობის გაზრდის, ისე მეცნიერების პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ქართული დრამატურგია არის ყველაზე ნაკლებად შესწავლილი სფერო. ამ პროექტში კი დრამატურგია განხილულია როგორც მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში, ისე საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების ფონზე. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი და ახლებური ხედვა კიდევ გაგრძელდება“.

ახალგაზრდების მიერ ქართული დრამატურგიის მნიშვნელობის გააზრების აუცილებლობას გაუსვა ხაზი მწერალმა როსტომ ჩხეიძემ, რომელიც პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა. ბატონი როსტომის თქმით, სამეცნიერო-შემეცნებით ფილმებს ძალიან დიდი ლიტერატურული, სახელოვნებო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და ამავე დროს, „დიდი განზრახვის ნაწილია“:

„წლების წინ აკაკი ბაქრაძემ დაწერა – „განა დრამატურგია ლიტერატურის გერია?!“. ეს იყო რიტორიკული შეკითხვა და თავად ბაქრაძე ცდილობდა, რომ გამოეყვანა დრამატურგია გერის მდგომარეობიდან. გავიდა წლები და უკვე არსებობს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის კარგი წამოწყება ირმა რატიანის ხელმძღვანელობით – სამეცნიერო-შემეცნებით ფილმებს აქვს ძალიან დიდი ლიტერატურული, სახელოვნებო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა და გარდა ამისა, არის ძალიან დიდი განზრახვის ნაწილი…

ამ ყველაფერს დიდი გამოძახილი ჰქონდა ქუთაისში, გორში, თბილისში. ახლა ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ – ყველგან უნდა ჩავიდეთ, საქართველოს ქალაქებსა თუ დაბებში და ყველასთან მივიტანოთ ის აზრი, რომ დრამატურგია არის სრულფასოვანი მოვლენა, ის არ არის გერი ან დანამატი პროზისა და პოეზიისა. მას აქვს მნიშვნელობა არამარტო ჩვენი ლიტერატურული ყოფისთვის, არამედ საზოგადოებრივი მასშტაბით. ასე დაინახა ეს ირმა რატიანმა და ასე ვხედავთ ჩვენც, ვინც ამ პროექტში ვმონაწილეობთ. გვინდა, რომ ფილმებით ახალგაზრდებამდე მივიტანოთ მნიშვნელობა, ზოგადად, დრამატურგიისა და ცალკეული დრამატურგებისა. ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაფასდება ქართული დრამატურგია ისე, როგორც ეს საჭიროა“.

აღსანიშნავია, რომ ფილმებს საფუძვლად დაედო პროექტის ხელმძღვანელისა და იდეის ავტორის ფუნდამენტური კვლევა – „დრამის პოეტიკა ქართული აქცენტით“. გარდა ამისა, პროექტის განხორციელების პროცესში სცენარისტებმა გაითვალისწინეს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ მომზადებული სამტომეული: „ქართული დრამატურგიის ქრესტომათია (ნაცნობი და უცნობი ტექსტები)“, რომელიც საარქივო მასალებში მოძიებული ქართველი დრამატურგების უნიკალურ, ფართო საზოგადოებისთვის უცნობ ტექსტებს მოიცავს.

გადაცემათა ციკლი წარმოადგენს გასულ წლებში, „მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში განხორციელებული შემდეგი პროექტების კონცეპტუალურ გაგრძელებას: „XX საუკუნის ქართული მწერლობა და ნაციონალური იდენტობის იდეა. ნამდვილი ისტორია“, „ქართული ლიტერატურა 90 წუთში. ლოკალური და გლობალური“, „ქართული საბავშვო ლიტერატურა „დედაენიდან“ „სალამურამდე“.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური