GE

„სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი“ – ახალი სამეცნიერო გამოცემა

„სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი“ – ასე ეწოდება ახალ, მულტიდისციპლინურ პერიოდულ გამოცემას, რომელიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიგვავა – ბატიაშვილის იურიდიული ფირმისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით დაარსდა. ჟურნალის პირველი ნომერი უკვე გამოიცა, მისი პრეზენტაცია რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც სამედიცინო და იურიდიული წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჟურნალის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მედიცინაში არსებული სამართლებრივი გამოწვევების დასაძლევად, პაციენტის უფლებებისა და ექიმის პროფესიული და პირადი თავისუფლების დასაცავად. ჟურნალის კონცეფციაში ნათქვამია, რომ სამედიცინო სამართალი და სამედიცინო მენეჯმენტი – ეს ინტერდარგობრივი სფეროები, შეიძლება განვითარდეს მხოლოდ ორივე პროფესიის წარმომადგენელთა თანამშრომლობით.

„სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი“ მიზნად ისახავს სამედიცინო სამართალისა და მენეჯმენტის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სტატიების მომზადებას, კონკრეტული, აქტუალური სამედიცინო სამართლებრივი საქმეების დამუშავებას, სამედიცინო დაწესებულებებისა და მედპერსონალისათვის უმაღლესი ხარისხის იურიდიული მომსახურების კონცეფციის შექმნასა და სხვა.

სტატიებზე იმუშავებენ სამედიცინო და იურიდიული სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, პრაქტიკოსი ექიმები და იურისტები. ჟურნალის ავტორთა განცხადებით, სამეცნიერო აქტივობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება სხვადასხვა სახელმწიფო საზედამხედველო ორგანოსთან ურთიერთობის სტრატეგიისა და კონკრეტული მოდელების შემუშავება.

ჟურნალის შექმნის იდეა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ეკუთვნის, რომელმაც მისი განხორციელებაც საკუთარ თავზე აიღო და პრეზენტაციის გამართვაც. უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე ჟურნალის გამოცემას ქართული საზოგადოებისათვის დიდ მოვლენად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ იგი თავის როლს უდავოდ შეასრულებს.

„იგი უნდა გახდეს იურისტებისა და მედიკოსების სამაგიდო ჟურნალი და პოპულარიცაზია უნდა გაუწიოს იმ ინიციატივებს, რომლებიც კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწას შეუწყობს ხელს. შედეგად, იგი იქნება კიდევ უფრო მორგებული როგორც პაციენტზე, ისე ექიმზე და თანაბრად დაიცავს მათ უფლებებს“, – აღნიშნა EDU.ARIS.GE-სთან მამუკა თავხელიძემ.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჟურნალი წელიწადში ხუთჯერ უნდა გამოსულიყო, თუმცა საზოგადოების ინტერესი დასაწყისშივე იმდენად მაღალია, რომ ორგანიზატორები პერიოდულობის გაზრდასაც არ გამორიცხავენ. ჟურნალი გავრცელდება როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური სახით. ამ ყველაფერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. რედაქტორების თქმით, მათი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად დააინტერესონ და აქტიურ ჩართულობას შეუწყონ ხელი.

ჟურნალის მთავარი რედაქტორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი ნუნუ კვანტალიანი ამბობს, რომ სამედიცინო სამართალი ყველა განვითარებულ ქვეყანაში ცალკე ჩამოყალიბებული დარგია, ჩვენს ქვეყანაში კი ნაკლებია კვლევები სამედიცინო სამართლის საკითხებთან დაკავშირებით და ამდენად, ასეთი ჟურნალის არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

„მოგეხსენებათ, დარგი ინტერდისციპლინურია. სამედიცინო სამართალიცა და სამედიცინო მენეჯმენტიც ურთიერთგდაჯაჭვული საკითხებია. ერთი შეხედვითაც ჩანს – ჩვენ ყველას გვჭირდება კარგი სამედიცინო მომსახურება და როდესაც მას ვერ ვიღებთ, პრეტენზია გვაქვს ჩვენი უფლებების დაცვაზე. სწორედ ამ პრობლემებსა და სფეროში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით, მათ აღმოფხვრასა და გადაჭრაზე იქნება ჟურნალში დიალოგი წარმართული. საქართველოსთვის, დღეს, ამ დარგის განვითარება სასიცოცხლოდ აუცილებელია“, – აცხადებს პროფესორი ნუნუ კვანტალიანი.

ჟურნალის გამოცემაში საკმაოდ დიდი როლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეასრულა, რომელიც აქტიურად არის ჩართული როგორც ინტელექტუალური რესურსით, ისე იმ გამოცდილებითა და სამეცნიერო კონტაქტებით, რომლებიც უნივერსიტეტს გააჩნია. თსუ-ის პროფესორი და ჟურნალის მთავარი რედაქტორი გია ხუბუა ჩვენთან ინტერვიუში ჟურნალს აღწერს როგორც სადისკუსიო პლატფორმას, სადაც როგორც იურისტები, ისე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები წარმართავენ აქტიურ დისკუსიას იმ გამოწვევებზე, იმ თანამედროვე მოთხოვნებზე, რომლებიც სამედიცინო სამართლის წინაშე დგას.

„ჟურნალი შეძლებს არა მარტო თეორიული ცოდნის გენერირებასა და თეორიული მიმართულებით სამეცნიერო დისკუსიის წარმართვას, არამედ ხელს შეუწყობს პრაქტიკასთან სიახლოვეს. ახალგაზრდა მეცნიერებს საშუალებას მისცემს წარმოაჩინონ საკუთარი პოზიციები. გვინდა ამ ჟურნალით დავამკვიდროთ კარგი პრაქტიკა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ინსტიტუტებს შორის ინტენსიური დიალოგი წარიმართოს. როდესაც ორი განსხვავებული დარგი ერთმანეთს ხვდება, კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანია, ერთმანეთის ენა ვიცოდეთ და გვქონდეს სურვილი, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთთან აქტიურ კონტაქტზე ვიყოთ. ეს კომუნიკაციის განსაკუთრებულ კულტურას მოითხოვს და დარწმუნებული ვარ, ჟურნალი მოახერხებს დაამკვიდროს იგი”, – აცხადებს გია ხუბუა.

პრეზენტაციას არაერთი წამყვანი კლინიკის ხელმძღვანელი ესწრებოდა, რომლებიც საკუთარ გამოსვლებში ხაზს უსვამდნენ მსგავსი შინაარსის პუბლიკაციის არსებობის აუცილებლობას და იმედს გამოთქვამდნენ, რომ იგი ხელს შეუწყობს სფეროში არსებული პრობლემების წამოწევას, საზოგადოებისა და შესაბამისი ორგანოების დაინტერესებასა და გამოსავლის ძიებას, როგორც საკანონმდებლო, ისე მენტალურ დონეზე.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური