GE

„სამინისტროს დასახელებული მომხიბვლელი ციფრები დიდი ტყუილია, უფროსი მასწავლებლის სახელფასო დანამატი რეალურად 80 ან 120 ლარია“

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა პედაგოგებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას, რასაც მოწმობს ის, რომ ხელფასები გაიზარდა და ზრდა დაგეგმილია მომდევნო წლებშიც.

მინისტრის ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან ოპოზიციაში და აცხადებენ, რომ ხელფასები რეალურად ყველა მასწავლებლისთვის არ გაზრდილა და სამინისტრო თავის პოლიტიკით, პედაგოგებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.

„საქართველოში 38 000-ზე მეტი მასწავლებელი არასრული დატვირთვით მუშაობს და შესაბამისად ვერ იღებს დაპირებულ ,,ღირსეულ ანაზღაურებას“, რაც შეეხება უფროსი მასწავლებლების 1011 ლარიან ანაზღაურებას, ის საუკეთესო შემთხვევაში – ხელზე ასაღებ 788 ლარს უტოლდება (18 საათზე მეტი კვირეული დატვირთვისა და სტატუსის დანამატის შემთხვევაში). შესაბამისად, სამინისტროს დასახელებული მომხიბვლელი ასტრონომიული ციფრები დიდი ტყუილია. რეალურად, უფროსი მასწავლებლის სახელფასო დანამატი 80 ან 120 ლარია, რომელიც თავისთავად ვერ ეწევა დოლარის კურსით გამოწვეულ ფასების ზრდას“,- აცხადებს ნანა ტოხვაძე პარტია „ახალი საქართველოს“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ სკოლების დიდ ნაწილში პედაგოგები სრული დატვირთვით ვერ მუშაობენ,  სამინისტროს სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრის დროს უნდა გაეთვალისწინებინა.

„საინტერესოა, ფუნდამენტური და კომპლექსური რეფორმის დაწყებამდე, რატომ ვერ, ან არ გაითვალისწინა განათლების სამინისტრომ, რომ სკოლების ზომის მიხედვით, საქართველო შეყვანილია მცირეკონტიგენტიან  სისტემათა რიგში, სადაც სკოლების 75% -ში გეოგრაფიული განაწილების გამო 300 მოსწავლემდე სწავლობს და საათების დეფიციტის გამო, მასწავლებლისთვის სრულ განაკვეთზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია. საქართველო ხომ მარტო თბილისი და დიდი ქალაქები არაა და სოფლის, დაბისა და რაიონის სკოლებში, საათების დეფიციტის გამო უფროსი მასწავლებლის ხელფასი 500- 600 ლარს ვერ ცდება, რადგან  9-10 საათიანი დატვირთვა აქვთ და სამინისტროს მათთვის არანაირი გადაწყვეტა არ შეუთავაზებია (მაგ. ფიზიკის, ქიმიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ისტორიისა თუ ბიოლოგიის). შესაბამისად, გამოდის, რომ თანაბარი კომპეტენციისა და პროფესიული უნარების მქონე მასწავლებლების ნაწილს სამინისტროს რეფორმა შეეხო, ხოლო დანარჩენი რეფორმის მიღმა დარჩა“, – ამბობს ნანა ტოხვაძე.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური