„ძალიან დაგეხმარებათ პროგრამის მიზნებისა და შინაარსის გაცნობა“ – როგორ შევარჩიოთ სასწავლო პროგრამები სწორად
2024 წლის აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში საკუთარი არჩევანის გაკეთების ან მისი ცვლილებისთვის საკმარისი დრო აქვთ. როგორც შეფასებისა და გამოცდების ცენტრი აზუსტებს, “პროგრამების ცვლის, წაშლისა და დამატების შესაძლებლობა საკუთარი შედეგების გაგების შემდეგაც გექნებათ. ეს პროცესი აპელაციის (გასაჩივრებული ქულების) შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს შეწყდება”.
როგორც წესი, იმ პროგრამის/პროგრამების შერჩევის პროცესს, სადაც მომავალში შესაძლოა, ისწავლონ, აბიტურიენტები კონკურსის, მასზე მოხვედრის შესაძლებლობებისა და უნივერსიტეტის კარგი თუ ცუდი სახელის პრიზმაში აღიქვამენ. ასეთ დროს კი, შეიძლება, სრულიად არ ვიცოდეთ მაგალითად რას მოიაზრებს ჩვენ მიერ შერჩეული უნივერსიტეტის სასწავლო კურსი აღნიშნულ პროგრამაზე, ვინ არიან ჩვენი მომავალი ლექტორები და როგორია მათი გამოცდილება… გიფიქრიათ რატომ იცვლიან პირველკურსელები უნივერსიტეტს ან პროგრამას, სადაც ჩაირიცხნენ და მობილობით სარგებლობენ? – ესეც შერჩევის პროცესში ნაკლები ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი შედეგია.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მომზადებული აქვს საინტერესო და პრაქტიკული რეკომენდაციები სწორედ საგანმანათლებლო პროგრამის შერჩევისთვის, რომელიც აბიტურიენტებსა თუ სხვა სტუდენტებს ზემოთ მოყვანილ გაურკვევლობას აარიდებს.
საქართველოში უმაღლესი საგანმანათებლო პროგრამები შესაძლებელია განხორციელდეს ავტორიზებულ რეჟიმში, ან იყოს აკრედიტებული. სტუდენტებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მიიღონ სახელმწიფო სასწავლო გრანტი, თუ ისინი აკრედიტებულ პროგრამაზე ჩაირიცხებიან.
– აუცილებლად გაეცანით თქვენს მიერ შერჩეული პროგრამების აკრედიტაციის დასკვნას. გთხოვთ ასევე გაეცნოთ თქვენს მიერ შერჩეული ინსტიტუცი(ებ)ის ავტორიზაციის დასკვნას;
– არჩევანის გასაკეთებლად ძალიან დაგეხმარებათ პროგრამის მიზნებისა და შინაარსის გაცნობა. შეაფასეთ ნამდვილად არის თუ არა კონკრეტული პროგრამით გათვალისწინებული კურსები, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ. პროგრამების აღწერა აუცილებლად უნდა იყოს მოცემული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე;
– შეაფასეთ რა ცოდნასა და უნარებს ავითარებს თქვენს მიერ შერჩეული პროგრამა და შეადარეთ იგი სხვა ინსტიტუციების მიერ შემოთავაზებულ ანალოგურ პროგრამებს;
– გაეცანით და შეაფასეთ პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალი და მათი გამოცდილება; აკადემიური პერსონალის წევრების რეზიუმეები როგორც წესი მოცემული უნდა იყოს ინსტიტუციების ვებ-გვერდზე;
– დააზუსტეთ სწავლების ენა და დარწმუნდით ხომ არ არის საჭირო რომელიმე უცხო ენის ცოდნა პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის;
– შეეცადეთ დაადგინოთ არის თუ არა შესაძლებელი სტუდენტებისათვის, სტაჟირების გავლა, საერთაშორისო მობილობებში და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა თქვენს მიერ შერჩეული პროგრამის/ინსტიტუციის ფარგლებში;
– სთხოვეთ უკუკავშირის გაზიარება თქვენს მიერ შერჩეული პროგრამის/ინსტიტუციის კურსდამთავრებულებს;
– გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ: – სწავლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა არის 4 წელი და საბაკალავრო პროგრამების შედგება არანაკლებ 240 კრედიტისგან;
– საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის აუცილებელი წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. არ ენდოთ ინსტიტუციებს, რომლებიც გთავაზობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე;
– მეორე საფეხურის (მაგისტრატურა) საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობა ძირითადად არის 2 წელი და სტუდენტს ჯამური დატვირთვა მოიცავს 120 კრედიტს;
– სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლების პროგრამა არის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მთავრდება დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიანი ან დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხი გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან;
– სადოქტორო პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობა არის 3-დან 5 წლამდე. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სადოქტორო საფეხურზე სწავლას ვერ აგრძელებენ პირები, რომელთაც აქვთ Executive MBA ხარისხი;
– გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ავტორიზაცია აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომი აღიარებული იყოს სახელმწიფოს მიერ.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- როცა პროფესიას ირჩევ – რეკომენდაციები პროფესიისა და სასწავლებლის შერჩევისთვის by რჩევები
- როგორ დავალაგოთ უნივერსიტეტები წარმატებით – 5 ეტაპი რჩევის სახით და მთავარი გაფრთხილება აბიტურიენტებს by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- „სანამ წერას და არგუმენტებზე ფიქრს დაიწყებთ, ეს გააკეთეთ“ – 7 რეკომენდაცია აბიტურიენტებს ლიტერატურის გამოცდის წინ by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე