დაიწყება თუ არა სკოლაში ქართული ენის ცალკე საგნად სწავლება? – რა პასუხი აქვს განათლების მინისტრს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ პარლამენტის მიერ ახალი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის დამტკიცებისთანავე განახლდება ყველა სასკოლო საგნის სტანდარტი და შესაბამისად, დაიწყება “საკმაოდ გრძელვადიანი, თუმცა უმნიშვნელოვანესი პროცესი. ეს არის თითოეული სასწავლო საგნის, სახელმძღვანელოს და სასწავლო რესურსების გადახედვა, განახლება და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან მორგება”.
მთავრობის ადმინისტრაციაში 22 აპრილს გამართული ბრიფინგისას დასმულ კითხვაზე, ითვალისწინებს თუ არა აღნიშნული ცვლილებები სკოლაში ქართული ენის ცალკე საგნად სწავლებას, განათლების მინისტრი კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს, თუმცა განმარტავს, რომ გადაწყვეტილებას ფართო ჩართულობით მიიღებენ.
“ახლა დამუშავების პროცესშია სასკოლო საგნის სტანდარტები და საბოლოოდ ჯერ არ არის მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები, თუმცა მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ თითოეული გადაწყვეტილება, მათ შორის ქართულ ენასთან დაკავშირებით, შეჯერებული იქნება უშუალოდ სპეციალისტებთან, მასწავლებლებთან, სასკოლო საზოგადოებასთან და მიღებული იქნება ბავშვების საუკეთესო მომავლის პრინციპებიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამის გადამუშავება და ვფიქრობ, მაისის თვეში ყველა საგანში უკვე უნდა დასრულდეს სტანდარტები, რის შემდეგაც უნდა დავგეგმოთ მასშტაბური პროცესი და ეს არის სახელმძღვანელოების ნაწილი”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
რაც შეეხება ვადებს, როგორც განათლების მინისტრი ამბობს, პირველი ეტაპის განახლება 2025 სასწავლო წლიდან დაიწყება და ყველა სასწავლო რესურსისა და სახელმძღვანელოების განახლების პროცესი “ორი წლის შუალედში უნდა დასრულდეს”. რაც ნიშნავს, რომ ახალი ზგემის მიზნებზე მორგებული სახელმძღვანელოების შექმნისთვის ავტორებსა და გამომცემლობებს ორი წელი ექნებათ. მეტიც, განათლების მინისტრი ერთ წელზეც კი საუბრობს, რაც სპეციალისტების თქმით – ახალი სახელმძღვანელოს შექმნა მცირე დროში, საერთაშორისო პრაქტიკაში არ გვხვდება.
“თუმცა ამას თავად პროცესი დაგვანახებს, ვინაიდან ეს ძალიან კომპლექსური და მასშტაბური საკითხია. თუ ავტორებისა და სხვადასხვა გამომცემლობების მხრიდან ერთ წელიწადში დასრულება შესაძლებელი იქნება, ამას შევხედავთ, თუ არა, ეს ძალიან დიდი, საფუძვლიანი და ფუნდამენტური რეფორმაა და შესაძლოა, ამ პროცესის გადანაწილება ორ წელზე დაგვჭირდეს. ამიტომ, ეს სტანდარტები, სახელმძღვანელოებთან ერთად, ეტაპობრივად შევა ძალაში, რასაც მოჰყვება მასწავლებლების გადამზადების სქემაც”, – თქმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ამილახვარმა.
ასევე იხილეთ:
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება