„სამინისტროს მიზანი სკოლებში კვალიფიციური კადრების არსებობა უნდა იყოს და თუ ვერ დაეხმარება მათ, ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს“
„ჩემს მნიშვნელოვან მიღწევად მივიჩნევ იმ მრავალრიცხოვან პედაგოგთა სიას, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს, ჩემთან გავლილი ტრენინგების დახმარებით პროფესიული უნარებისა თუ სხვადასხვა საგნის კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდა. თითოეულ მსმენელთან ერთად ვზეიმობ და მიხარია მათი წარმატება“, – ეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ორი სკოლის მასწავლებლისა და ტრენერის, მერაბ შავაძის სიტყვებია, რომელთანაც EDU.ARIS.GE-ს სურდა, ესაუბრა თემაზე: ავითარებს თუ არა სასკოლო განათლების სისტემას მასწავლებელთა დაუსრულებელი მომზადება-გადამზადების პროცესი.
მერაბ შავაძე: 1995 წელს დავიწყე მუშაობა მაღალმთიან სოფელ გომაროში (ადიგენის მუნიციპალიტეტი) 2007-2020 წლებში ვიყავი ამავე სკოლის დირექტორი. 2015 წელს წარმატებით გავიარე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ინიცირებული ტრენერთა სკოლა და შესაბამისად, ვფლობ ზრდასრულთა სწავლების სერტიფიკატებს. ამჟამად ასევე ვმუშაობ ადიგენის მუნიციპალიტეტის ორ გომაროს და ჭეჭლის საჯარო სკოლებში მასწავლებლად.
– როგორც სასკოლო განათლების წარმომადგენელი, წარსულში სკოლის დირექტორი, რა გამოწვევებს ხედავთ სისტემაში, შეგიძლიათ, იერარქიულად დააჯგუფოთ?
– დიახ, გამოწვევები მართლაც ძალიან ბევრია, თუმცა, პრობლემათა იდენტიფიცირებისას ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვყოთ პრიორიტეტი, ანუ ის პრობლემა, რომლის მოგვარება ბევრ სხვა პრობლემას გადაჭრის. მიმაჩნია, სახელმწიფო პოლიტიკა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ მასწავლებელს პირველ რიგში ღირსება დავუბრუნოთ. არ ვაჭარბებ, მსოფლიო მოქალაქის აღზრდას მხოლოდ მსოფლიო მოქალაქე შეძლებს და არა ის, ვინც მუდმივად ამტკიცებს, რომ იგი არის კომპეტენტური. პედაგოგები თავდაცვის რეჟიმში იმყოფებიან და განუწყვეტლივ ამტკიცებენ, რომ მათ მასწავლებლისთვის საჭირო კომპეტენცია და უნარები გააჩნიათ. აბრაჰამ მასლოუმ აღიარება პირამიდის მეოთხე საფეხურზე დააყენა და ის თვითაქტუალიზაციის წინაპირობას წარმოადგენს. უნდა ვაღიაროთ მასწავლებელი, ეს არის სათავე ბევრი გამოწვევისა და ამ გამოწვევებისაგან გამოსავალიც.
– ხშირად გვიმეორებენ, რომ კვალიფიციური მასწავლებლების ჩამოყალიბებისთვის კადრების მომზადება განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია, რა კეთდება ამ მიზნის მისაღწევად და რამდენად ეფექტურია ის თქვენი აზრით?
– დიახ, ხშირად გვიმეორებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ქმედება საპირისპიროა. ძალიან ბევრმა პედაგოგმა ჩააბარა პროფესიული უნარების გამოცდა 2022 წელს, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მიღების მიზნით, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სტატუსი აიმაღლონ. დიახ, სამინისტროს მიზანს კვალიფიციური კადრების არსებობა უნდა წარმოადგენდეს საჯარო სკოლებში და თუ ვერ დაეხმარება მათ, ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს.
– პედაგოგებისა და პედაგოგების მსურველებისთვის კვლავ აქტუალურია მათი დაუსრულებელი მომზადება-გადამზადების თემა, პროგრამები, ტრენინგები, ვებინარები… რა შედეგი მოაქვს ამ ყველაფერს, მართლაც აქვთ თუ არა საქმე „საწუწუნოდ“ პედაგოგებს?
– ყოველი ტრენინგის დასრულების შემდეგ, მასწავლებელთა მადლიერება და კმაყოფილება ძალიან დიდია, ისინი არ წუწუნებენ ტრენინგების და გადამზადების გამო, პედაგოგები მზად არიან მიიღონ და დანერგონ სიახლეები, მზად არიან მხარი აუბან სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ინოვაციებს.
– კერძო ტრენინგები, რომელშიც მსურველები ფულს იხდიან, რამდენად ზრდის შესაძლებლობას, რომ სისტემაში კვალიფიციური კადრები გვყავდეს დასაქმებული?
– რა თქმა უნდა, პედაგოგი, რომელიც გადაწყვეტს, რომ გადამზადებაში გარკვეული თანხა გადაიხადოს, ის შინაგანად მოტივირებულია და მზად არის, გამოწვევებს გაუმკლავდეს და ძალიან ბევრმა პედაგოგმა აიმაღლა სტატუსი ტრენინგების საშუალებით.
– ვისმენთ, რომ პედაგოგების წინსვლა მნიშვნელოვანია, თუმცა, მენტორი და წამყვანი მასწავლებლის გამოცდისთვის მომზადებაში პედაგოგებს სახელმწიფო არ ეხმარება, მათ დახმარების გარეშე ჩააბარეს გასული წლის ზაფხულში წინსვლისთვის საჭირო გამოცდა. დღეს კი, სხვა მსურველები, ან ის, ვინც კარგი შედეგი ვერ აჩვენა, თავიანთი წარმატებული კოლეგებისა თუ ტრენერების კერძო ტრენინგებს გადის. თქვენც ეხმარებით მათ ამ პროცესში და რომ აგვიხსნათ, როგორ შეიძლება, პროფესიული უნარების ჩაბარების მსურველმა ისე შეარჩიოს შეთავაზებული ტრენინგი/მომზადების კურსი, რომ თავისი შედეგით უკმაყოფილო არ იყოს, თუ რადგან ამ პროცესის რეგულირება არ ხდება, შესაბამისად, გარანტიებიც არ არსებობს?
– დიახ, ძალიან ბევრი შეთავაზებაა ძირითადად სოციალურ ქსელებში. ვფიქრობ, მსმენელებმა ტრენერისგან შესაბამისი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა მოითხოვონ. მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ტრენერის სტატუსის შესახებ, თავად უნდა დაარეგულირონ პროცესი. მიმაჩნია, რომ ტრენერი, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსიც არ აქვს, ვერ შეძლებს მოამზადოს უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე პედაგოგები.
– რას ითვალისწინებს მაგალითად თქვენი კურსი, როგორია სწავლების პროცესი, ფორმა, გვესაუბრეთ რისი თქმაც შესაძლებელია
– ჩვენი კურსი ითვალისწინებს საგამოცდო პროგრამის შესაბამისად დაგეგმილ ტრენინგებს, რომელიც ონლაინ რეჟიმში, თიმსის პლატფორმაზე მიმდინარეობს. მაქსიმალურად არის გათვალისწინებული მსმენელთა მოთხოვნები და საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ჩართვებიც ხორციელდება. ჩვენ ვმუშაობთ პრინციპით: „ერთად ყოფნა კარგია, ერთად სიარული წინსვლა, ერთად მუშაობა წარმატება“.
– თქვენ განათლების სამინისტროს მიერ ხელის არ შეშლა ახსენეთ, ამ დრომდე არ ვიცით, სტატუსის ცვლილების მიზნით გამოცდაჩაბარებულების პრაქტიკული შეფასების პრინციპი, დოკუმენტი ჯერაც არ დამტკიცებულა. როგორია თქვენი პოზიცია ამჟამად აქტუალურ საკითხზე, რომ მასწავლებლებს სტატუსი მხოლოდ ამ გამოცდის შედეგის საფუძველზე აუმაღლდეთ?
– დიახ, მე ცალსახად ვეთანხმები პოზიციას, რომ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა, ან გამოცდით აიმაღლოს სტატუსი, ან განხორციელებული აქტივობებით. ჩვენ ვამბობთ, რომ სკოლების ავტონომიურობა გაზრდილია, სად რომელ ნაწილში ჩანს ეს საკითხი? პედაგოგი, რომელიც მოიპოვებს ქულათა 75 %-ს, მას უნდა მიენიჭოს სტატუსი და ის ვალდებულებები, რაც მენტორ მასწავლებელს აქვს, აკონტროლოს სკოლის დირექტორმა და ხარისხის ჯგუფმა, რომელი ჯგუფიც ყველა სკოლაში არსებობს. სკოლებისადმი ნდობის ფაქტორი უნდა გაიზარდოს.
– გვინდა, როგორც სკოლის ყოფილ დირექტორს გკითხოთ, დაწყებულია დირექტორების მსურველთა სერტიფიცირების პროცესი, ახლა ისინი საგამოცდო ქულის და მეორე ეტაპის მოლოდინში არიან. ალბათ, თვალს ადევნებდით სამინისტროს მიერ განხორციელებული უფასო ვებინარების მიმდინარეობას, არის ეს საკმარისი იმისთვის, რომ როგორც დირექტორის ახალ სტანდარტშია გაწერილი, „ლიდერი“ დირექტორი შეირჩეს?
– ლიდერობა არ ისწავლება, ლიდერი ან ხარ, ან არა. იმედია, ნამდვილად შეირჩევა ისეთი კადრები, რომლებიც ცივი გონებით, ცხელი გულით და რკინის ხელით შეუდგებიან სკოლების მართვას.
– და ბოლოს, როგორ ხედავთ ქართული სასკოლო განათლების სისტემის მომავალს?
– ამ საკითხში ძალიან ოპტიმისტი ვარ, ჩვენი პედაგოგების მაღალი პროფესიონალიზმი, მოსწავლეთა კოგნიტური შესაძლებლობები მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ძალიან მალე გვექნება ერთ-ერთი საუკეთესო განათლების სისტემა.
ასევე იხილეთ:
განათლების კვლევებზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების სურვილი? – რატომ შექმნა მთავრობამ ახალი ცენტრი
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება