„წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება მოხდეს გამოცდის საფუძველზე“ – გამოცდაჩაბარებულთა მოთხოვნა
2022 წლის ზაფხულში, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სწატუსის მოპოვებისთვის პროფესიული უნარების გამოცდაჩაბარებული პედაგოგები დღემდე მოლოდინის რეჟიმში არიან და არ იციან, რა პრინციპით შეძლებენ სტატუსობრივ კიბეზე წინსვლას გამოცდის ჩაბარების შემდეგ. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უნდა დაემტკიცებინა და პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემაში ასახულიყო, ამ დრომდე არ არის მიღებული.
EDU.ARIS.GE-ს კითხვას, რომელიც ცვლილების გაჭიანურებას ეხებოდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ვერც 27 იანვარს უპასუხეს: “ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს”, ასეთი პასუხი აქვთ ოფიციალურ უწყებებს.
28 იანვარს, გამოცდაჩაბარებული მასწავლებლების ჩართულობით პეტიცია გამოქვეყნდა, რომლის მთავარი მოთხოვნაა, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განმსაზღვრელი, პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარება იყოს.
პეტიციაში, სახელწოდებით: წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება გამოცდის საფუძველზე, რომლის ავტორია დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებელი ანა ჯანგიშერაშვილი, ვკითხულობთ:
“2022 წელს ჩატარებული წამყვან-მენტორის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე მასწავლებლებს მიენიჭოთ შესაბამისი სტატუსი. ეს წესი გავრცელდეს იმ მასწავლებლებზეც, ვინც მომდევნო წლებში ჩააბარებს ამ გამოცდას. მოთხოვნა საფუძვლიანია, რადგან წინა მოქმედი სქემა ითვალისწინებდა გამოცდით წინსვლას. მასწავლებელთა ნაწილი ელოდა გამოცდას, რათა მისი საშუალებით მომხდარიყო წინსვლა. გამოცდის დაგვიანებამ საკმაოდ დიდი დრო დააკარგვინა და დააზარალა მასწავლებლები. გარდა ამისა, გამოცდა ჩატარდა მცირე დროში და მასწავლებლებს მოუწიათ დიდი მოცულობის მასალის მოკლე დროში დამუშავება, მომზადება. როგორც მოგეხსენებათ საგამოცდო დრო და მასალა შემცირდა, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს მათ, ვინც უკვე ჩააბარა გამოცდა. გამოცდის ჩაბარების შემდეგ კი, პრაქტიკული საქმიანობის შეფასებაც იგვიანებს. ეს კიდევ უფრო აზარალებს მასწავლებლებს. ამიტომ, სამართლიანი იქნება, თუ წამყვან-მენტორის სტატუსი, გამოცდაჩაბარებულ მასწავლებლებს პირდაპირ მიენიჭებათ. თუმცა, ეს არ გამორიცხავს მასწავლებელთა წინსვლას პორტფოლიოს შეფასებით, მასწავლებლებს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეთ, თუ როგორ ურჩევნიათ წინსვლა, გამოცდით თუ პრაქტიკული საქმიანობის საფუძველზე”.
EDU.ARIS.GE-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მასწავლებლის სახლის მიერ შედგენილი დოკუმენტი, სადაც მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ფორმა და კრიტერიუმებია გაწერილი, დაწუნებულია და დამტკიცების პროცესი ამიტომ გაჭიანურდა. თუმცა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ამ ინფორმაციას ვერ გვიდასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ დოკუმენტის პროექტი, რომელიც მასწავლებლის სახლისა და განათლების სამინისტროს ჩართულობით შემუშავდა, საჯარო სკოლებმა განხილვისა და უკუკავშირისთვის ჯერ კიდევ 31 ოქტომბერს მიიღეს და ოფიციალურ უწყებას საკუთარი მოსაზრებებიც მიაწოდეს. დოკუმენტი პროფესიული განვითარების სქემასთან არის მიბმული და აღწერს შეფასების პროცესს, რომელიც პედაგოგებმა გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებლად უნდა გაიარონ.
ამავე თემაზე:
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება