სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში სადოქტორო კვლევების ხელშეწყობისთვის ახალ პროექტს ახორციელებს
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (სდსუ) საინჟინრო-ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში სადოქტორო პროგრამების მხარდასაჭერად, საქართველოში ახალ პროექტს ახორციელებს. პროექტი „პოსტ-საბაკალავრო კვლევისა და განათლების მხარდაჭერა საქართველოში, ინჟინერიისა და მეცნიერების (STEM) დარგებში“ ხორციელდება აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით, ათასწლეულის ფონდის მხარდაჭერით.
ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აცხადებს – „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში 2014 წლიდან ოპერირებს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით. უნივერსიტეტი აქამდე ახორციელებდა აშშ-ში აკრედიტებულ ბაკალავრიატის პროგრამებს. აშშ საელჩოს ახალი გრანტით კი სდსუ-მ დაიწყო სადოქტორო პროგრამების, სტუდენტების და მკლევრების მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და STEM დარგებში მეცნიერების განვითარებას უწყობს ხელს.“
პროექტს ორი მიზანი აქვს. პირველი მიზანია, საქართველოს უნივერსიტეტების სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის შესაძლებლობის მიცემას, განახორციელონ კვლევითი საქმიანობა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კალიფორნიაში. სტუდენტებს სადოქტორო ნაშრომის განხორციელებაში თანა-ხელმძღვანელობას გაუწევენ სდსუ-ის წამყვანი პროფესორები და მეცნიერები. შედეგად, საქართველოს სტუდენტები მიიღებენ აშშ-ის უნივერსიტეტში კვლევით გამოცდილებას და მათთვის ხელმისაწვდომი იქნება უნივერსიტეტის რესურსები, უახლესი ტექნოლოგიები და ლაბორატორიები. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები ასევე მიიღებენ ცოდნას თანამედროვე კვლევითი მეთოდების შესახებ. სტუდენტები საკონკურსო წესით შეირჩევიან, რომელსაც სდსუ 2021 და 2022 წლებში განახორციელებს.
პროექტის მეორე მიზანია საქართველოს მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის პროფესიული განვითარების მიზნით მოწყობილი მინი-კურსების/ვორკშოპების სერია.
“თითოეული ვორკშოპი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: კვლევის მეთოდოლოგიის თანამედროვე მიდგომები, აკადემიური წერა, კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნება საერთაშორისო რეფერირებულ ჟურნალებში, კვლევის კომუნიკაცია, სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენება, ბიბლიოგრაფიული რესურსები და კვლევის ეთიკა.
პირველი ვორკშოპი 2020 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა და მოიცავდა ორ პრეზენტაციას. სდსუ-ის ასოცირებულმა პრეზიდენტმა კვლევის და განვითარების მიმართულებით, დოქტორ ჯონ კროკეტმა განიხილა საერთაშორისო ინდექსირებულ ჟურნალებში სამეცნიერო ნაშრომის მომზადების და გამოქვეყნების პროცესი. სდსუ-ის სახელმწიფო უსაფრთხოების პოსტსაბაკალავრო პროგრამის თანადირექტორმა და სდსუ-ის ვიზუალიზაციის ცენტრის დირექტორმა, დოქტორ ერიკ ფროსტმა ისაუბრა თემაზე „მონაცემთა ღია წყაროები (Open-source data) და კოლაბორაციის საერთაშორისო ქსელი“, – აცხადებს ათასწლეულის ფონდის დირექტორი მაგდა მაღრაძე.
მეორე ვორკშოპი 2020 წლის 9 დეკემბერს გაიმართა და მას 170-ზე მეტი მკვლევარი და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა საქართველოს 18 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
მესამე ვორკშოპის გამართვა დაგეგმილია 2021 წლის 27-29 იანვარს, რომელზეც სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს კალიფორნიის კამპუსში არსებულ 19 სადოქტორო პროგრამის მიმოხილვას.
ვორკშოპი საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურულმა ატაშემ, ქრისტოფერ ანდერსონმა გახსნა და ისაუბრა აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერის შესახებ STEM დისციპლინების განვითარების და ზოგადად განათლების სისტემის ხელშეწყობისთვის. ვორკშოპის მთავარი მომხსენებელი კი სდსუ-ის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი პროფესორი ედ ბოლსდონი გახლდათ, რომელმაც დეტალურად ისაუბრა აშშ-ის უმაღლესი განათლების სისტემის, სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამებზე მიღების, ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების, კვლევებისა და განათლების შესახებ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროგრამის ფარგლებში, ვორკშოპები და მინი კურსები გაიმართება პერიოდულად. რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია იქნება სდსუ საქართველოს Facebook გვერდის საშუალებით (SDSU.Georgia).
(R)