GE

SANGU-ში წიგნის – „ქართული დიპლომატიის ისტორია“ წარდგინება გაიმართა

2023 წლის 21 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში წიგნის – “ქართული დიპლომატიის ისტორია” წარდგინება გაიმართა. წიგნი გამომცემლობა “არტანუჯმა” საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, SANGU-ს პროფესორის, აკადემიკოს როინ მეტრეველის რედაქტორობით გამოსცა.

ღონისძიება გახსნა SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა; შეხვედრის მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი. მეუფე იაკობმა მიულოცა ბატონ როინს ამ არაჩვეულებრივი წიგნის გამოცემა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა წარმოდგენილი წიგნის შექმნის ისტორიაზე ისაუბრა, რომელშიც სიღრმისეულად არის განხილული ქართული საერთაშორისო პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობები და დიპლომატია უძველესი დროიდან დღემდე. გამომცემლობა “არტანუჯის” დირექტორმა, პროფესორმა ბუბა კუდავამ, თავის გამოსვლაში, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ამ უაღრესად საჭირო გამოცემის შესახებ; წიგნის ღირსებებზე, ქართული დიპლომატიის ისტორიის მეცნიერული შესწავლის თვალსაზრისით გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა, ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა ვახტანგ გურულმა და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ პაპასკირმა.

წიგნში “ქართული დიპლომატიის ისტორია” გაანალიზებულია უცხოური თუ ქართული წყაროები საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატის შესახებ; განხილულია დიაოხისა და კოლხას, ეგრისისა და ქართლის, ცალკეული სამეფო-სამთავროების საგარეო ურთიერთობები; ასევე ერთიანი ქართული სახელმწიფოს დიპლომატიური ბრძოლა საერთაშორისო არენაზე აღიარებისა და სრული სუვერენიტეტის მოპოვებისათვის, წარმოდგენილია დიპლომატიური სამსახურისა და ეტიკეტის შექმნის ისტორია. დიდი ადგილი ეთმობა რუსეთთან ურთიერთობის დეტალებს, გეორგიევსკის ტრაქტატს; დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების განხილვას; საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკას და ბოლოს, გასული საუკუნის 90-იანი წლების საგარეო პოლიტიკას.

ამ საინტერესო გამოცემის წარდგინება ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური