GE

საქართველო მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგში მოხვდა – როგორ გამოიყურება ათეული

გამოცემა Times Higher Education (THE) მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების მე-16 ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს, რეიტინგში 25 სხვადასხვა ქვეყნიდან ერთი უნივერსიტეტი მაინც არის, რომელიც ტოპ 200-ეულში მოხვდა. სულ რეიტინგში 86 ქვეყანა და 1 250-ზე მეტი უნივერსიტეტია.

რანჟირება 13 ინდიკატორით ხდება, რომელიც შეგვიძლია 5 ძირითად მახასიათებლამდე დავიყვანოთ: სწავლება, კვლევა, კვლევის გავლენა, ინდუსტრიული სარგებლიანობა და საერთაშორისო მსოფლმხედველობა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ რეიტინგში მოხვდა და 1001+ ადგილს იკავებს. გასულ წელს რეიტინგში საქართველოს ვერცერთი უნივერსიტეტი ვერ მოხვდა.  2016-2017 წელს „თაიმსმა“ მსოფლიოს 980 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც თსუ 801+ ადგილს იკავებდა, თუმცა მაშინ კვლევაში შედარებით ნაკლები რაოდენობის ქვეყნები მონაწილეობდნენ.

საბოლოოდ, თსუ 2,9 ქულითაა შეფასებული, პირველ ადგილზე მყოფი უნივერსიტეტის იგივე მონაცემი კი 67-ის ტოლია.

წლევანდელი შედეგების სტატისტიკის მიხედვით,  თსუ-ში გოგონებისა და ბიჭების თანაფარდობა 62:38, საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა 2%-ია. 44.6 ქულითაა შეფასებული უნივერსიტეტის საერთაშორისო მსოფლმხედველობა, რაც მისთვის საუკეთესო შედეგია. Times Higher Education დანარჩენ კრიტერიუმებში თსუ-ს ასე აფასებს:

სწავლება – 15, 2

კვლევები – 9

ციტირება, კვლევების გავლენა – 2,9

ინდუსტრიული შემოსავალი -34, 4

რაც შეეხება რეიტინგის ლიდერებს, საუკეთესო უნივერსიტეტების რაოდენობით აშშ და დიდი ბრიტანეთი ლიდერობენ. იაპონია და ჩინეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომელთა უნივერსიტეტებმა რანჟირებაში მნიშვნელოვანი პოზიციები დაიკავეს, თუმცა ეს ქვეყნები სიაში წარმოდგენილი უნივერსიტეტებით გერმანიასა და ნიდერლანდებს მაინც ჩამორჩებიან.

აღსანიშნავია, რომ ლიდერი უნივერსიტეტების სამეული ისევე გამოიყურება, როგორც გასულ წელს.

2019 წლის საუკეთესო უნივერსიტეტების ათეული ასეთია:

  1. ოქსფორდის უნივერსიტეტი
  2. კემბრიჯის უნივერსიტეტი
  3. სტენფორდის უნივერსიტეტი
  4. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
  5. კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
  6. ჰარვარდის უნივერსიტეტი
  7. პრინსტონის უნივერსიტეტი
  8. იელის უნივერსიტეტი
  9. ლონდონის სამეფო კოლეჯი
  10. ჩიკაგოს უნივერსიტეტი

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური