საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შვიდი პუნქტი – „26 მაისი ისტორიული დღესასწაულია!“
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 108 წელი გავიდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი – იურიდიულ-პოლიტიკური დოკუმენტი, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო დამოუკიდებელი საქართველოს ძირითადი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი პრიორიტეტები.
EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ დიმიტრი შველიძის ქრონოლოგიას და დამოუკიდებლობის აქტის შინაარსს:
1918 წლის 26 მაისს, 4 საათსა და 50 წუთზე, მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში, გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა. მას ესწრებოდა საბჭოს 42 წევრი, 36 კანდიდატი და საზოგადოების წარმომადგენლები. სასახლის წინ დიდძალი ხალხი იყო შეკრებილი. პრეზიდიუმში იყვნენ გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, მდივნობდა ილია ზურაბიშვილი. საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და სხდომის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ 4 საათსა და 50 წუთზე აქტის შინაარსი გააცნო საბჭოს წევრებს, შეკრებილ საზოგადოებას და საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
აქტი შედგებოდა 7 პუნქტისაგან და ქვეყნიერებას ამცნობდა, რომ:
1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა;
2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა – დემოკრატიული რესპუბლიკაა;
3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა;
4. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს, საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი, მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან;
5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა;
6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს;
7. დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.
აქტის შინაარსი სასახლის წინ შეკრებილ ხალხს წაუკითხა საბჭოს მდივანმა ილია ზურაბიშვილმა. ამავე დროს, სხდომას რუსული თარგმანი წაუკითხა თავმჯდომარის ამხანაგმა გრიგოლ ვეშაპელმა. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად იქნა მიღებული.
რ. არსენიძის მოგონების მიხედვით, დამოუკიდებლობის აქტის პროექტი 25 მაისს შეიმუშავა კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ: გიორგი გვაზავა, რაჟდენ არსენიძე, კონსტანტინე აფხაზი და პავლე საყვარელიძე. იმავე დღის ბოლოს, გვიან ღამით, შედგა ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელზეც პროექტის მიმართ გამოითქვა შენიშვნები. პროექტის ტექსტი გადაეცა ნ. ჟორდანიას, რომელმაც გაითვალისწინა შენიშვნები და ტექსტის საბოლოო რედაქცია შეიმუშავა. სხვა ვერსიის მიხედვით, დამოუკიდებლობის აქტის პროექტის პირველი ვარიანტი, ჯერ კიდევ 22 მაისს, ბათუმში შეადგინა ზურაბ ავალიშვილმა და იქიდან თბილისში წამოიღო ნოე ჟორდანიამ.
დამოუკიდებლობის აქტი 26 მაისის სხდომაზე ეროვნულმა საბჭომ ყოველგვარი შესწორების გარეშე დაამტკიცა. 1919 წლის 12 მარტს პირველად შეკრებილმა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ხელმეორედ დაადასტურა და დაამტკიცა დამოუკიდებლობის აქტი. ამჯერად, დოკუმენტის სტამბურ ვარიანტს 101-მა პიროვნებამ მოაწერა ხელი. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა აკაკი ჩხენკელის პირად არქივში. ა. ჩხენკელის გარდაცვალების შემდეგ მისმა ქვრივმა მაკრინე ჩხენკელმა აქტის დედანი გადასცა ცნობილ ქართველოლოგს, ციურიხის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის დამაარსებელს, პროფ. კიტა ჩხენკელს (ა. ჩხენკელის ძმას). ამ უკანასკნელმა დოკუმენტი დაუტოვა თავის მოწაფეს და ცნობილ ქართველოლოგს ლეა ფლურს, რომელსაც ძვირფასი დოკუმენტი საქართველოში უნდა დაებრუნებინა. საბოლოოდ, ლეა ფლურმა დამოუკიდებლობის აქტის დედანი გადასცა შვეიცარიაში საქართველოს კულტურის ატაშეს გიორგი შარაძეს, რომელმაც, სხვა რამდენიმე უნიკალურ დოკუმენტთან ერთად, დამოუკიდებლობის აქტის დედანი საქართველოში ჩამოიტანა. ამჟამად დოკუმენტი ინახება საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში.
საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამი წელი იარსება, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 26 მაისის დღესასწაულის აღნიშვნა აკრძალული იყო.
1918 წელს მოპოვებული დამოკიდებლობის აღდგენა საქართველომ 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
პირველი რესპუბლიკის დაარსების დღესასწაულს ქვეყანა ყოველ 26 მაისს აღნიშნავს.
1918 წლის 26 მაისი – პოლიტიკური აქტის მნიშვნელობა
კ. კახელი [კონსტანტინე ანდრონიკაშვილი]; საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ლიდერი. გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 21 მაისი, №110.
„26 მაისი ისტორიული დღესასწაულია! ამ დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.
ხშირად ერის პოლიტიკური დამოუკიდებლობა, თუ იგი მოპოვებულია დროის და მომენტის შეუფერებლათ, წარმოადგენს თვით ამ ერისთვის დამღუპველ მოვლენას.
პირიქითაა საქართველოს ხალხისთვის, 1918 წლის 26 მაისი დამოუკიდებლობასთან შესისხლხორცებულია მთელი თავისი არსებით. ჩვენ მიერ მოპოვებული რვასაათიანი სამუშაო დღე, შრომის ბირჟა, მომრიგებელი კამერები, თავისუფლება კავშირების ორგანიზაციებისა, მიწების ჩამორთმევა და ბევრი სხვა – აი ყველა ის, რასაც შეიცავს და დარაჯობს პოლიტიკური ფორმა, ის დამოუკიდებლობა, რომელიც აღიარა ქართველმა ერმა ამ ერთი წლის წინეთ თავის ისტორიული აქტით.
ჩვენმა დემოკრატიამ კარგათ იცის, რომ როდესაც იგი იცავს საქართველოს დამოუკიდებლობას, ამავე დროს იცავს რევოლუციის მთელ მონაპოვარს. პირიქით, ღრმათ დარწმუნებულია, რომ დამოუკიდებლობის დაკარგვასთან ერთად იგი დაჰკარგავს რევოლუციის მონაპოვარსაც. ამით აიხსნება ის თავგანწირულობა და თავგამოდება, რომელითაც საქართველოს მთელი დემოკრატია იცავს საქართველოს ტერიტორიას, დამოუკიდებლობას, როდესაც მას მოელის საფრთხე როგორც გარეშე, ისე შინაურ მტრისაგან, ამაშია, სწორეთ ამ შეგნებაში, კავშირი, ერთსულოვნებაშია ძალა ჩვენი ერისა.
ამ ძალას უწევენ ანგარიშს ჩვენი მტრები. ამიტომაც იქცევიან ისინი სიფრთხილით, თავშეკავებით. მტრები კი ჩვენ ბევრი გვყავს, როგორც გარეშე ისე შინაური. ჩვენს გარშემო გვარტყია მეზობლად ჯერ ისევ ფეოდალური სახელმწიფოები. ისინი ვერ ინელებენ ჩვენს დემოკრატიულ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას.
ჩვენს დამოუკიდებლობას ემტერებიან დენიკინის ურდოები, ოცნებობენ ქართველების აწიოკებას.
არც ევროპიულ სახელმწიფოებს ეჭაშნიკებათ მაინც და მაინც ჩვენი დამოუკიდებლობა. მართალია, იგინი ურიგდებიან ამას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს დამოუკიდებლობა წარმოადგენს დიდ დამაბრკოლებელ ძალას მათ იმპერიალისტურ გეგმების განხორციელებაში.
ვერ ურიგდებიან დამოუკიდებლობას ჩვენი შინაური მტრების, ყველა ყოფილი რუსი „ჩინოვნიკები“, რომლებიც ოცნებობენ ძველ თვითმპყრობელური რუსეთის აღგენას-გაერთიანებას.
ჩვენი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა არ აძლევს მოსვენებას ჩვენ შინაურ ანარქო-ბოლშევიკებს, რომლებიც ნატრობენ გადააქციონ დემოკრატიული საქართველო საბჭოთა საქართველოთ.
ჩვენი დამოუკიდებლობა ძილს უფრთხობს ყოფილ მსხვილ მემამულეთა უმეტესობას, რომელთაც აგრარული რეფორმის საშუალებით ჩამოერთვათ მამულები.
ყველა ამ კონტრ-რევოლუციურ ელემენტებს მძიმე ტვირთათ მიაჩნიათ ჩვენი დამოუკიდებლობა და მარტო ოცნებობენ იმ დღეს, როდესაც გამოჩნდება რომელიმე გარეშე ტლანქი ძალა, რომელიც ერთი დაკვრით გააუქმებს საქართველოს დამოუკიდებლობას და მით ოცნებებს აქცევს სინამდვილეთ.
მაგრამ ერთი რამ ავიწყდება ამ კონტრ-რევოლუციონერებს. ჩვენ მთავრობას გარდა შეიარაღებული ძალებისა აქვს საკმარისი კულტურული ძალა, ავტორიტეტი დემოკრატიის თვალში, რომ ადვილათ გაუფანტოს კონტრ-რევოლუციონერებს მათი ოცნებები და გასცეს ღირსეული პასუხი იმ გარეშე ძალებს, რომლებიც ასაზრდოებენ ამ კონტრ-რევოლუციურ ნატვრას.
დემოკრატიულმა საქართველომ კარგად იცის, რომ ერის დაუმარცხებლობა გამოიხატება არა მარტო იარაღში, არამედ მის კულტურაში, შეგნებაში და ორგანიზაციულ ძალაში.
ამ თვისებით კი ქართული ერი საკმარისად მდიდარია და სწორეთ ამაშია მისი ძალა, მისი გამარჯვება“.
-
როდის მეცოდინება გამოცდის დრო და ადგილი? – ინფორმაცია საგამოცდო ბარათის შესახებ 2026 წლის აბიტურიენტებს
by ARIS.GE-განათლება
-
26 მაისის საზეიმო ღონისძიებები და საგანმანათლებლო აქტივობები – პროგრამა რეგიონების მიხედვით
by ARIS.GE-განათლება
-
გაუქმდება თუ არა სხვა უნივერსიტეტებში ის პროგრამები, რომლებიც დიპლომატიის აკადემიაში ამოქმედდება?
by ARIS.GE-განათლება
