GE

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობა საერთაშორისო პროექტში

მიმდინარე წლის 20 ივნისიდან 1-ლი ივლისის პერიოდში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო პროექტში „საავიაციო ინჟინერიის საზაფხულო საერთაშორისო სკოლა“.

პროექტში 15 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას, საიდანაც ნაწილი დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები იყვნენ, ნაწილი კი III-IV კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდები.

პროექტის შესახებ საუბრობს საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი და ასოცირებული პროფესორი, ნიკა თიკანაშვილი:

– ბატონო ნიკა, გვითხარით, რა იყო პროექტის დაწყების და განხორციელების საფუძველი?

– მოგესალმებით, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და ვარშავის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი არსებობს 2015 წლიდან, რომლის ფარგლებშიც, წლების განმავლობაში არაერთმა სტუდენტმა და თანამშრომელმა მონაწილოება მიიღო მობილობის პროგრამებსა და სხვადასხვა სახის ერთობლივ აქტივობებში. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა პირველი საზაფხულო საერთაშორისო სკოლის განხორციელების საფუძველი.

– რა მიმართულებით ჩაერთნენ სტუდენტები პროექტში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების კუთხით?

– პროექტის ფარგლებში განხორციელდა თეორიული და პრაქტიკული სწავლება ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო სასწავლო კურსებში, როგორებიცაა: აეროდინამიკა, უპილოტო საფრენი აპარატები, საავიაციო მასალები, საფრენი აპარატების დაპროექტება. ლექციებსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური და მათი კუთვნილი აეროპორტის ბაზაზე უძღვებოდა მაღალკვალფიციური პერსონალი.

– რა შედეგები მიიღეს სტუდენტებმა პროექტის დასრულების შედეგად?

– აღნიშნულ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობას იღებდნენ სხვდასხვა ევროპული ქვეყნის საავიაციო პროფილის მქონე უნივერსიტეტების სტუდენტები. მნიშვნელოვანია, რომ გარდა შეძენილი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილებისა, პროექტის შედეგად დაისახა ერთობლივი თანამშრომლობის გეგმები, როგორც სტუდენტებს შორის, ასევე ინსტიტუციურ დონეზე. პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რაც საშუალებას იძლევა, პროექტი მისი შინაარსით ჩაითვალოს 4 კრედიტად საგანმანათლებლო პროგრამის თავისუფალ კომპონენტში, რაც სტუდენტთა დიპლომების დანართებშიც აისახება.

– ვის მიერ მოხდა პროექტის დაფინანსება და მომავალშიც თუ ეგეგმება მსგავს პროექტებში სტუდენტთა ჩართულობა?

– პროექტის მონაწილეთა ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა ევროკავშირის მიერ. კერძოდ, თითოეულმა მონაწილემ სტიპენდიის სახით მიიღო 1 000 ევრო, რითაც უზრუნველყოფილი იყო მათი მგზავრობის, განთავსების და ცხოვრების ხარჯები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობების განხორციელება მომავალშიც იგეგმება, შესაბამისად მაღალი აკადემიური მოსწრების და ინგლისური ენის მაღალი დონის მქონე სტუდენტებისათვის გათვალისწინებულია კვოტები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტიდან.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm