საქართველოს სკოლების ნაწილში მოსწავლეებს გადაქსეროქსებული ან გამოსაყენებლად უვარგისი სახელმძღვანელოებით სარგებლობა მოუწიათ – რა წერია კვლევაში
საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეები 2013 წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოებით უფასოდ სარგებლობენ. ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის თუ ხარისხის საკითხი კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. მოსწავლეების ნაწილს დღემდე უხდება სასკოლო წიგნების შეძენა, რადგან ეს პროდუქტი მათ ან დროზე არ მიეწოდებათ, ან მასწავლებლები სხვა, დამატებით სახელმძღვანელოებს ითხოვენ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა, „ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით მოამზადეს კვლევა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში თანასწორობის პოლიტიკის შესახებ. დოკუმენტში სხვადასხვა ასპექტებთან ერთად, სასკოლო სახელმძღვანელოების მიმართ პოლიტიკაცაა განხილული.
კვლევის მიზნებისთვის შეირჩა მე-9 კლასის სახელმძღვანელოები, რომელთა გრიფირების კონკურსი 2020 წლის შემოდგომაზე გამოცხადდება და რომლებიც დღეის მდგომარეობით სასწავლო პროცესში გამოიყენება.
კვლევაში საუბარია, რომ ბოლო წლებში, სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიუხედავად, გამოწვევას წარმოადგენდა მათი ვარგისობისა და განახლების საკითხი. 2013 წელს დაბეჭდილი სახელმძღვანელოების 57% საჭიროებდა ყოველწლიურ ბეჭდვას, ვინაიდან შეიცავდა წიგნში სამუშაო ან ამოსაჭრელ ფურცლებს.
„თუმცა 2015 წლის აუდიტის შესაბამისობის ანგარიშით ირკვევა, რომ სკოლების მხრიდან სახელმძღვანელოების მდგომარეობის შეფასება, რაოდენობების სწორად მიწოდება და ასახვა განათლების მართვის სისტემაში დროულად არ მოხდა. ამან, ერთი მხრივ, განაპირობა საჭიროზე მეტი სახელმძღვანელოს შეძენა და სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი გამოყენება, მეორე მხრივ, სკოლების ნაწილში მოსწავლეებს მოუწიათ გადაქსეროქსებული, ძველი ან გამოსაყენებლად უვარგისი სახელმძღვანელოებით სარგებლობა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
კვლევაში დეტალურადაა ასახული სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ისტორია 90-იანი წლებიდან დღემდე. აქვე საუბარია, გრიფირების მიმდინარე წესსა და პროცედურებზე.
2017 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების ახალი წესი დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს/მიმდინარეობდა გრიფირების კონკურსი 2018-2019 წლებში.
გრიფირების მიზნად განისაზღვრა სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი ამოცანების განხორციელების ხელშეწყობა, მოსწავლეების ხარისხიანი სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის გზით. შეიცვალა პროცესის ადმინისტრირების წესი, შეიქმნა გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა, მისი მართვა კი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას დაევალა. ასევე, გაუქმდა სახელმძღვანელოს გრიფირების საფასური. 2018-2019 წლებში გრიფირების პროცესი 5 ეტაპად მიმდინარეობდა.
I ეტაპი გულისხმობს გრიფირების კონკურსის გამოცხადებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით როგორც სახელმძღვანელოზე, ასევე სახელმძღვანელოს სერიაზე.
გრიფირების კონკურსში სიახლეს წარმოადგენს განმცხადებლის მიერ სახელმძღვანელოს/კონცეფციის წარდგენა სამინისტროსთვის. კონცეფცია მოიაზრებს წიგნის აგების პრინციპს, სარჩევს და სანიმუშო თავს. კონცეფციის მართებულობა დგინდება ესგ-ის მიმართ და შედეგები ეცნობება გამომცემელს, თუმცა არ აისახება დადგენილი გრიფირების ეტაპების მიმდინარეობისას.
II ეტაპზე განმცხადებელი (ფიზიკური/იურიდიული პირი) კონკურსში მონაწილეობის მიზნით განაცხადს არეგისტრირებს გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში.
III ეტაპზე – განაცხადის შემოწმების ეტაპზე დგინდება შესაბამისობა მოთხოვნებთან და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში განმცხადებელს ეძლევა გამოსწორების 5-დღიანი ვადა.
IV ეტაპზე სახელმძღვანელო/სერია ფასდება შინაარსობრივი და ტექნიკური პარამეტრების მიხედვით. შინაარსობრივი შეფასება ხორციელდება ორ ეტაპად: I – ძირითადი შეფასება-შესაბამისობის დადგენა მთავარ შინაარსობრივ კრიტერიუმებთან; II – სახელმძღვანელოს დახვეწა/გაუმჯობესება, რა დროსაც მიმდინარეობს საგნობრივი ჯგუფის შემფასებლების რეკომენდაციების განხილვა ავტორებსა და ავტორთა ჯგუფთან. შინაარსობრივი რეცენზირების კრიტერიუმები – ნაწილისთვის გამოიყენება ქულებით, ხოლო ნაწილისთვის სიტყვიერი შეფასება. სიტყვიერი შეფასება გულისხმობს შეფასებას: „სრულად აკმაყოფილებს“, „ნაწილობრივ აკმაყოფილებს“, „არ აკმაყოფილებს“. სახელმძღვანელო შეფასების მე-2 ეტაპზე გადადის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულად ან ნაწილობრივ კმაყოფილების იმ კრიტერიუმებს, რომლებიც ფასდება სიტყვიერი შეფასებით.
ტექნიკურ შეფასებას სახელმძღვანელო/სერია გადის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სერიის ყველა სახელმძღვანელომ დაძლია შინაარსობრივი შეფასების ბარიერის 90%. ტექნიკური შეფასებაც მოიაზრებს პირველ ეტაპზე მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, ხოლო მეორე ეტაპზე – ხარვეზების გასწორებას. სახელმძღვანელოს რეცენზიას ახორციელებს რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფი.
კვლევაში აღნიშნულია, რომ გრიფირების 2006-2011 წლების პროცედურისგან განსხვავებით, 2017 წლის წესის შესაბამისად განსაზღვრულია სახელმძღვანელოს გადამუშავებისა და განახლების წესი, რომელიც მოიაზრებს საავტორო უფლების მფლობელის, სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობას. წესის მე-16 მუხლის მიხედვით, ნაცვლად 6 წლისა, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გრიფის მოქმედების ვადა განისაზღვრება შესაბამისი საგნობრივი სასწავლო გეგმის მოქმედების პერიოდით.
„საავტორო უფლებების დაცვის მიზნით გრიფმინიჭებულ სასწავლო რესურსზე დაიწყო ჰოლოგრამის (შემდგომში საიდენტიფიკაციო ჭდე) დატანა. 2017 წლის წესის მიხედვით, განმასხვავებელი ნიშნის დატანა საავტორო უფლების მფლობელის ვალდებულება იყო, ხოლო 2018 წლის ცვლილებების პაკეტით, ეს უფლებამოსილება სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გადაეცა“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების დოკუმენტში.
განათლების სამინისტროს 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჭირო I-VI და VIII კლასის გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების ჩვეულებრივი ლიცენზიით სარგებლობის (რეპროდუცირება, გავრცელება/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება) უფლების შესყიდვის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე მიმდინარე შესყიდვა აქვს განთავსებული და 114 453.52 ლარის გადახდას აპირებს. სასკოლო სახელმძღვნელოებით უზრუნველყოფის პროგრამაზე კი ყოველწლიურად სახელმწიფო საშუალოდ 25 მილიონ ლარს ხარჯავს.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება