GE

„საქართველოში მოსწავლეთა შეფასება ნიშნების დასაწერად გამოიყენება და არა სწავლის გაუმჯობესებაში დასახმარებლად“​ – კვლევა

საქართველოში მოსწავლეთა სწავლის შედეგები უმჯობესდება, თუმცა თანასწორობა პრობლემად რჩება, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდი და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) კვლევის შედეგად, რომელიც განათლების სამინისტროსთან ერთად ჩაატარეს. კვლევა „შეფასებები საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში“ 2018-2019 წლებს მოიცავს და მასში აღნიშნულია, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა საგანმანათლებლო შედეგების თვალსაზრისით. თუმცა გამოწვევებიც რჩება.

კვლევაში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში საქართველოში 15 წლის მოსწავლეებმა სწავლა გააუმჯობესეს კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, თუმცა მიღწეული პროგრესი მოსახლეობის ყველა ჯგუფს თანაბრად არ შეეხო.

მოსწავლეები ქალაქად უსწრებენ თანატოლებს სოფლად; სოციალურ- ეკონომიკურად პრივილეგირებული მოსწავლეები უსწრებენ თავიანთ სოციალურად დაუცველ თანატოლებს; ხოლო ის მოსწავლეები, რომლებიც შინ ქართულად ლაპარაკობენ, უსწრებენ თავიანთ თანატოლებს, რომელთა მშობლიური ენა ქართული არ არის.

„განათლებაში თანასწორობის გაზრდისთვის არსებითია, რომ საქართველომ შეიმუშაოს შეფასებისა და ატესტაციის ისეთი სისტემები, რომლებიც შეძლებენ დაბალი და უთანასწორო შედეგების იდენტიფიცირებას და ამ გამოწვევის გადაჭრას მანამ, ვიდრე ეს უთანასწორობა ფესვებს გაიდგამს. კერძოდ, მოსწავლეთა შეფასებას მოსწავლეთა მიღწევები უფრო ზუსტად შეუძლია განსაზღვროს, შესაძლებელია მასწავლებელთა გადამზადება მოსწავლეთათვის უკეთესი მხარდაჭერის გასაწევად, სკოლებს შეიძლება მიეცეთ მეტი ზედამხედველობის უფლებამოსილება, მათი წარმატებაში ხელშეწყობის მიზნით და მთლიანად, სისტემამ შეიძლება განავითაროს კვლევის შესაძლებლობა და მონაცემთა ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც აუცილებელია ქვეყანაში ყველა მოსწავლის უკეთესი სწავლის ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნულია კვლევაში.

ავტორების თქმით, მოსწავლეთა დიდი რაოდენობა მე-9 კლასის შემდეგ ტოვებს სკოლას. პროფესიული განათლების სექტორი კი, სათანადოდ განვითარებული არ არის და მაღალ საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა ორ პროცენტზე ნაკლები ირიცხება პროფესიულ განათლებაში.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში მასწავლებელთა ერთ მეოთხედზე მეტი 60 წელს გადაცილებულია. შედეგად, ბევრი მასწავლებელი მოსწავლეებს ტრადიციული მეთოდით ასწავლის, რომელიც აქცენტს აკეთებს ფაქტების დაზეპირებაზე და არა უნარებისა და კომპეტენციების დაუფლებაზე.

კვლევის თანახმად, რამდენიმე ახლად განხორციელებული რეფორმა, როგორიცაა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გეგმა, სკოლის ავტორიზაციის გაფართოების გეგმები, „ახალი სკოლის მოდელი“ და სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება გვიჩვენებს, რომ საქართველოს თავისი განათლების სისტემის გაუმჯობესება სურს.

კვლევის ავტორები მოსწავლეთა შეფასების სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობაზეც საუბრობენ. კერძოდ, სასარგებლო შეიძლება იყოს მოსწავლეთა პორტფელების შექმნა, რომლებიც წარმოადგენს მოსწავლის ნამუშევრების დროთა განმავლობაში შედგენილ კრებულს.

მკვლევარები ასევე მიუთითებენ, რომ ჟურნალში ყოველდღიური ნიშნების დაწერის პრაქტიკა უნდა აღიკვეთოს. ხოლო სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს აღრიცხვის ბარათის საყოველთაო ნიმუში. მოსწავლეთა შესახებ ჩანაწერები აგრეთვე შეიძლება უფრო სრულად იქნეს შეტანილი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების (EMIS) მონაცემთა ბაზებში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მოსწავლეებისა და მათი სწავლის მონიტორინგს.

ამასთან, შესაძლებელია მეცხრე კლასში გამოცდის შემოღება მოსწავლეების დასახმარებლად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ზოგადი განათლების გაგრძელება, პროფესიული განათლების პროგრამაში ან განათლების მაღალ საშუალო საფეხურზე გადასვლა.

კვლევის თანახმად, საქართველოში აუცილებელია, შემუშავდეს სკოლის შეფასების ყოვლისმომცველი ჩარჩო. უნდა დაწესდეს მასწავლებლის პროფესიაში შესასვლელი მაღალი სტანდარტები და მასწავლებელთა დიპლომისშემდგომი სტანდარტი. საქართველომ უნდა შემოიღოს სავალდებულო საპენსიო ასაკი, რაც ხელს შეუწყობს ასაკოვანი მასწავლებლების გადინებას.

წყარო: 1tv.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური