GE

„საქართველოში STEM-ის მიმართულებას ქალების მხოლოდ 16% ამთავრებს“ – როგორია ქართულ განათლებაში გენდერული თანასწორობის ასპექტი 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მსოფლიო ბანკისა და საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა და აცხადებს, რომ გენდერული თანასწორობის ასპექტის გათვალისწინება განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით საქართველოში საყურადღებოა.

“ზოგადად, გოგოები ბიჭებზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ ეროვნულ და საერთაშორისო შეფასებებში, თუმცა, პროფესიულ და უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამებზე ჩარიცხვები გენდერული ნიშნით განსხვავებულია სხვადასხვა სფეროში. ქალები ძირითადად ამთავრებენ უმაღლესი განათლების საფეხურს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, განათლებასა და ჯანდაცვაში, რაც „ზღუდავს მათ შესაძლებლობებს ჩაერთონ მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკურ საქმიანობაში“ (მსოფლიო ბანკი, 2021)”, – წერია განათლების სამინისტროს სტრატეგიულ დოკუმენტში.

უწყების განმარტებით, 2018 წელს მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) კურსდამთავრებულთა მხოლოდ 16% იყო ქალი. თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია მამაკაცთა დაბალი ჩართულობა განათლების მეცნიერებებში.

უმაღლესი განათლებისა და კვლევის მიმართულებით, განსხვავება ქალებსა და მამაკაცებს შორის იზრდება რანგის მიხედვით: პირველი რანგის თანამშრომლების მხოლოდ 27% (პროფესორები ან ექვივალენტი) არიან ქალები (საქსტატი).

უწყება აქცენტს აკეთებს ქალების მაღალი რანგის პოზიციებზე დასაქმების საკითხზეც და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ეროვნული პოლიტიკა რომელიც აკადემიურ სფეროში გენდერულ უთანასწორობას აღმოფხვრაზე კომპლექსურად იმუშავებდა.

“გენდერული მეინსტრიმინგისა და გენდერული თანასწორობის პერსპექტივიდან მონაცემების დამუშავება და ანალიზი რეგულარულად არ მიმდინარეობს პროფესიული და უმაღლესი განათლების სტუდენტებსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალსა (ან მასწავლებლებსა) და მკვლევრებზე. მაღალი რანგის პოზიციებზე ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი, რაც ერთი მხრივ გამოწვეულია, იმით რომ არ არსებობს ეროვნული პოლიტიკა რომელიც აკადემიურ სფეროში გენდერულ უთანასწორობას აღმოფხვრაზე კომპლექსურად იმუშავებდა და მეორე მხრივ ქალის გენდერულ როლთან დაკავშირებული სტერეოტიპებით, რომლებიც გავლენას ახდენს როგორც პროფესიის არჩევაზე, ასევე ქალების კარიერულ ზრდაზე”, – ვკითხულობთ სამინისტროს დოკუმენტში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური