GE

სარიტუალო მოტივების გამო ბავშვებზე ფიზიკური ზემოქმედება აიკრძალება

სარიტუალო მოტივების გამო, ბავშვებზე ფიზიკური ზემოქმედების აკრძალვა „ბავშვთა უფლებების კოდექსში“ იქნება ასახული. დოკუმენტს მუხლები ემატება, სადაც კონკრეტულად იქნება აღნიშნული, რომ  გოგონების წინდაცვეთა აკრძალულია.

„აკრძალულია ბავშვის მიმართ ტრადიციული რიტუალების აღსრულების მიზნით, ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელიც მოიცავს ბავშვის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ იძულებას, წამებას ან სხვა დამამცირებელ არა ადამიანურ მოპყრობას, მათ შორის გოგონების სასქესო ორგანოების დასახიჩრებას, ან ოპერაციის ან მანიპულაციის ჩატარებას რეპროდუქციის უნარის მოსაშლელად, მიუხედავად ბავშვის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობისა“, – ამბობს კანონპროექტის ავტორი, დეპუტატი სოფიო კილაძე.

მისივე თქმით, კანონპროექტში ასევე ასახული იქნება აკრძალვა ბავშვის მიმართ სამედიცინო დახმარების ან მკურნალობის ისეთი მეთოდების გამოყენებაზე, (მათ შორის აქტიური ბიოლოგიური მეთოდების, შოკური, კრუნჩხვითი და სხვა,) რომელიც მოიცავს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ იძულებას და ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

ბავშვების წინდაცვეთის ფაქტები აღმოსავლეთ საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაფიქსირდა, ტრადიციული მოსაზრებების მოტივით, ოჯახები აცხადებდნენ, რომ შინაურ პირობებში გოგონებს სასქესო ორგანოებზე ოპერაციას უკეთებდნენ. ფაქტების გამოვლენის შემდეგ იუსტიციის მინისტრი აცხადებდა, რომ ქმედება კანონმდებლობაში აისახებოდა და გოგონებზე ზემოქმედება დასჯადი გახდებოდა, თუმცა ამ ეტაპზე საკითხი უკვე „ბავშვთა უფლებების კოდექსში“ გაერთიანდა.

„ბავშვთა უფლებების კოდექსი“ ამ ეტაპზე განხილვის სტადიაშია, დეპუტატების უმრავლესობის მოწონების შემთხვევაში ის 2020 წლის 1 ივნისს უნდა ამოქმედდეს.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური